ატენის სიონი

ატენის სიონი

ატენის სიონი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მდებარეობს, ატენის ხეობაში. იგი VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ტაძარი აგებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ატენის სიონი ე.წ. “ჯვრის ტიპის” ძეგლების ჯგუფს მიეკუთვნება (ძველი შუამთა, მარტვილის ტაძარი), რომელსაც მცხეთის ჯვარმა დაუდო სათავე. ამ ტიპის ნაგებობათაგან მცხეთის ჯვართან ყველაზე ახლოს სწორედ ატენის სიონია. ატენის ტაძრის მშენებელი პირდაპირ იმეორებს მცხეთის ჯვრის გეგმას, ისე, რომ არ ცდილობს ფუნქციურად მოარგოს არსებულ ლანდშაფტს. გარემო აქ მცხეთის ჯვრისგან განსხვავებულია, ამიტომ ზოგიერთი დეტალი შეუსაბამობაშია, მაგალითად: ეკლესიას მისასვლელი დასავლეთიდან აქვს, ამიტომაც შესასვლელის აქედან გაკეთება ბუნებრივი იქნებოდა, ამ მხარეს ასევე არ არის ნიშებიც. მორთულობის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ფასადზეა განლაგებული, თუმცა ამ ფასადის ნახვა მხოლოდ ძალიან ახლოდან, ძლიერი პერსპექტივითაა შესაძლებელი. ატენის სიონი არქიტექტურული თვალსაზრისით მცხეთის ჯვრისგან პროპორციებით განსხვავდება: აქ გუმბათის ყელი უფრო განიერია, რის გამოც შენობა უფრო მასიური და მძიმე ჩანს და ასევე არ გვხვდება ნაგებობის შემადგენელი მასების მკაფიო დიფერენციაცია. ატენის სიონის რელიეფებიც ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს მხატვრულ-კომპოზიციური თვალსაზრისით. მიუხედავად ამ ნიუანსებისა, ეს ტაძარი ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას მნახველზე, რადგან ნაგებობის ტიპი ბოლომდე შემუშავებული და ჰარმონიულია. ატენის სიონის მთავარი ხიბლი ინტერიერია, რომელსაც XI საუკუნის უმშვენიერესი ფრესკები ამკობს. ატენის სიონის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ტაძარში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ და ასევე საყურადღებონი არიან ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც. ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

 

არქიტექტურა

ატენის სიონი ტეტრაკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, გეგმით იგი კუთხისოთახებიან ტეტრაკონქს წარმოადგენს. ნაგებობა ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ეკლესიის გეგმის კომპოზიციური ბირთვი გუმბათქვეშა კვადრატია, რომელზეც სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელია აღმართული. გუმბათი აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხორციელდება. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია გამოსახული. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი დარბაზთან შედარებით ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლისა და დასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. გუმბათის ყელი მასიურია. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა მაინც ჰარმონიულია. ტაძრის მორთულობაში მრავალფეროვანია დეკორატიული მოტივი, აქ გვხვდება მცენარეული ორნამენტები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები, სიუჟეტური კომპოზიციები. განსხვავებულია რელიეფების შესრულება, ისინი სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთღებით მორთულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას. სარკმლები რელიეფური სათაურებითაა შემკული. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა: „მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“, რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად, თუმცა დღეს მას უფრო გვიანდელად თვლიან და თოდოსაკს ტაძრის რესტავრატორად მიიჩნევენ და არა ამშენებლად. გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამენტირებულია. ლავგარდნები გვიანდელი პერიოდისაა. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ეკლესია ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებუია სხვა ფერის ქვებიც.

 

