შალვა პაპუაშვილი - არსებობს „ჩიხუახუას სინდრომი“, ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ წარმოდგენილი
შალვა პაპუაშვილი - არსებობს „ჩიხუახუას სინდრომი“, ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ წარმოდგენილი

ვფიქრობ, „ლელო“ დღეს „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, „ლელო“ საინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში.

„ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა რაც არის, თუკი დააკვირდებით, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის სამი პროცენტის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს, რომ ჩამოვიდნენ ორ პროცენტამდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი, „ჩიხუახუას სინდრომი“. იცით, რომ ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა, შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს და, საბოლოო ჯამში, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ ზომასა და წონას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ განსაკუთრებით წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში ორ დეპუტატს უნდა, განსაზღვროს პარლამენტის დღის წესრიგი. თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი ჰონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ უკვე, ირონიისა და სიცილის გარდა, მგონი, სხვა ემოციას არ იწვევს. ეს ისე, ხუმრობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე ესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებს, რათა მათ „ლელოს“ ქმედებას შესაბამისი შეფასება მისცენ.

„უკვე ვნახეთ ეს პირველი ნაბიჯი პროცესის დისკრედიტაციის, რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სხვათა შორის, მე ამაზე გუშინ მქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, ახლავე მისცეს ყველამ ამას რეაქცია. როდესაც მოწოდება არის, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი და ვხედავთ, რომ პარტია „ლელო“ – ადრეც, სხვათა შორის, და ამაზე ადრეც მქონდა საუბარი – იქცევა ყველაზე რადიკალურად, ვფიქრობ, ევროკავშირმაც შესაბამისი რეაქციები უნდა მისცეს. სამწუხაროდ, როდესაც „ლელო“ რადიკალურ გზას ადგა, მათ შორის, გახსოვთ, რომ მამუკა ხაზარაძემ მანდატი დატოვა აბსოლუტური საფუძვლების გარეშე და გავიდა დემოკრატიული პროცესიდან, საპარლამენტო პროცესიდან, მათ კვლავ ჰქონდათ ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტში შეხვედრები და მაშინაც ვამბობდი, რომ ამით ხდება წახალისება რადიკალიზმის. აი, შედეგს ვხედავთ კიდევაც. სწორედ ამ წახალისების შედეგია, რომ ფიქრობენ, ორი დეპუტატით დღის წესრიგი უნდა შექმნან პარლამენტში. 2022 წელს ასეთი სასაცილო პოზიცია ჰქონდა „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ბოლოს თავად ოპოზიციაში გახდნენ დასაცინი ამ მიდგომის გამო. წელს ეს როლი იკისრა „ლელომ“ და ვხედავთ, მათ შორის, ოპოზიციაში, რაც არის რეაქცია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.