არც ისე საზეიმო საშობაო ფილმები, რომლებიც ქვიარების გამოცდილებებზე ჰყვება

საახალწლო დღეებში სადღესასწაულო განწყობას კი ვიქმნით და ვგეგმავთ, სად შევხვდებით ღამის 12 საათს — ალბათ, მაინც, ჯერ სახლში და მერე ვნახავთ, მაგრამ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სახლში ვერ შეხვდებიან ამ დღეს, მეტიც, იმაზე ფიქრის დრო არ აქვთ, როგორ გაატარებენ ახალ წელს. უარყოფა, ჩაგვრა, სიღარიბე ბევრს სადღესასწაულო შეგრძნების გარეშე ტოვებს, მსოფლიოში მიმდინარე საომარი სისასტიკე კი არამხოლოდ საახალწლო დღეების აღნიშვნის, არამედ სიცოცხლის შესაძლებლობასაც ართმევს ადამიანებს.

მძიმე შესავალი კი გამოვიდა, მაგრამ ასეთია რეალობა და რა გასაკვირია, ამ დღეებში ადამიანთა ნაწილს რაიმე უფრო რეალური გამოცდილება უნდოდეს, ვიდრე საგულდაგულოდ გაპრიალებულ-დავარცხნილი, გადაბრდღვიალებული დეკორაციები, კლიშეებით გადატენილი საშობაო ფილმები და მრავალგზის გამლღვალ-გაყინული All I Want for Christmas is You-ა. სტატიაში 5 ფილმს აღმოაჩენთ, რომლებიც არ არის სადღესასწაულო განათებებით მორთული, პერსონაჟებს კი იმაზე მეტი საფიქრალი აქვთ, ვიდრე ბუხრის წინ ჩაღუნღულება.

Tangerine

Magnolia Pictures

შონ ბეიკერის ფილმში საახალწლო დღეებში ციხიდან ახალგამოსულ სინ-დის დაემგზავრებით, რომელიც გაიგებს, რომ მეგობარმა ბიჭმა უღალატა. სინ-დი იმ გოგოზე შურისძიებას გადაწყვეტს, რომელთანაც უღალატეს და მეგობართან ერთად ჰოლივუდის ქუჩებში დაეძებს.

Tangerine ბრდღვიალა განათებების, საშობაო სიმღერებისა და ბედნიერი სასიყვარულო ამბების ფილმი არ არის. სინ-დისა და ალექსანდრას გავლილ გზაზე საკვების რიგებს, სექს-სამუშაოში ჩართული ადამიანების ყოველდღიურობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ვხედავთ. შობა კი სადღაც ფონზეა, უძლური და უმნიშვნელო.

ფილმში განვითარებულ კომიკურ ამბებზე ბევრს იცინებთ — ტაქსის მძღოლი შობის წინა დღეს სამსახურში ატარებს, შესვენებებზე ქუჩებში დაეხეტება და სექს-მუშაკთან კომიკური თავგადასავალი გადახდება, საღამოს ოჯახთან ერთად საშობაო სადილს ესწრება და სინ-დიზე “დაქრაშული” მის მოსაძებნად მიიჩქარის. სინ-დი პოულობს გოგოს, რომელთანაც უღალატეს და მეგობარ ბიჭთან მის “მითრევას” გადაწყვეტს. ალექსანდრა კი, რომელსაც არ უნდა, შარში გაეხვიოს, მეგობარს მაინც წინ და უკან დაჰყვება და თან ერთ-ერთ ბარში საღამოს დაგეგმილი მუსიკალური პერფორმანსისთვის ემზადება.

Tangerine მეგობრობის, ვნების, გადარჩენისთვის ბრძოლის, ოცნებების, იმ ადამიანების ფილმია, რომლებიც ყოველდღიურ ქაოსში, გაურკვევლობაში გზის გაგნებას ცდილობენ.

Go

Columbia Pictures

Go შობის წინა დღეს რამდენიმე პერსონაჟის თავს დატრიალებულ ამბებს გვიყვება, რომლებიც ერთმანეთშია გადახლართული. რონა მაღაზიაში მოლარედ მუშაობს და ზეგანაკვეთური შრომა უწევს, რადგან ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გასახლება ემუქრება, მისი თანამშრომელი საიმონი, რომელიც ამავდროულად ნარკოტიკების გამსაღებელია, სადღესასწაულო დღეებში ლას ვეგასში მიემგზავრება, საგამოძიებო შოუს გმირი მსახიობები კი, ადამი და ზაკი, ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელის გამოაშკარავებას ცდილობენ.

სასოწარკვეთილი რონა, რომელსაც ფული სჭირდება, ნარკოტიკებით ვაჭრობის ორომტრიალში აღმოჩნდება და მრავალი კომიკური თუ სამწუხარო ამბავი გადახდება თავს. სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ხაზი ერთ საშობაო წვეულებაზე უნდა გადაიკვეთოს, იქამდე კი პერსონაჟები გრძელ გზას გაივლიან, რომელიც სისხლიანი, დამზაფვრელი და საოცრად სასაცილოა.

