ოსური "უშიშროება" საქართველოს მოქალაქეს ნარკოკონტრაბანდაში ადანაშაულებს

15-12-2021 21:11:40 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდაში ადანაშაულებს.

საუბარია 9 დეკემბერს დაკავებულ გორელებზე - კახაბერ ნათაძესა და ვლადიმირ ქანიაშვილზე.

«პირადი ჩხრეკისას ერთ-ერთ დამრღვევს 1 გრ-მდე მარიხუანა აღმოაჩნდა. 15 დეკემბერს დაკავებულთა მიმართ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის მუხლებით საქმეები აღიძრა», – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალი დუმილს ინარჩუნებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ყოფილი სამხედროს მამუკა ჩხიკვაძის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც დე ფაქტო უშიშროების განცხადებაშია აღნიშნული, «პირებს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სამხრეთ ოსეთის, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე სირიის წინააღმდეგ ბრძოლებში, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი სამხედრო დანაშაულების გამო, განურჩევლად დანაშაულის სიძველისა, სათანადოდ დაისჯებიან».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები