ბერლინის კედლის დანგრევიდან 33 წელი გავიდა 

“დასავლეთი ბედნიერია, რომ გერმანია ევროპაში დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი გახდა. ეს მარტო გერმანიის გაერთიანება კი არ არის, ცივი ომი დამთავრდა” – ედუარდ შევარდნაძე.

ბერლინის კედლის ნგრევა

1961 წლიდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე დასვლეთ გერმანიას და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას 155 კმ სიგრძისა და 3.6 მ სიმაღლის კედელი ჰყოფდა. კედლის აღმართვა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო, რათა გერმანიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ადამიანთა მიმოსვლა შეწყვეტილიყო. ბერლინის კედელს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთ, ჩაკეტილი გერმანიიდან, რომელიც დასავლეთით, განვითარებისკენ მიისწრაფოდა.

ბერლინის კედლის მშენებლობა ორი სამხედრო ბლოკის ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის დაპირისპირების შედეგია. ცივი ომის სიმბოლო – ბერლინის კედელი 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქალაქეებს საზღვრის დასავლეთით გადაკვეთის ნება დართო.

აღსანიშნავია, 1987 წლის 12 ივნისი. აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ლეგანდარული გამოსვლა, სადაც მან სსრკ-ის ბოლო პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევა სთხოვა.

“გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობას, კეთილდღეობას და ლიბერალიზაციას ესწრაფვით, მოდით და გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი ,” – მიმართა რეიგანმა გორბაჩოვს.

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, 1990 წლის 3 ოქტომბერს, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა. ბერლინის კედლის დანგრევამ კი “დომინოს პრინციპით” კომუნისტური რეჟიმები ერთმანეთის მიყოლებით დაამხო.

ბერლინის კედლის მცირე ფრაგმენტი, რომელზეც საბჭოთა კავშირის ცეკას მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი ერიკ ჰონეკერია გამოსახული, როგორც წარსულის სიმბოლო, დღეს ბერლინის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული სანახაობაა.

ცნობისთვის, საქართველოს 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ბერლინის კედლის დანგრევასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე არ მიიწვეს. საინტერესოა, ამ თემაზე საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის კომენტარი. მისი 12 წლის წინანდელი ინტერვიუდან ამონარიდი ჟურნალისტ შორენა პაპაშვილის ვიდეოარქივში მოვიპოვეთ.

სსრკ-ის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს ბერლინის კედლის დანგრევასა და გერმანიის გაერთიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ბერლინის კედლის მცირე ნაწილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ინახებოდა.

ედუარდ შევარდნაძე იხსენებს, რომ გერმანიის ბევრ მოქალაქეს გაერთიანება არ უნდოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ეგონათ, გაერთიანებულ გერმანიაში უფრო ცუდად იცხოვრებდნენ, ვიდრე საბჭოთა გერმანიაში.

“დასავლეთი ბედნიერია, რომ გერმანია ევროპაში დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი გახდა. აღსანიშნი მარტო გერმანიის გაერთიანება კი არ არის, ცივი ომი დამთავრდა”, – ამბობს იგი.

ედუარდ შევარდნაძის თქმით, რკინის კედლები საქართველოშიც არსებობს და ამ კედლების დანგრევაში ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, ევროპა საქართველოს მაგივრად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მათავარია კაცობრიობის წინაშე დანაშაული არ ჩავიდინოთ”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

სალომე ხომასურიძე

 


პოდკასტი