პროკურორი: ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდამსხმელები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ

25-09-2023 17:15:59 საზოგადოება ,სამართალი

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა მათი დაკავება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ექვსი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევაზე მსჯელობდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესის შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებთან იგივე გაიმეორა, თუმცა არ დაუზუსტებია კონკრეტული პირების ვინაობა. საუბარია სამ ადამიანზე.

"საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა ის, რომ ბრალდებულები სავარუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც იქნენ შეჩერებულები",– განაცხადა პროკურორმა და დასძინა, "ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობდა და არსებობს მიმალვის საფრთხე".

მისი თქმით, "საქმის ამ ეტაპზე შესაბამისი სტანდარტით არის დადასტურებული, რომ სწორედ ბრალდებულების მიერ არის ჩადენილი" თავდასხმა. გამოძიება გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და სხვა ბრალდებულების გამოსავლენად.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებულები თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მაგრამ არა დაზარალებულები.

თავდასხმა ეძგვერაძესა და მის მეგობრებზე გლდანში, პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლთან 22 სექტემბერს მოხდა. ეძგვერაძის და ასევე სხვა დაზარალებულების ცნობით, თავდასხმაში 20–ზე მეტი პირი მონაწილეობდა. პოლიტიკოსი აღნიშნულს მის პოლიტიკურ საქმიანობას და იმავე დღეს თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს – დაპირისპირებას საკრებულოს უმრავლესობის წევრ კოტე ზარნაძესთან.

23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე შსს-მ 6 პირი დააკავა. დაკავებულები არიან: მირიან სვანიძე, გიორგი ქიშმარია, ტატო ხუნდაძე, ელგუჯა ჩოხელი, ლაშა ამირანაშვილი და ბექა ავსაჯანაშვილი.

„ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები: „კახი კალაძის მონები ხართ“, „სადამსჯელო რაზმი ხართ“. ამასთან, დედაჩემს რომ ასე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა.

მე ვარ თანამდებობის პირი და შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამიტომ უნდათ ამის გამოყენება პოლიტიკურად“, - განაცხადა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლოს სხდომაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები