ორმაგი სათბური

სათბური, ენერგოეფექტური, სათბურები

ორმაგი სათბური ახალი სასათბურე ტექნოლოგიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ვრცელდება. ორმაგი სათბური მიეკუთვნება ენერგოდამზოგავი ანუ ენერგოეფექტური სათბურების კატეგორიას.

მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ტიპის ენერგოდამზოგავი სათბურები როგორიცაა: მიწისქვეშა სათბურები, აგურის მყარკედლიანი სათბურები, პოლიკარბონატის სათბურები და ორმაგი სათბურები. ენერგოეფექტური სათბურების ენერგოეფექტურობა მარტივ ერთფირიან სათბურებთან შედარებით 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.

ჩემი გამოანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ენერგოდამზოგავი სათბურების გამოყენებით 1 ჰა ფართობზე, მარტივ სათბურთან შედარებით შესაძლებელია 70 000 – 100 000 ლარის ეკონომიის გაკეთება სათბურის გათბობაზე 1 წლის განმავლობაში. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური აგრეთვე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სათბურების დიდი ნაწილი მიეკუთვნება არაენერგოეფექტურ სათბურებს. ასეთი ტიპის სათბურებში ბოსტნეული კულტურების მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში.

საქართველოში დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და მარტის თვეებში, რომ მივიღოთ მარტივ სათბურებში ბოსტნეული კულტურების პროდუქცია, ამისათვის საჭირო არის სათბურის გასათბობად სერიოზული ენერგეტიკული დანახარჯები, ამიტომ ამ დროის განმავლობაში ასეთი ტიპის სათბურებში ბოსტნეული კულტურების მოყვანა ხშირად არარენტაბელური არის. ეს ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ საქართველო ზამთრის განმავლობაში იმპორტირებულ ბოსტნეულს მოიხმარს.

საქართველოს კლიმატური პირობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზამთრის განმავლობაში ადგილზე ვაწარმოოთ ბოსტნეული კულტურების საჭირო რაოდენობა და ექსპორტშიც სერიოზული შედეგები გვქონდეს, ამის პოტენციალი საქართველოს გააჩნია.

საქართველოში ენერგოეფექტური სათბურების გავრცელება ხელს შეუწყობს ბოსტნეული კულტურების წარმოების გაზრდას, რაც თავის მხრივ ათასობით ადამიანს დაასაქმებს და გააძლიერებს ეროვნულ ვალუტას.

საქართველოში ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე შემოდის ახალი ქარხნული წარმოების სასათბურე ტექნოლოგიები, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არაენერგოეფექტურია და კონსტრუქციულად არ არის ჩამოყალიბებული საქართველოს კლიმატური პირობებისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურში ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება არის დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოების ტექნოლოგიების კვლევა.

პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კვლევითი მუშაობის შედეგად სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის და შულავერის ბაზრებზე, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე განლაგებული სათბურების გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა ის პრიორიტეტული სასათბურე ტექნოლოგიები, რომლებსაც საქართველოში მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია. ჩემს მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული დასკვნები გამოქვეყნებული იქნა სტატიების სახით: მარტივი და ენერგოეფექტური სათბურები და ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოების განვითარების პერსპექტივები საქართველოში. სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო გადაცემებში ჩემი მონაწილეობა, აგრეთვე ბეჭდური და ელექტრონული საგაზეთო სტატიები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მობილურ ექსტენციებში ფერმერებთან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩემი მონაწილეობით მოიცავდა ზემოთხსენებულ თემებს, რათა საქართველოში უფრო ამაღლდეს ცნობადობა ენერგოეფექტური სასათბურე ტექნოლოგიების მიმართ.

ორმაგი სათბურების ენერგოეფექტურობას განაპირობებს მისი კონსტრუქციული თავისებურება მარტივ სათბურთან შედარებით. თუ მარტივ თაღისებრ სათბურებში გვაქვს ერთი სასათბურე კონსტრუქცია და ერთი სასათბურე ფირი, ორმაგ საბურში გვაქვს ორი სასათბურე კონსტრუქცია და 2 სასათბურე ფირი. ეს იგივეა, რაც სათბური სათბურში და სწორედ ასეთი კონსტრუქციული სხვაობა განაპირობებს მის მაღალ ენერგოეფექტურობას მარტივ სათბურთან შედარებით.

სათბური, ენერგოეფექტური, სათბურები

სურათი 1. ორმაგი სათბური (წინა მხარე)

სათბური, ენერგოეფექტური, სათბურები

სურათი 2. ორმაგი სათბური (გვერდითი მხარე)

ორმაგი სათბურები განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ სხვა ტიპის ენერგოეფექტურ სათბურებთან შედარებით იაფია, მეორე ის, რომ ამ სათბურებში უფრო მეტი განათების მიღებაა შესაძლებელი მიწისქვეშა და აგურის მყარკედლიან სათბურთან შედარებით, მესამე რაც მთავარია ამ სათბურებში შესაძლებელია კარგი ვენტილაციის მიღება, კონსტრუქციულად მტკიცეა, საიმედოა ქარისგან და თოვლისგან დაცვის მიზნით. სურათი 2.