მოხატულობა

ატენის სიონის ინტერიერში სამი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული. ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა მოხატულობის ყველაზე ძველი, ტაძრის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში და ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი – აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია განედლებული ჯვრები. ატენის სიონის ინტერიერი XI საუკუნისის II ნახევარში მთლიანად მოიხატა. სწორედ ამ პერიოდის მოხატულობაა შემორჩენილი ყველაზე კარგად და ის ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, ფორმების ნატიფი მოდელირების, მხატვრული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე და მათ შეხამებაზე მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით რამდენიმე მხატვრის ხელი გაირჩევა. მიუხედავად რამდენიმე შემსრულებლისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათში გამოსახულია ჯვარი, წინასწარმეტყველები, მახარებლები, სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. საკურთხევლის აფსიდში გამოსახულია ღვთისმშობლის ნიკოპეა, ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ოთხი წინასწარმეტყველი, თორმეტი მოციქული, პატარა ჯვარი, ზიარების ორნაწილიანი სცენაა, ეკლესიის ათი მამის გამოსახულება, ორი მესვეტე, ორი დიაკვანი. სამხრეთი აფსიდში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან, ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება, შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი, შობა და ღვთისმშობლის მიძინება. ჩრდილოეთი აფსიდში გამოსახულია მთავარანგელოზი, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვენა, მენელსაცხებლე დედანი, ამაღლება, სულთმოფენობა. დასავლეთის აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. აქ გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს, ვედრება მოციქულებით და ანგელოზებით, ჰეტიმასია, სამოთხე წმინდანთა გუნდებით, ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენები, წინასწარმეტყველები, ქტიტორთა პორტრეტები (წარწერები ძალიან დაზიანებულია და გამოსახულ პირთა ვინაობა სადაოა).

 

 

სხვილოს ციხე

პანტიანის ჯვარპატიოსნის ეკლესია

სხვილოს ციხე

ჯვარპატიოსნის ეკლესია შიდა ქართლში მდებარეობს, სხვილოს ციხის მიმდებარედ. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, მოგვიანებით XV-XVIIსს-ში გადააკეთეს. ეკლესია (12.8X12მ.) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი თავდაპირველად სვეტზე დაყრდნობილ ორთაღიან ღიობს წარმოადგენდა. ნავები ერთმანეთისაგან გეგმით ჯვაროვანი სვეტების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით იყო გამოყოფილი. სამხრეთ ნავი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლიდან ნათდებოდა. შუა ნავი გვერდითებზე სიგანით ორჯერ მეტი იყო და აღმოსავლეთით ნალისებრი, გარედან შვერილი აფსიდით მთავრდებოდა. აფსიდში გაჭრილი იყო ორი სარკმელი. სიგანით ნავზე ნაკლები აფსიდი მისგან ბრტყელი მხრებით იყო გამოყოფილი. ჩრდილოეთ ნავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა აფსიდი, რომლის ღერძზე გაჭრილი იყო ერთი სარკმელი. ნავები გადახურული იყო ცილინდრული კამარით. გადაკეთების შედეგად სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურა მთლიანად დაირღვა. ამჟამად ორთაღიანი შესასვლელის ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად ამოშენებულია, ხოლო მეორე ნაწილში არქიტრავით გადახურული სწორკუთხა კარია გაჭრილი. სამხრეთ ნავში ამოშენებულია სამი თაღით გახსნილი ღიობის ნაწილი. კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი გაჭრილია შუა ნავთან დასაკავშირებელი საკმაოდ განიერი შეისრულთაღიანი გასასვლელი. მნიშვნელოვნად შეცვლილია შუა ნავი. აფსიდი ნავისაგან საკმაოდ მასიური ქვის კანკელითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე 0.4მ. სისქის კედელია მიშენებული. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში დატოვებულია ვიწრო კარი ჩრდილოეთ ნავში გასასვლელად. სამხრეთ ნავი კარიბჭედ გამოიყენეს. ლილვითა და წრეთარგით შედგენილი ლავგარდნის ფრაგმენტი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე, საკმაოდ მასიურ შვერილ აფსიდზეა შემორჩენილი. გადაკეთებისას ეკლესიას სამხრეთიდან მიაშენეს მცირე ზომის სწორკუთხა სათავსი.

 

 

მღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერი

მღვიმევის დედათა მონასტერი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ჭიათურიდან მონასტრამდე მიემართება ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის ავლის შემდეგაც შესაძლებელია ხელოვნურად გამოკვეთილ გვირაბში შესვლა. გვირაბის გადახურვა საყრდენი თაღებითაა შემაგრებული. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის ნავებიც ერთმანეთისგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ორივე ნავი აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით სრულდება. ნაგებობის ფასადი შემკულია მდიდრული ჩუქურთმებით, დეკორატიული თაღებით, ჯვრებით, ჩუქურთმიანი კარნიზებით. ყურადღებას იქცევს შვერილი აფსიდის წახნაგებზე მოჩუქურთმებული ჯვრებისა და სარკმლების მონაცვლეობა. მღვიმევის ხუროთმოძღვარი სამთავისისეული დეკორის საინტერესო ინტერპრეტაციას აკეთებს, აქ ცენტრული კომპოზიცია (ვერტიკალურ ღერძზე განლაგებული ჯვარი, სარკმელი და რომბები) თითქოს დანაწევრებულია და გარდაქმნილია რიტმულ დეკორაციად. ტაძარში შემორჩენილია შემორჩენილია XIII საუკუნისა და XVI საუკუნის მოხატულობათა ფრაგმენტები, მათ შორის მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივე მათგანი სწორკუთხაა. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მღვიმევის მღვიმეში გვხვდება საკმაოდ დიდი ნაღვენთი ფორმები.
მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ეკლესიის სახურავის აღმოსავლეთ კეხზე მოთავსებულია ვერძის თავის ბარელიეფი. ამ პატარა ტაძარს გამოარჩევს ექსტერიერის მოხატულობა, რომელიც ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება. საფასადო მოხატულობა საქართველოში, გარდა სვანეთისა, დიდი იშვიათობაა. ნაგებობას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში – ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

 

საფარის მონასტერი

საფარის მონასტერი

საფარის მონასტერი

საფარის მონასტერი (საფარის სამონასტრო კომპლექსი) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, XIII-XIV საუკუნეების წმ. საბას გუმბათოვან ტაძარს და სამრეკლოს, XIV-XVI საუკუნეების დარბაზულ ეკლესიებს, ჯაყელთა სასახლეს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს და ციხე-გალავანს. საფარის მონასტრის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია ძალიან მწირია, ძირითად ცნობებს კომპლექსის მთავარი ტაძრის წარწერები გვაწვდის. წერილობით წყაროებში მოხსენიებულნი არიან X-XII საუკუნეების საფარელი მოღვაწეები (ივანე საფარელი, ოქრომჭედელი გაბრიელ საფარელი, საქართველოს კათალიკოსი გაბრიელ საფარელი, იოანე მტბევარ-საფარელი), აქედან ჩანს, რომ სახელწოდება „საფარა“ X-XII საუკუნეებში უკვე არსებობს. X საუკუნით თარიღდება კომპლექსის დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნაგებობაც – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ცნობილია XI საუკუნეში მოღვაწე საფარის დეკანოზი იოვანე, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საფარის მონასტერი უკვე ნამდვილად არსებობს. XIII საუკუნის ბოლოს საფარა სამცხის ათაბაგთა ერთ-ერთ გამაგრებულ რეზიდენციად იქცა. საფარის კომპლექსის შესახებ ღირებული ცნობების შემცველია წმ. საბას ტაძრის ფრესკული და ლაპიდარული წარწერები. ეკლესიის სამხრეთ კედელზე ოთხი პიროვნებაა გამოსახული (ფრესკებს ახლავს შესაბამისი წარწერები) – სასულიერო პირი შავი მოსასხამით – საბა ათაბაგი (იგივე სარგის ათაბაგი, რომელიც ბერად აღიკვეცა საბას სახელით), ბექა მანდატურთუხუცესი (ბექა I ჯაყელი) ეკლესიის მოდელით ხელში, სამცხის სპასალარი სარგისი და უწვერული ახალგაზრდა (წარწერა წაშლილია. სავარაუდოდ ეს ბექას მეორე ვაჟი – ყვარყვარა უნდა იყოს). აღნიშნულ ფრესკას სამშენებლო წარწერა ახლავს, რომელიც ნაწილობრივაა შემორჩენილი: „მამაო მამათაო საბა და უდაბნო… …ეგე მრავალთა სულთა მიუძღვიგზად ღმრთისა… თანა მე ბექასა მანდატურთუხუცესსა… სარგის სამცხისა სპასალარს… აღვაშენე და შევამკე ეკლესია… …ველთა სულიერთა და ხორციელთა ს…“. ირკვევა, რომ ტაძარი აუგია და მოუხატავს ბექა მანდატურთუხუცესს XIII საუკუნის 80-იან წლებში. წმ. საბას ეკლესიის კარიბჭის დასავლეთ სარკმლის წარწერის მიხედვით, ტაძრის ხუროთმოძღვარი ვინმე ფარეზის ძე ყოფილა: „სრულ იქნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ეკლესიის ლავგარდნის კეხზე რელიეფი იყო მოთავსებული (ამჟამად ეს რელიეფი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმშია დაცული), მშენებლის ფიგურა გონიოთი და ჩაქუჩით, რომელსაც ახლავს წარწერა: „ფარეზს შეუნდვენ ღმერთმან“. მიიჩნევა, რომ რელიეფზე ტაძრის ხუროთმოძღვრის მამაა გამოსახული, რომელიც, სავარაუდოდ, შვილთან ერთად მუშაობდა ეკლესიის მშენებლობაზე. XIV საუკუნეში ბექა აღბუღას სამართალში იხსენიება საფარა და საფარის მოძღვარი პაფნოტე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ დროისთვის საფარა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მდგომარეობის მონასტერი ყოფილა. სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, საფარა თანდათან დაცარიელებულა და მონასტრიდან ხატები და სხვა განძეულობა გაუხიზნავთ, მათ შორის მონასტრის უმთავრესი, წმ. საბას, ხატიც. მეფე თეიმურაზ I-ის, 1630 წლით დათარიღებული, არსენ საფარელისადმი ბოძებული სიგელის თანახმად, საფარის წინამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ მონასტრიდან, დაცარიელებულ საფარაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ქართლში, არადეთში დაუსახლებიათ: „დაღაცათუ საყდრით შენით ექსორია გყუეს… …უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წასუენებულიყო, მამულნი სოფელნი, დაბანი წახდომილყუნეს. ხოლო ვინც დარჩა მონასტრის ყმათაგანი, მოვაგროეთ და დავასახლეთ სანახებსა ქართლისასა არადეთისა ბოლოს, სადაც ადრევე გამოხიზნულნი მესხნი ცხოვრობდნენ“. ვახუშტი ბაგრატიონის საფარის შესახებ წერს: „ამ ხევზედ არს საფარას მონასტერი, შვენიერად დიდშენი, გუნბათიანი, ყოვლად-წმიდისა. ეს იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი, და აწ არს ხუცის ამარ“. საფარელი მღვდელი გიორგი მოხსენიებულია ზედა თმოგვის 1773 წლის წარწერასა და ვაჩიანის წარწერაში. 1891-1892 წლებში საფარაში ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მამა ათანასე გაამწესეს სამ მორჩილთან ერთად. 1893 წელს კი ქართველი ბერი და მორჩილები მონასტრიდან გამოუშვეს, მათ მაგივრად კი რუსი არქიმანდრიტი პაისი გაამწესეს მღვდელ-მონაზვნებთან  და მორჩილებთან ერთად. რუსმა ბერებმა დიდი ზიანი მიაყენეს ძეგლს და დაამახინჯეს მისი პირვანდელ სახე, ზოგი რამ სრულიადაც დაიღუპა, ეკლესია-სამლოცველოები გარკვეულწილად გადააკეთეს, წმიდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული ტიპის გუმბათები დაადგეს, ზოგი ეკლესია შელესეს და შეათეთრეს, მიძინების ეკლესია, რომელშიც მოხატულობის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი, ზეთის საღებავებით შეღებეს. XX საუკუნის I ნახევარში ძეგლს შეძლებისდაგვარად თავდაპირველი სახე დაუბრუნდა. საფარაში დღეს მოქმედი მამათა მონასტერია. 

 

ძეგლის აღწერა

საფარის სამონასტრო კომპლექსი მთის კალთაზე, სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული. ხუროთმოძღვრული ანსამბლი მოიცავს X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, XIII-XIV საუკუნეების წმ. საბას გუმბათოვან ტაძარს და სამრეკლოს, XIV-XVI საუკუნეების დარბაზულ ეკლესიებს, ჯაყელთა სასახლეს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს და ციხე-გალავანს. დღემდე მოღწეულ ნაგებობათაგან უძველესია X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. მონასტრის თავზე, დასავლეთით, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, საიდანაც დიდი გალავანი იწყება და ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ტყეში იკარგება. ჩრდილოეთით გალავანი ციცაბო კლდეს ჩამოუყვება ხევში ეშვება. გალავნის შესასვლელთან ახლოს წმ. სტეფანეს მცირე ზომის სამლოცველო დგას. მთავარი ტაძრისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება კამაროვანი სადგომები (სავარაუდოდ საჯინიბო). ცოტა მოშორებით თლილი ქვით ნაგები საერო შენობის ნანგრევია, რომელიც ჯაყელების სასახლედაა მიჩნეული. ანსამბლის ცენტრში რამდენიმე ნაგებობაა შეჯგუფებული: წმ. საბას ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პეტრე-პავლეს სამლოცველო, წმ. დიმიტრის სამლოცველო, წმ. გიორგის სამლოცველო, იოანე ოქროპირის სამლოცველო, წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო და იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. გარდა მიძინების ეკლესიის, წმ. საბას ეკლესიისა და სამრეკლოსი, ყველა საეკლესიო ნაგებობა XIV-XVI საუკუნეთა ფარგლებშია აგებული.

 

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, დასავლეთის მინაშენით. ეკლესიის აგების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, სტილისტური ნიშნებით იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძრის ლავგარდანში ჩართული ოსტატის რელიეფის წარწერის მიხედვით, ცნობილია მშენებელი ოსტატის სახელი – ვაჩე. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და ჩრდილოეთით (წმ. საბას ეკლესიიდან). დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი გამოყოფილი იყო მოჩუქურთმებული, ოსტატურად შესრულებული, დიდი მხატვრული ღირებულების მქონე, XI საუკუნის კანკელით, რომლის გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. დარბაზის დასავლეთ ნაწილში პატრონიკეა მოწყობილი, რომელიც დაყრდნობილია ორ წრიული გეგმის მქონე ბურჯსა და მათზე გადაყვანილ სამ თაღზე. ეკლესია ოთხი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა გაჭრილი, ორი კი – სამხრეთით, ერთი სარკმელი ჩრდილოეთის კედელშიც იყო, თუმცა წმ. საბას ეკლესიის აგების შემდეგ ეს სარკმელი გაუქმდა. გრძივი ფასადები ორსაფეხურიანი პილასტრებითა და მათ ქვედა საფეხურზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების ზედა საფეხურზებზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ XIV საუკუნეში, ბექა ათაბაგის შვილებს. ფრესკების ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში და პატრონიკეს ქვეშ, შუა თაღზე. მინაშენის სამხრეთ ნაწილში ლუნეტია, ადრე აქაც შესასვლელი ყოფილა, რომელიც რუს ბერებს თაღის ქუსლამდე ამოუშენებიათ. სამხრეთის ფასადს 3.5 მ-ის სიმაღლეზე თარო გასდევს, როგორც ჩანს, ამ მხარეს მინაშენი იყო გათვალისწინებული, რომლის კამარის საბჯენიც ეს თარო უნდა ყოფილიყო. ტაძრის საპერანგე წყობაში ორი ფენა გაირჩევა, არმოსავლეთის ფასადისა და სამხრეთის ფასადის ნაწილის პერანგი თავდაპირველია, დანარჩენი კი განახლებულია წმ. საბას ტაძრის აგების პერიოდში. პირვანდელი მორთულობა მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზეა შემორჩენილი. ლავგარდნის წყობაში ჩასმულია რელიეფი მუხლმოდრეკილი ოსტატის – ვაჩეს გამოსახულებით და სარკმლის სათაური. დასავლეთ ფასადზე განახლების პერიოდის რელიეფებია – რვაქიმიანი ვარსკვლავი და ფრთოსანი ფიგურები. დასავლეთის მინაშენი მცენარეული და ზოომორფული მოტივებითაა შემკული. დასავლეთის კედელზე ჩასმულია ჯვრის ამაღლების რელიეფი, რომელიც სხვა ადგილიდანაა გადმოტანილი. 

 

