ოსური ე.წ უშიშროება „სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეიარაღებული შეტაკების საფრთხის“ შესახებ იუწყება

08-11-2019 15:27:46 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება „საშიში ტენდენციაზე, რომელიც საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სოფელ წნელისის მონაკვეთი ოპერატიული ვითარების მკვეთრ ცვლილებას უკავშირდება“, თავად ეს ცვლილება კი, დე ფაქტო უწყების მტკიცებით, გამოწვეულია „ქართული ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უსაფუძვლო გამოყენებას, თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით დაზვერვის წარმოებას, ქართული საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების ჩორჩანას, ყობისა და კოდას ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლას სამხრეთ ოსეთის მიმართ უსაფუძვლო პროვოკაციული ბრალდებების წარსადგენად, ასევე საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემატიური დეზინფორმირების მიზნით“. 

„კერძოდ, 7 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 12:00 სთ–ზე დასახლებულ პუნქტ ყობიდან, ქართული პოლიციის დამატებითი ძალების ადგილიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 5–6 ცალკეული გასროლა და მოკლე ავტომატური ჯერი განხორციელდა. ხოლო დრეს, 8 ნოემბერს, 07:30 სთ–ზე წნელისის დასავლეთით მდებარე 903.2 სიმაღლის მხრიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო საგუშაგოს უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, 7–8 გასროლა განახორციელეს.  მსხვერპლი და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები არ გამოვლენილა. დღესვე, ორი საათით ადრე, კერძოდ, 05:30 სთ–ზე  ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ კოდადან მცირეგაბარიტიანი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენა დაფიქსირდა, რომელმაც გარკვეული ხნის განმავლობაში სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ იფრინა, ხოლო შემდეგ დასახლებულ პუნქტ აბანოს მიმართულებით გაუჩინარდა.

მანამდე ორი დღის ადრე 6 ნოემბერს საქართველოს შსს–ს წარმომადგენლებმა სცადეს, ეიძულებინათ დასახლებულ პუნქტ ჩორჩანას მაცხოვრებლები, კოდას მოსახლეობის მსგავსად დაჰხმარებოდნენ მათ იმ ინსცენირების რეალიზებაში, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე ოსური სადაზვერვო ჯგუფი იყო გადასული. თუმცა ჩორჩანას მოსახლეობამ ქართველ ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწია და ვითარების ხელოვნური დაძაბვის მცდელობაში დაადანაშაულა. 

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებთან დაკავშირებით იძულებულები ვართ, მოვახდინოთ კონსტატაცია ე.წ. წნელისის კრიზისის განვითარებისა, რომელიც ქართული სპეცსამსახურების მიერაა ინსპირირებული და მისი სახელმწიფო სასაზღვრო ხაზზე შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხეზე გავამახვილოთ ყურადღება. ამ ვითარებაში გაუგებარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების პოზიცია: ისინი არა მარტო არ აკონტროლებენ თბილისის რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფების მოქმედებას, არამედ ფაქტობრივად ახალისებენ მათ პროვოკაციულ და დესტრუქციულ საქმიანობას, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციაში მიმართული, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, „აქცენტს“ სუს–ში შემდეგი განუცხადეს:

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება და სიმართლეს არ შეესაბამება“.

საქართველოში ევროკავშირის მისიია დე ფაქტო უშიშროების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე "დამატებითი კომენტარის "გაკეთებისგან თავს იკავებს.

"მისია არ აკეთებს დამატებით კომენტარს გარდა იმ პრეს–პრელიზისა, რომელიც ჩვენს ვებ–გვერდზე გუშინ გავავრცელეთ. ამასთან, მისია არის სრულიად მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება მის მუშაობას", – განუცხადეს "აქცენტს" მისიაში.  

ცნობისთვის: ორი დღის წინ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მხრიდან სროლის შესახებ სუს–მა "დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება" უწოდა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არ ადასტურებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 5 ნოემბერს კოდის მახლობლად ქართული მხრიდან სროლა დააფიქსირეს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მისია 24 საათის რეჟიმში არის წარმოდგენილი და 5 ნოემბერს, კოდის მახლობლად რამდენიმე პატრული ჰყავდა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს არ დაუდასტურებიათ არც ერთი გასროლა. ადგილობრივებთან მისიის გამოძიების ბოლო მონაცემებზე და საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, მისიას არ აქვს მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ზონაში სროლის შესახებ ინფორმაცია დაადასტუროს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები