თეთრი სახლი - ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსეთი ემზადება, რათა პოტენციურად შეუტიოს სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით
თეთრი სახლი - ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსეთი ემზადება, რათა პოტენციურად შეუტიოს სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით

თეთრი სახლი შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმების გამო, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა დიდ გამოწვევას უქმნის გლობალურ სურსათის მიწოდებას და არსებობს ფასების ზრდის რისკი, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.

„ჩვენ ახლა ვნახეთ რუსული თავდასხმების სამი დღე – სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები შავი ზღვის საპორტო ქალაქებზე, რაც უკრაინაზე თავდასხმის ნაწილია და მცდელობა, რომ აღადგინოს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, რაც ძლიერ გავლენას მოახდენს სასურსათო დაუცველობაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა.

დალტონმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა დაინახა მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავ ზღვაში.

„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი ემზადებიან, რათა პოტენციურად შეუტიონ სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით. ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ განიხილავდნენ ნებისმიერ სამოქალაქო გემს შავ ზღვაში სამხედრო ტვირთის შესაძლო გადაზიდად. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამით“, – განაცხადა დალტონმა.