წმ. საბას ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი ძირითადი ხუროთმოძღვრული ელემენტებითა და მორთულობით გარდამავალ ძეგლს წარმოადგენს, რომელშიც პირველად იკვეთება მკაფიოდ გარკვეული გარდატეხა XII-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრებასთან შედარებით. გარკვეული ნიშნებით იგი ტრადიციას აგრძელებს, თუმცა ვლინდება ტენდენციები, რომლებიც ახალი ეპოქის დასაწყისზე მიანიშნებს. ეკლესია საგანგებოდ შექმნილ ბაქანზე დგას და ჩრდილოეთიდან ნაწილობრივ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ეკვრის. შესასვლელი სამი ყოფილა – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, სამხრეთის შესასვლელი მოხატვისას ამოუშენებიათ. ტაძარში მოხვედრა შეიძლება ასევე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით სრულდება, დანარჩენი სამი მკლავი სწორკუთხაა. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ბემის კამარა, აფსიდის კონქი და ჯვრის მკლავების კამარები შეისრული ფორმისაა. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, სამღვდელმთავრო ჩამოსაჯდომი ნიშაა. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდალური პასტოფორიუმია (სადიაკვნე და სამკვეთლო). გვერდითა სათავსები, აღმოსავლეთის მკლავთან შედარებით, უფრო მოკლეა, ამიტომაც საკურთხევლის ნაწილი ექსტერიერში შვერილია. პასტოფორიუმების თავზე სამალავებია მოწყობილი. სადიაკვნეს ქვეშ კამაროვანი კრიპტაა. სამკვეთლო საკურთხეველსაც უკავშირდება კარით, სადიაკვნეს მხოლოდ დასავლეთით აქვს შესასვლელი. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ტაძრის დასავლეთ ნაწილში თაღებით გახსნილი პატრონიკეებია მოწყობილი. ეკლესიის შიდა სივრცე გუმბათის რვა სარკმლითა და თითოეულ მკლავში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. გუმბათქვეშა საყრდენები და სამღვდელმთავრო ნიშა ლილვოვანი პილასტრებითაა შემკული, რომლებსაც სადა კაპიტელები და ბაზისები აქვთ. ტაძარს დასავლეთიდან სტოა-კარიბჭე ეკვრის, რომლის დასავლეთ კედელი სამი შეისრული თაღიდაა გახსნილი. კარიბჭე სამ ნაწილადაა დაყოფილი, ორი ნაწილი ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული, ერთი კი – ჯვროვანი კამარით. ეკლესიას ჩრდილოეთიდანაც კარიბჭე ჰქონია მიშენებულია, თუმცა მისგან დღესდღეობით, მხოლოდ კამარის საყრდენი კრონშტეინებია შემორჩენილი. წმ. საბას ტაძრის ფასადები მოზომილადაა დეკორირებული, დატვირთული არცერთი ფასადი არ არის. ძირითად მორთულობას სარკმლებისა და შესასვლელების ჩუქურთმიანი მოჩარჩოება ქმნის. განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ ფასადის კომპოზიცია, რომელსაც ზუსტი ანალოგი არ მოეპოვება – ცენტრალურ, შვერილ ნაწილზე სამი სარკმელია განლაგებული, რომელთაგან ერთი მაღალი, მოზრდილი სარკმელი ცენტრშია გაჭრილი, დანარჩენი ორი კი – ფრონტონის განაპირა არეებში. ფრონტონის სარკმლები ძალიან მცირე ზომისაა და მათ „ხარისთვალა“ სარკმლებსაც უწოდებენ. 

წმ. საბას ეკლესიის ინტერიერი ჯერ კიდევ ბექა I-ის დროს მოიხატა, თუმცა ამ პერიოდის ფრესკები შემორჩენილი არ არის. ამჟამინდელი მოხატულობა შესრულებულია XIV საუკუნის I ნახევარში, სხვადასხვა ოსტატის მიერ. ფრესკები ამჟღავნებს პალეოლოგოსთა ხანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს – ფორმის მოცულობითი ძერწვა, სწორად აგებული ნახატი, არქიტექტურული და პეიზაჟური ფონები, დინამიურობა. წმ. საბას ტაძრის მოხატულობა თავისი პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრების კომპოზიცია, მეორე რეგისტრში – მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში კი – ეკლესიის მამები. ბემის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი და მთავარანგელოზები. გუმბათში მოცემულია მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია, გუმბათის ყელის ქვედა რეგისტრში – წინასწარმეტყველები, გუმბათქვეშა აფრებზე – მახარებლები. გუმბათქვეშა ბურჯებზე წმ. მხედართა გამოსახულებებია. სამხრეთის მკლავში გამოსახულია: ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, გარდამოხსნა, ქრისტეს დატირება, მენელსაცხებლე დედები, ჯოჯოხეთის წარტყვევნა და ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტი. ჩრდილოეთ მკლავში გამოსახულია: ხარება, შობა, იერუსალიმში შესვლა, იუდას ამბორი, სული წმინდის მოფენა, ღვთისმშობლის მიძინება და წმ. მხედარი. დასავლეთის მკლავში გამოსახულია: ქრისტეს მიერ ავადმყოფთა განკურნება, წმ. ევსტათე პლაკიდას სასწაული, განკითხვის დღე და იესეს ხე. 

 

საფარის კომპლექსის სამრეკლო წმ. საბას ეკლესიის დასავლეთით, კლდეზე დგას. იგი წმ. საბას ტაძრის თანადროულია. სამრეკლო ორსართულიანი ნაგებობაა, რომელიც საგანგებოდ ნაგებ საყრდენ მოცულობაზეა დაშენებული. პირველი სართული დახურული კუბური მოცულობაა, რომელიც ლასურისძეთა საგვარეულო აკლდამას და წმ. მარინეს სახელობის სამლოცველოს წარმოადგენს, მეორე სართული კი ვიწრო თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია და ზარებისთვისაა განკუთვნილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომლის ზემოთ მცირე ზომის ლუნეტია. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებში სარკმლებია გაჭრილი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია სამი ხელაპყრობილი ფიგურა (ლასურისძეთა პორტრეტები) – ლასურ მსახურთუხუცესი, სასულერო პირი ნიკოლოზი და სუმბატი (პორტრეტებს ახლავს შესაბამისი წარწერები). აღნიშნული ფრესკის თავზე შემორჩენილია წარწერა: „მეუფეო ქრისტე ღმერთო, რომელი ადიდებ მადიდებელთა შენთა, ადიდე ორთავე სუფევათა შინა პატრონი ჩვენი მანდატურთა უხუცესი ბექაი და ძენი მისნი, რომელმან უღირსნი მიწობისა მათისნი ღირსგუყვნა და გუიბოძა საფლავნი ლასურისძესა ლასურს და ძმათა მისთა საუკუნოდ“. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშემრდომები იყვნენ, ლასურ ლასურისძე კი – ბექა ჯაყელის მსახურთუხუცესი. ფასადები სრულიად სადაა, მოურთველი. სამრეკლო ნაგებია სუფთად თლილი ქვით.

 

წმ. გიორგის ეკლესია მიძინების ტაძრის სამხრეთით, მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ინტერიერი განათებულია სამი სარკმლით, თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. მორთულია მხოლოდ დასავლეთის ფასადი, რომლის ფრონტონის არეში, კეხქვეშ, წმ. გიორგის რელიეფია მოთავსებული, მის ქვემოთ კი – განედლებული ჯვარი ფოთლებითა და მტევნებით. ჯვრის ქვედა მკლავშია გაჭრილი დასავლეთის სარკმელი. შესასვლელის არქიტრავზე რელიეფური ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. დასავლეთ ფასადზე გვხვდება ტაძრის ამშენებლის, ვინმე გრიგოლ ნაფშუენის ძის, ვრცელი წარწერა: „ქ. სახელითა ღვთისაითა, მე საფარისა მოძღუარმან გრიგოლ ნაფშუენის ძემან, აქა დამკვიდრებულთა წმიდათა მამათა მცირედი ესე ეგუტერი სახსენებელად ცოდვილისა სულისა ჩემისა, რათა ღმერთმან მეოხებითა წმიდისა და უდაბნოთა განმანათლებელისა საბასითა, დღესა მას დიდსა განკითხვისსა მიხსნას მარცხენეთგან და მარჯუენეთა მათ მისთა თანა აღმრიცხოს“. კეხზე ეკლესიის მოდელი დგას. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი ქვით. ეკლესიის ქვეშ ორი კამაროვანი სათავსია, რომლებიც ან აკლდამები უნდა ყოფილიყო, ან სამალავები. წმ. გიორგის ეკლესია კარით უკავშირდება ჩრდილოეთიდან მიშენებულ, ტლანქად ნაგებ სამლოცველოს, რომელიც „იოანე ნათლისმცემლის პარაკლისის“ სახელითაა ცნობილი. 

 

სასახლე წმ. საბას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით მდებარეობს. შენობის ნაშთი ათაბაგთა საცხოვრებელ სადგომადაა მიჩნეული. ნაგებობა ორი სწორკუთხა სადგომისგან შედგება. სასახლის კედლები ერთ სართულზე ნაკლებ სიმაღლეზეა შემორჩენილი და მისი პირვანდელი სახის წარმოდგენა რთულია. სავარაუდოდ მას მეორე სართულიც უნდა ჰქონოდა. უკეთაა შემორჩენილი ჩრდილოეთის სადგომი. ორივე დარბაზს მცირე ზომის სარკმლები აქვს. შესასვლელსა და სარკმლებს ალათებისა და სადგულების ჩასასმელი ბუდეები აქვს. სასახლის კედლები, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, მოპირკეთებულია თლილი ქვით.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: