მამუკა არეშიძე – “პეროვსკაია უცხოელებმა აიკლეს, პატრული კი ვერაფერს ეუბნება!”

მამუკა არეშიძე - "პეროვსკაია უცხოელებმა აიკლეს, პატრული კი ვერაფერს ეუბნება!"ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით “ახალ თაობას” ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დამძიმდა კრიმინოგენური ვითარება. ”რასაკვირველია, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, იმის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ზედმეტი ჰუმანიზმიც არ ვარგა”, – ამბობს ექსპერტი.
– ერთი უკიდურესობიან მეორეში გადავვარდით?
– დიახ, მეორეში გადავვარდით. რატომ ხდება ეს ამბავი? ჰუმანიზმის გამო, საკანონმდებლო არასრულყოფილების გამო, თუ იმის გამო, რომ არაპროფესიონალიზმია სამართალდამცავ ორგანოებში? მე ვთვლი, რომ ყველაფერი ერთად. მე გადავხედე მაღალჩინოსნებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, აქ ხდება ის, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო.
– ანუ?
– აქ არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც შეიძლება კარგი ადამიანები არიან და დიდი პერსპექტივაც აქვთ, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ისინი ისეთი დონის პროფესიონალები არიან, როგორიც უნდა იყვნენ. თანამშრომელთა ერთი ნაწილი დაკავებულია მხოლოდ აგენტურასთან მუშაობით და გამოძიებაც ამ დონეზე ჰყავს დაყვანილი. ვინც მოიტანს ჩვენებას, ვინც მოიტანს ამბავს, იმ ამბავს გეუბნებიან. სხვა საქმეები წლობით არის ჰაერში გამოკიდული. ეს ყველაფერი არის არაპროფესიონალიზმის ბრალი და ასევე ზევიდან კონტროლის შემცირების ბრალი.
– ახალი სტრუქტურა შეიქმნა შს სამინისტროში, პოლიციელების საქმიანობის შესასწავლად.
– მივესალმები ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გაამართლებს. ჩემი რჩევა იქნება ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალოვანი უწყების გენინსპექცია გამოვიდეს სამინისტროების შემადგენლობიდან და დაექვემდებაროს პირდაპირ პრემიერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ხშირ შემთხვევაში იქ ნაცნობ-ახლობლობის ინსტიტუტი მუშაობს და არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი არაკეთილსინდისიერი მიდგომა დაუსჯელი რჩება.
– კოჰაბიტაციაზე რას იტყვით, რამდენად არის ამ პრობლემის შემადგენელი ნაწილი?
– შეიძლება არის. ამის მოსმენაც კი უკვე მობეზრდა საზოგადოებას. ის, რომ ამდენი იარაღი დასეირნობს ქვეყანაში, კოჰაბიტაციის შედეგია, ქურდული სამყაროს გაძლიერების შედეგია თუ არაპროფესიონალიზმის შედეგია, ეს ხალხს არ აინტერესებს. პასუხს სთხოვს მხოლოდ ერთ სტრუქტურას, ეს არის მთავრობა! თვითონ მთავრობამ და “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა კოჰაბიტაცია. დაუშვა და ყველაფერზე პასუხისმგებელიც თვითონ არის!
– უფრო ხისტი უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებების ქმედებები?
– კანონი უნდა კანონობდეს! კანონი მარტო დამნაშავეთა დასჯას არ გულისხმობს. კანონი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კანონის მიხედვით მოქმედებას. კანონის მიხედვით მოქმედება კი პოლიციაში ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაობით მიღებულმა ახალგაზრდამ ხშირად არ იცის.
სამწუხაროდ, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც კანონი ყოველთვის უზენაესი იქნება, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ეს ამბავი არ მაინტერესებს, კანონს ბოლომდე იცავენ თუ არ იცავენ. ჩემი პოზიციაა, რომ უნდა დაიცვან! არ შეიძლება სამსახურში მიიღო ადამიანი, რომლის კვალიფიკაცია სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. არის სხვა სერიოზული პრობლემაც.
– რა პრობლემას გულისხმობთ?
– მე ვხედავ სერიოზულ კორუფციულ ნიშნებს ზოგიერთი საქმის გამოძიების შემთხვევაში. კორუფცია აჩენს საპირისპირო რეაქციას – დაუსჯელობის სინდრომს. ბევრი გასამართლებულიც კი, დამნაშავეს ვგულისხმობ, გავიხედავ და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ქუჩაშია. აი, ასეთი ვაქხანალიაა.
– ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში კარგი მოლოდინები იყო. ვერც მან გაამართლა?
– გახარიას მოსვლის შემდეგ მეც კარგი მოლოდინები გამიჩნდა, რადგან საკმაოდ არაორდინალური სვლები გააკეთა თავშივე. მე არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ თვითონ გახარიას ჰყავდეს მეხუთე კოლონა სამინისტროში, რომელიც სარგებლობს იმით, რომ მას დიდი გამოცდილება არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის და ხელოვნურად უქმნის პრობლემებს, როგორც ხელისუფლებას, ასევე პირადად მინისტრს.
გახარიას მართებს დღე და ღამის გასწორება იმისთვის, რომ სიტუაცია შეცვალოს. ის, რასაც დღეს უშვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხვალ მოუბრუნდება ბუმერანგივით, უაღრესად უარყოფითად ხელისუფლებას. სამინისტროში ადრე ზემდგომი ქვემდგომს ბევრად უფრო კვალიფიციურად თხოვდა პასუხს. დღეს ეს აღარ არის, იმიტომ, რომ ზემდგომიც არაპროფესიონალია. რა ხდება, იცით? სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობა ჩვენს დროში გახდა თავის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება.
– სადამდე მიიყვანს ქვეყანას შექმნილი ვითარება?
– ქაოსი დაიწყება ქვეყანაში, ამის ნიშნები უკვე არის. ეს არის ძალიან ცუდი. არ ხდება დანაშაულის პრევენცია, წინასწარ მოკვლევა, ეს ხომ საგამოძიებო უწყებების ანა-ბანია?! მოშლილია ყველაფერი.
კიდევ ერთი მომენტი გაჩნდა – ხელშეუხებლობით სარგებლობენ უცხოელები საყოფაცხოვრებო კონფლიქტის დროს. უცხოელს თუ იჭერენ, იჭერენ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის და ნარკოტიკებისთვის. სხვა შემთხვევაში არა. როგორც პეროვსკაიას ქუჩაზე მაცხოვრებელი გეუბნებით, აიკლეს იქაურობა! ჩხუბი და დავიდარაბაა ყოველდღე. მოდის პატრული და, სამწუხაროდ, ვერაფერს აკეთებს.
– ბერკეტი არ აქვს?
– კანონის თვალსაზრისით როგორ არ აქვს, მაგრამ, ეტყობა, ზემოდანაა ბრძანება მიცემული, რომ უცხოელებს არ შეეხონ. ისინიც თავგასულები არიან. თუმცა ეს ერთი პატარა სეგმენტია საერთო კრიმინოგენური ვითარებისა. არის კიდევ ერთი სეგმენტი.
– რომელი?
– ქურდული ინსტიტუტის რეანიმაცია! კანონს ვამკაცრებთო. ეს კანონი ქაღალდზე კი არ უნდა დარჩეს, რეალურად უნდა კანონობდეს.
– ანუ რასაც ოპოზიცია უკიჟინებს, რომ ქურდული მენტალიტეტი დააბრუნეს ქვეყანაში, ამას თქვენც იზიარებთ?
– აი, მანდ არის საქმე. ოპოზიცია უკიჟინებს, როგორც შემდგარ ფაქტს და მე ვამბობ, როგორც პერსპექტიულ ფაქტს. ამ მდგომარეობით, გეუბნებით, რომ ხვალ თუ ზეგ დაბრუნდება. ჯერ არ დაბრუნებულა, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ ავტორიტეტები არ არიან ქვეყანაში, რადგან ეს არის ღარიბი ქვეყანა და აქ ფულს ვერ იშოვიან. თუმცა ახალგაზრდობაში ეს ტენდენცია გაჩნდა. მიდის საქმის გარჩევები, ვიღაცა საბერძნეთიდან ჩაერთვება სკაიპით და ვიღაცა – იტალიიდან. ასეთი მოვლენები, რასაკვირველია, არის და საკმაოდ ხშირიც.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა