“ზოგიერთი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა” — თბილისი პრაიდის განცხადება

თბილისი პრაიდი

თბილისი პრაიდი განცხადებით გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც ლგბტქია+ სოციალური ჯგუფი ნახსენებიც კი არ არის.

“გაზაფხულზე დამტკიცებული დისკრიმინაციული ეროვნული სტრატეგიის (2023-2030) შემდეგ, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა და ქმედებები დღითი-დღე ძლიერდება, არ გაგვკვირვებია სამწლიანი სამოქმედო გეგმიდანაც ლგბტქ ადამიანების მიზანმიმართული ამოშლა. მაშინ, როდესაც კვლავ ელემენტარული უფლებებისთვის გვიწვევს ბრძოლა, ქართული ოცნება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ინსტიტუციონალიზაციას უწყობს ხელს, რითაც ცდილობს გადაფაროს რეალური პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება დგას. ხელისუფლება აწარმოებს რეგრესულ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას და პირდაპირ უარს ამბობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვაზე”, — აღნიშნულია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

განცხადებაში ნახსენებია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასთან ერთად, გამოყოფს იმ დათქმებს, რომლებიც საქართველომ მომდევნო წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს. მათ შორის, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2022 წლის ადამიანის უფლებათა სტრატეგია არ შეიცავს მითითებებს ლგბტქი ადამიანების უფლებებისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.

“მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ნოემბრის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოება კონსულტაციაში ჩაერთო. ეს კონსულტაციების პროცესი უნდა გაგრძელდეს, რათა ფართო და ინკლუზიური ჩართულობის უზრუნველყოფა მოხდეს, მეტად უნდა ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები”, — აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.


ასევე წაიკითხეთ: რას ამბობს ევროკომისიის ანგარიში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე


თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ ქვიარ ადამიანების უფლებები ისევ უნდა იყოს დაცული, როგორც ყველა სხვა ადამიანის და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისგან პრინციპულ პოზიციას ელიან.

“ველით უფლებადამცველების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მედიის წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადოების ფართო ჯგუფების მხრიდან პრინციპულ, თანმიმდევრულ და მკაცრ პოზიციას ჩვენი გარიყვის მორიგ, უკიდურესად მავნე მცდელობაზე. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციაში დავაბრუნოთ ლგბტქ ადამიანები და ვაქციოთ ის ინკლუზიურ, ადამიანის უფლებებისა და ევროინტეგრაციის პრინციპების შესაბამის დოკუმენტად”.