წყნეთის ყოფილი სამთავრობო აგარაკების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა
წყნეთის ყოფილი სამთავრობო აგარაკების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წყნეთში მდებარე ყოფილ სამთავრობო აგარაკებს ელექტრონულ აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა.

ღია ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 55 710 287 ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია, შესაბამისად, ჩაიშალა.

საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე აეშენებინა სასტუმრო, ასევე მყიდველს შეეძლო, არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. განსახორციელებელი ინვესტიცია კი, არანაკლებ 20 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელი იყო.

გამოიტანს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე წყნეთში მდებარე ყოფილ სამთავრობო აგარაკებს კვლავ გასაყიდად, ჯერ უცნობია.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე არის განთავსებული.