„ოკუპანტები პოზიციების დასაზვერად უკრაინელ ბავშვებს იყენებენ“ – უკრაინის უშიშროება

11-04-2022 16:38:57 ევროპა

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსი ოკუპანტები სამხედრო პოზიციების დასაზვერად უკრაინელ ბავშვებს იყენებენ.

უწყება რამდენიმე ფაქტს ასახელევს:

„ხარკოვში ოკუპანტებმა ტელეგრამის–მესინჯერის მეშვეობით დაამყარეს კონტაქტი არასრულწლოვან ბიჭთან და ფულს დაჰპირდნენ ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. იმავდროულად, ლუგანსკის რეგიონში, ორი რუსი ჯარისკაცი ღიად მოქმედებდა: მათ 16 წლის ბიჭს ფული შესთავაზეს უკრაინის ჯარების ადგილმდებარეობისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციისთვის. ბიჭი შეშინდა, მაგრამ დაამშვიდეს: „არასრულწლოვანი ხარ და არაფერი დაგემართებაო“.

უწყების ცნობით, უშიშროების ძალების დროული ჩარევის წყალობით, ბავშვებმა ოკუპანტებისთვს ინფორმაციის გადაცემა ვერ მოასწრეს.

მანამდე უკრაინის დაზვერვა იუწყებოდა, რომ ოკუპანტები სამხედრო კოლონების მსვლელობისას უკრაინელ ბავშვებს ფარად იყენებენ და რომ მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა სუმში, კიევსკაიაში, ჩერნიგოვში, ზაპოროჟიეში:

„ბევრი შემთხვევაა, როცა საოკუპაციო ძალები უკრაინელ ბავშვებს სამხედრო შეიარაღებისთვის ცოცხალ ფარს იყენებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ნოვი ბიკოვში (ჩერნიგოვის რეგიონი) რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი ბავშვები მძევლად აიყვანეს და სატვირთოებში ჩასვეს. ამ ქმედებების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ სამხედრო აღჭურვილობის კოლონას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლება".

როგორც აღინიშნა, მსგავსი ტაქტიკა ერთგვარი გარანტიაა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მტრის გადაადგილების შესახებ კოორდინატები უკრაინის ძალებს არ გადასცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები