ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში ძაღლების გასეირნება მხოლოდ საბელით ან ალიკაპით არის დასაშვები.

ახალი რეგულაცია ეხება დეკორატიული ჯიშის ძაღლებსაც და ის ძალაში 21 ნოემბერს შევიდა.

"ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბელით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით", - ნათქვამია ბრძანებაში.

აღნიშნული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემდეგ ჯარიმებს განსაზღვრავს:

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით (20 ლარის ნაცვლად);

ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.