სასამართლომ რევაზ უბილავას ქურდული სამყაროს წევრობა ვერ დაუმტკიცა – სხვა ბრალდებით მას 3 წელი მიესაჯა

სასამართლომ რევაზ უბილავას ქურდული სამყაროს წევრობა ვერ დაუმტკიცა - სხვა ბრალდებით მას 3 წელი მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო ქართველი „კანონიერ ქურდი“, რევაზ უბილავა, რომელიც გასული წლის 13 მაისს კრიმინალურმა პოლიციამ წალენჯიხაში დააკავა.

მას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა. მოსამართლემ ბრალდებული ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო და ქურდული სამყაროს წევრობის ნაწილში გაამართლა, ვინაიდან მიიჩნია, რომ გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა, საზღვრის უკანონო კვეთის ნაწილში კი რევაზ უბილავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 9 თვე უკვე მოხდილად ჩაეთვალა.

გაირკვა, რომ უბილავამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე წლის წინ უკანონოდ, სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთა და უკრაინაში არალეგალურად აღმოჩნდა. გასული წლის მაისში კი საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაბრუნდა, როდესაც „კანონიერი ქურდი“ წალენჯიხაში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

რევაზ უბილავას კრიმინალურ წრეებში „რეზო ჯვარსკის“ მეტსახელით იცნობენ. „კანონიერ ქურდად“ თურქეთში 2014 წელს „აკურთხეს“ და 21 წლის ასაკში ის „ქურდული სამყაროს“ ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა.

პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, უბილავას 2018 წელს ქურდული სტატუსი ჩამოართვეს, რასაც წინ უძღოდა კლანებს შორის არსებული დაპირისპირება.

უბილავა მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სოხუმსკი) კლანს წარმოადგენს. ეს კლანი დაპირისპირებულია ე.წ. მეგრულ დაჯგუფებასთან, სადაც მოიაზრებიან მერაბ მზარეულია, კიკო მზარეულია, გოჩა ალფასონი, თამაზ ბარკალაია, ნიკა დგებუაძე და სხვ.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს რევაზ უბილავაზე, როგორც ჯანგველაძის კლანის წევრზე, მოსკოვის ცენტრში თავდასხმა მოხდა. მაშინ რეზო „ჯვარსკი“, სულ რაღაც, 21 წლის იყო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

გავრცელდა ცნობა, რომ ამ თავდასხმის უკან სწორედ ზემოხსენებული მეგრული კლანი იდგა, კერძოდ, გაიჟღერა კიკო მზარეულიას სახელმა.

ოთხი წლის შემდეგ კი იგივე ჯგუფი რეზო უბილავას კიდევ ერთხელ გაუსწორდა და ჯანგველაძის მიერ მინიჭებული ქურდული სტატუსიც ჩამოართვა.

„რეზო ჯვარსკიმ“ ყველაზე ახალგაზრდა ქურდის ტიტული დაიბრუნა – ის წალენჯიხაში სწორედ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააპატიმრეს.

რეზო უბილავა რამდენჯერმე იყო დაკავებული, მათ შორის კიევში, ანტალიასა და ანკარაში.