საპატრიარქოს განცხადება

5 ივლისს ქაშუეთის ტაძართან საპატრიარქო კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით და ღვთისმშობლის პარაკლისს ჩაატარებს. განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  მათი მიზანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მათთვის მიუღებელია.

„ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას. მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისთვის მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული პირველ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.