2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, კონკრეტულად ჩემს მიერ შემუშავებული იქნა საქართველოსთვის ორმაგი სათბურების 3 სხვადასხვა სიმაღლის მქონე სათბურის კონსტრუქციული ნახაზი.

ესენია:

I – დაბალი ორმაგი სათბური;
II – საშუალო სიმაღლის ორმაგი სათბური;
III – მაღალი ორმაგი სათბური

I –  დაბალი ორმაგი სათბური ნახ. 1.

ამ სათბურის სიგანე 8 მეტრია. სათბურის გარე კონსტრუქციის სიმაღლე 3,4 მეტრია. სათბურის შიგნითა კონსტრუქციის სიმაღლე 2,9 მეტრია. დაშორება სათბურის შიდა და გარე კონსტრუქციებს შორის 0,5 მეტრია.

ასეთი ტიპის სათბურები მისაღებია ისეთი მცენარეული კულტურების მოსაყვანად როგორიცაა: მარწყვი, მწვანილი, სალათა, ყვავილები, წიწაკა, ბადრიჯანი, დაბალმოზარდი საპარკე ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჩითილები, ნერგები და სხვა.

სათბური, ენერგოეფექტური, სათბურები

II – საშუალო სიმაღლის ორმაგი სათბურები ნახ. 2.

ამ სათბურის სიგანე 9 მეტრია. სათბურის გარე კონსტრუქციის სიმაღლე 3,9 მეტრია. სათბურის შიგნითა კონსტრუქციის სიმაღლე 3,4 მეტრია. დაშორება სათბურის შიდა და გარეთა კონსტრუქციებს შორის 0,5 მეტრია. ასეთი ტიპის სათბურებში შესაძლებელია: კიტრის, პომიდვრის, მაღალმოზარდი საპარკე ლობიოს, საზამთროს, ნესვის, ჟოლოს და სხვა მცენარეული კულტურების გასაშენებლად.

სათბური, ენერგოეფექტური, სათბურები

III – მაღალი ორმაგი სათბურები ნახ. 3.

ამ სათბურის სიგანე 10 მეტრია. ასეთი ტიპის სათბურის გარეთა კონსტრუქციის სიმაღლე 5,2 მეტრია, შიგნითა კონსტრუქციის სიმაღლე 3,7 მეტრია. დაშორება შიგნითა და გარეთა კონსტრუქციებს შორის 0,5 მეტრია. ასეთი ტიპის სათბურებში შესაძლებელია: კიტრის, პომიდვრის, მაღალმოზარდი ლობიოს, საზამთროს, ნესვის, ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის, ჟოლოს და სხვა მცენარეული კულტურების მოსაყვანად.

სათბური, ენერგოეფექტური, სათბურები

უნდა აღინიშნოს რომ ორმაგი სათბურები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ჰიდროპონიკის პირობებში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად.

ორმაგი სათბურები აგრეთვე შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩირების საშრობად, მეფრინველეობაში, ხის მასალის ფიცრის საშრობად, თევზების ხელოვნური ტბორებისათვის ნათელი და თბილი გარემოს შესაქმნელად, სხვადასხვა სათავსოდ და სხვა დანიშნულებისათვის.

ჩემს მიერ შემუშავებული 3 სხვადასხვა სიმაღლის ორმაგი სათბურის ნახაზები წარუდგინე სათბურის მწარმოებელ კომპანიებს და მათ გამოთქვეს მზაობა, რომ საქართველოსთვის ეს სასათბურე პროექტები დამზადდება და ფერმერებს უკვე შეუძლიათ მათი შეკვეთა. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ყველა ეს სათბურები ქარხნული წარმოებისაა და სათბურის კონსტრუქცია უჟანგავი ლითონის გალვანური დაფარვით არის მიღებული.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დარგის სპეციალისტის რეკომენდაციაა, როგორც სახელმწიფო, აგრეთვე არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ვინც ჩართულია საქართველოში სასათბურე პროექტების განვითარებაში, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ ენერგოეფექტური სასათბურე ტექნოლოგიების გავრცელებას, რადგან ბოსტნეული და სხვა მცენარეული კულტურების ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდა ზემოთხსენებულ სასათბურე ტექნოლოგიურ პირობებში მაქსიმალურად აითვისებს ადგილობრივ ბაზარს და ექსპორტსაც განავითარებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური და პირადად მე განვაგრძობ ფერმერების, აგრობიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციებს სხვადასხვა აგროტექნოლოგიურ საკითხებში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ ტელეფონით, ელ-ფოსტის მისამართზე ან პირადად  გვეწვიონ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში.

ავტორი: ფრიდონ სანაია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ს.ს.ი.პ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 577 38 72 47; ელ.ფოსტა: pridonsanaia@srca.gov.ge

თქვენი რეკლამა