ხევსურეთში ათენგენობას აღნიშნავენ

ათენგენობას ხევსურეთში წელსაც განსაკუთრებულად ხვდებიან. დღესასწაულს ხევსურეთის თითქმის ყველა სოფელში აღნიშნავენ.

საყოველთაო მოსაზრებით, ათენგენობას, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან იწყება,  მეტი საერთო აქვს წარმართობასთან, ვიდრე ქრისტიანობასთან, თუმცა, დღესასწაული წამებული  მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის სახელთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ოდესღაც, დღევანდელი თურქეთის, ანუ ბიზანტიის ტერიტორიაზე (სებასტიაში, 311 წელს) ცხოვრობდა ეპისკოპოსი ათინოგენე, რომელიც ქრისტიანობისთვის აწამეს – დაწვეს.

წმ. ათინოგენე სებასტიელი (მინიატურა ივერთა მონასტრიდან).

როგორ ააღწია წმინდანის თაყვანისცემამ ხევსურეთში, არავინ იცის, მაგრამ, ცხადია, რომ აქ ათენგენობას იმ დროიდან ზეიმობენ და  შესაწირი იმ სალოცავებში მიაქვთ, რომლებიც არა ათინოგენეს, არამედ სხვადასხვა წმინდანის სახელზეა აგებული. ათენგენობა საქართველოსა და სომხეთში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ის მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან 98-ე დღეს, ივნის-ივლისის თვეებში იმართება.

დღესდღეობით, ათენგენობა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია შემორჩენილი. ხევსურეთში და ხევში მას ათენგენობას, თუშეთში – ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს ეძახიან, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და ა. შ.), თუმცა, დღეს მთიელთა ათენგენობას სახელწოდების გარდა თითქმის აღარაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ დღესასწაულთან, ეს არის ტიპობრივი ხალხური დღესასწაული.

მაგალითად, ჩეჩნეთის საზღვარზე, ხევსურეთის ყველაზე მაღალ სოფელ ხონეში, შეთეკაურები ათენგენობას მიქაელ მთავარანგელოზის ხატში ადიან სალოცავად. ამ დღეს პირუტყვის შეწირვას ქრისტიანობასთან ნაკლები საერთო აქვს, თუმცა, ამაში დიდი როლი, სავარაუდოდ, ქრისტიანობის იმ დევნას უდევს, როდესაც ბევრი ქრისტიანული წესი ირღვეოდა. ათენგენობის ყველა რიტუალსაც, ისევე როგორც საუკუნეების წინ, ახლაც ხევისბერები ასრულებენ.

ხევსურების სიკეთისა და პატივისცემის ამბავი სტუმრის მიმართ ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ ამ დღესასწაულზე ეს ერთიორად არის გამძაფრებული. ამ დროს ხევსურეთის ნახვა უდიდესი სიამოვნებაა. დღესასწაულზე ხატებთან  უამრავი ადამიანი იკრიბება, ყველგან სუფრაა გაშლილი, ხუცესები “ხუცობენ”, და რაც მთავარია, ამ დღეს, ტრადიციულ საჭმელებთან ერთად, ხევსურული ლუდის დაგემოვნებაა შესაძლებელი.