დაგ ლიმანის ნამუშევარი გაი რიჩისა და კვენტინ ტარანტინოს ფილმების მოგაგონებთ და უმიზნოდ მოყიალე, გადარჩენისთვის მებრძოლი, ნამუსგარეცხილი თუ უიმედოდ რომანტიკული პერსონაჟების დაუვიწყარ ამბავს გპირდებათ.

Carol

StudioCanal UK

Carol ალბათ უმეტესობას უნახავს ან სმენია მაინც. 50-იანი წლების ნიუ იორკი — ქეროლისა და ტერეზას გზები შემთხვევით გადაიკვეთება. ქეროლი ქმართან განქორწინების გზას ადგას, ტერეზა კი ურთიერთობაშია და საახალწლო არდადეგების საფრანგეთში გატარებას გეგმავს. ქეროლისა და ტერეზას ურთიერთობა ფრთხილად გაცვლილი მზერით, მცირე რომანტიკული ნიშნებითა და სექსუალური ორიენტაციის გაცხადების შიშით არის დასაზღვრული.

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის გათქმის შემთხვევაში ქეროლს შვილზე მეურვეობის დაკარგვა ემუქრება, ქალებს შორის მიზიდულობა კიდევ უფრო ღრმავდება, რასაც ქეროლის ყოფილი ქმარი თავის სასარგებლოდ იყენებს.

ფილმში საშობაო განწყობა ნამდვილად იგრძნობა — ფერები თუ სიუჟეტის დინება თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, თუმცა ამის ფონზე არც სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მავნე საზღვრების კრიტიკა იკარგება და არც ის შფოთვა, რაც განსაკუთრებით მჩაგვრელ გარემოში ურთიერთობის განვითარებას ახლავს თან.

Female Trouble

New Line Cinema

ჯონ უოტერსის 1974 წლის საკულტო ნამუშევარი არც მთლად საშობაო ფილმია, მაგრამ მთავარი პერსონაჟის, დონ დევენპორტის თავზეხელაღებული, სასტიკი და შოკისმომგვრელი ამბავი შობის დილას იწყება, ამიტომ ამ სიაში მაინც ეკუთვნის ადგილი. დონს საშობაო საჩუქრად ჩა-ჩას ფეხსაცმელი უნდა, სხვა არაფერი. განებივრებულ მოზარდს მშობლები საჩუქარს არ უყიდიან, რადგან “კარგი გოგოები ჩა-ჩას ფეხსაცმელს არ ატარებენ” — ასე იწყება დონის, ძალიან ცუდი გოგოს ამბავი, რომელსაც ვარსკვლავობა სურს.

ფილმი ჰეტერო ოჯახების სიღრმეში დაფლულ დამაქცეველ მუხტზეა, რომელიც ზედაპირზე ჟონავს, იმ სისასტიკესა და ძალმომრეობაზე, რაც კარგად გაპრიალებული ზედაპირის მიღმა იმალება. ამავდროულად, ეს არის ნამუშევარი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტებს. Female Trouble, ერთი მხრივ, სიყალბის, სილამაზის სტანდარტების საწინააღმდეგო მანიფესტია, მეორე მხრივ, ეს არის კრიტიკა ვარსკვლავად ქცევის დაუოკებელ სურვილზე, რომელსაც ჰოლივუდი კვებავს და ადამიანები წარმოუდგენელ გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს.

ფილმში ძალადობის არაერთ სცენას ნახავთ, რომელთა დიდი ნაწილი რთულად საყურებელია, თუმცა უოტერსის ნიშა სწორედ ეგაა — მათ შორის, შოკის ხარჯზე სახეში მწარე სიმართლეებს გვახლის და ჩვენი კონფორმული მოლოდინების გადაფასებისკენაც გვიბიძგებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფილმში მთავარ [და მეორეხარისხოვანსაც] როლს დივაინი ასრულებს, ლეგენდარული დრეგ ქუინი, უოტერსის არაერთი ფილმის გმირი და მუზა.

Holiday Heart

Showtime Networks

ამ სატელევიზიო ფილმის მთავარი გმირი ჰოლიდეი ჰარტია, დრეგ ქუინი, რომლის პარტნიორი ფილმის დასაწყისში კვდება და ჰოლიდეის დამძიმებული გულით ტოვებს. ჰარტი შემთხვევით ოჯახში ძალადობას გადაეყრება და მსხვერპლ ქალს, ვანდასა და მის შვილს, ნიკის შეიფარებს.

ფილმი კლასიკური საშობაო ნამუშევარია — ტაძარში გაჟღერებული გოსპელი, დრეგ პერფორმანსები თუ არჩეული ოჯახის ტკბილ-მწარე გამოცდილებები სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. თუმცა, ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულების, ჰომოფობიური განწყობების, ბავშვის ტრავმასთან გამკლავების გზასაც ვხედავთ, რომელიც წინააღმდეგობებით არის სავსე.

ჰოლიდეი ჰარტი კი ის პერსონაჟია, რომელიც საშობაო განწყობასა და მოგონებებს გაგიღვიძებთ — საპასუხო მოლოდინის გარეშე გასცემს სიკეთეს, სხვების დასაცავად სახიფათო სიტუაციებში გახვევას არ ერიდება და ყველაფრის მიუხედავად, ადამიანების სიყვარულს, მათზე ზრუნვის სურვილს არ თმობს.