30 იანვარს თბილისში 125 რესტორანი გატანის სერვისს წყვეტს

30 იანვარს თბილისში 125 რესტორანი გატანის სერვისს წყვეტს30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, 30 იანვარს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, აღნიშნული ნაბიჯი მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც რესტორნები არ იხსნება.

„იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს, რომ ისევ დამუხრუჭდეს სფერო, ეს ნიშნავს, რომ რეალურად სფერო ნადგურდება. ხვალ 15:00 საათზე იმართება აქცია, რომელსაც შეუერთდება სტუმარ-მასპინძლობის სფერო და ასევე გადავწყვიტეთ, შაბათს მთლიანად გავაჩეროთ სარესტორნო მომსახურება. ამით გვინდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, როგორი შეიძლება იყოს რესტორნების გარეშე რეალობა. გვინდა ეპიდემიოლოგებს გავაგებინოთ, რომ ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება, ხოლო სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

იპნ