თეთრი სახლი - პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი მას სრულად გაამართლებს
თეთრი სახლი - პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი მას სრულად გაამართლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი მას სრულად გაამართლებს, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპის ადმინისტრაციაში წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცესს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური ეპიზოდი უწოდეს.

„დღევანდელი დღე აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური ეპიზოდის კულმინაციით. რესპუბლიკელების ვერც ერთი ხმის მოპოვებით და არამართლზომიერი მტკიცებულებების მოყვანის გარეშე, დემოკრატებმა გაიტანეს წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის უკანონო მუხლები. დემოკრატებმა აირჩიეს ეს პარტიული პროცედურა იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს არასწორი აბსოლუტურად არაფერი ჩაუდენია. მართლაც, კვირების განმავლობაში გამართულმა მოსმენებმა დაადასტურა, რომ მას არასწორი არაფერი ჩაუდენია“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დემოკრატების უსაზღვრო მტრობა დონალდ ტრამპის მიმართ აძლიერებს მათ სურვილს, გააუქმონ 2016 წლის არჩევნების შედეგები და გავლენა მოახდინონ 2020 წლის არჩევნებზე. თეთრი სახლი დემოკრატებს იმპიჩმენტის პროცედურისას მიკერძოებულობასა და დარღვევებში ადანაშაულებს.

„პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სენატი აღადგენს რეგულარულ წესრიგს, სამართლიანობასა და სამართალწარმოებას, რომლიც უგულებელყოფილი იყო წარმომადგენელთა პალატაში პროცედურის მიმდინარეობისას. ის მზად არის მომდევნო ნაბიჯებისთვის და დარწმუნებულია, რომ მას სრულად გაამართლებენ. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას ამერიკელების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად, რასაც ის თანამდებობის დაკავებიდან აკეთებს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხზე ორი ბრალდება დაამტკიცა. ამჯერად საბრალდებო დასკვნა სენატს უნდა გადაეცეს განსახილველად. სენატში პროცესს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ფლობენ, იმპიჩმენტისთვის კი, საჭიროა ხმების სულ მცირე ორი მესამედ.