ლიზა მაიტნერი — რატომ არ მიუღია „ატომური ბომბის დედას“ ნობელის პრემია

The New York Times

„ოპენჰაიმერში“ — ატომური ბომბის შექმნის ისტორიაზე გადაღებულ ფილმში — ერთი დასამახსოვრებელი სცენაა, რომელშიც ლუის ალვარესი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი, დალაქთან ვიზიტისას გაზეთს კითხულობს. უეცრად ალვარესი სავარძლიდან ხტება და ქუჩაში გარბის მისი კოლეგის, ფიზიკოს-თეორეტიკოს რობერტ ოპენჰაიმერის, საპოვნელად.

„ოპი! ოპი!“ — ყვირის ის, — „მათ ეს შეძლეს. ჰანმა და შტრასმანმა გერმანიაში. მათ ურანის ბირთვი გახლიჩეს. მათ ატომი გახლიჩეს“.

ეს კომენტარი მიემართება ორ გერმანელ ქიმიკოსს, ოტო ჰანსა და ფრიც შტრასმანს, რომლებმაც 1939 წელს გაუაზრებლად აღწერეს ბირთვის გახლეჩის პროცესი. ეს აღმოჩენა საკვანძო იყო მანჰეტენის პროექტისთვის — გასაიდუმლოებული ამერიკული გეგმისთვის, შეექმნათ პირველი ბირთვული იარაღები. ოპენჰაიმერი ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახდა ლოს-ალამოსში, ნიუ-მეხიკოში, სადაც ატომური ბომბის შემუშავება და ტესტირება მიმდინარეობდა.

თუმცა, ეს სცენა მთლად ზუსტი არ არის, რადგან მასში მთავარი მონაწილე გამოტოვებულია: ლიზა მაიტნერი — ფიზიკოსი, რომელიც აქტიურად მუშაობდა ჰანთან ერთად და რომელმაც შეიმუშავა ატომის გახლეჩის თეორია.

ნობელის ისეთი ლაურეატების თანამედროვე, როგორებიც არიან ალბერტ აინშტაინი, ნილს ბორი და მაქს პლანკი, მაიტნერი თავადაც გიგანტი იყო. მას შემდეგ, რაც მეორე ატომური ბომბი ჩამოვარდა ნაგასაკიში, ამერიკულმა პრესამ მას „ატომური ბომბის დედა“ შეარქვა — ასოციაცია, რომელსაც მაიტნერი მტკიცედ უარყოფდა.

ატომის გახლეჩისთვის ნობელის პრემია მხოლოდ ოტო ჰანმა მიიღო. მაიტნერის ცხოვრებაზე დაწერილი წიგნის „ქალი, რომელმაც ატომი გახლიჩა“ (ინგლ. The Woman Who Split the Atom), ავტორის, მარისა მოსის, თქმით, სიტყვით გამოსვლისას ჰანმა მაიტნერი მოიხსენია გერმანული სიტყვით, რომელიც თანაშემწეს ან დაქირავებულ მუშაკს ნიშნავდა.

„ან, საუკეთესო შემთხვევაში, თანამშრომელს“, — ამბობს მოსი.

2022 წელს მოსმა გულდასმით გამოიკვლია მაიტნერის არქივი კემბრიჯის უნივერსიტეტში. მას შემდეგ, მოსმა ასობით წერილი თარგმნა მაიტნერსა და ჰანს შორის, რომლებიც გერმანულად იყო დაწერილი და რომლებიც, მოსის თქმით, მათი ურთიერთობის გაუარესების უფრო დაწვრილებით პერსპექტივას იძლევა. ეს პერსპექტივა ასევე უპირისპირდება გავრცელებულ წარმოდგენას, თითქოს მაიტნერმა ნობელის პრემიის შედეგი აღშფოთების გარეშე მიიღო.

მოსის თქმით, მსგავსი უპატივცემულო მოპყრობა მხოლოდ გენდერის გამო არ მომხდარა.

„მარტივია იმის თქმა, რომ [მაიტნერს] პრემია არ მისცეს იმის გამო, რომ ქალი იყო. არავის არ ჰგონია, რომ ქალი რაღაცების გამო აურზაურს ატეხს“, — თქვა მოსმა.

მოსს სჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებაში მაიტნერის წარმომავლობამაც შეასრულა როლი: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასე იმის გამო მოხდა, რომ ის [მაიტნერი] ებრაელი იყო“.

დოქტორი მაიტნერი და ოტო ჰანი ბერლინის ლაბორატორიაში, მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში — The New York Times

1947 წელს მაიტნერმა მისწერა თავის დისშვილს, ოტო რობერტ ფრიშს — ებრაელ ფიზიკოსს, რომელმაც ასევე შეიტანა წვლილი ბირთვის გახლეჩის აღმოჩენაში: „ვიცი, რომ მისმა [ჰანის] პოზიციამ გავლენა იქონია იმაზე, რომ ნობელის კომიტეტმა ჩვენ წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება“, — თქვა მაიტნერმა ერთ-ერთ წერილში, — „მაგრამ ეს ისეთ პირადი რამეა, რისი გასაჯაროებაც არ გვინდა“.

ნობელის კვირეული ის დროა, როდესაც სამეცნიერო საზოგადოება მის უდიდეს მიღწევებს აღნიშნავს, თუმცა ამავდროულად, უფრო და უფრო ხშირად, იკვლევს წარსულში მომხდარ უსამართლობებსა და უყურადღებობებს. ლიზა მაიტნერი ერთ-ერთი ქალი მეცნიერია, რომელსაც მისი შრომისთვის შესაფერისი დაფასება არ მიუღია. ამის კიდევ ერთი ცნობილი შემთხვევაა როზალინდ ფრანკლინი — ქიმიკოსი ქალი, რომელმაც დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურის აღმოჩენაში შეიტანა წვლილი 1953 წელს.

„ასობით, თუ არა, ათასობით ისეთი ქალი არსებობს, რომელმაც რაღაც დიადს მიაღწია მეცნიერებაში, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში აღიარება არ მიუღია“, — ამბობს კეიტი ჰაფნერი, „დაკარგული მეცნიერი ქალების“ (ინგლ. Lost Women of Science) პოდკასტის წამყვანი.

ჰაფნერმა აღნიშნა, რომ, სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, „ლიზა მაიტნერი არ არის დაკარგული. მისი არასწორად ესმით“.

რადიოაქტიური პიონერი

მაიტნერი თავიდანვე ამსხვრევდა შუშის ჭერებს. ის 1878 წელს დაიბადა ვენაში და ფიზიკის სწავლა პრივატულად დაიწყო, რადგან 1897 წლამდე ავსტრიაში ქალებს კოლეჯში სწავლა არ შეეძლოთ. 1901 წელს ლიზამ ვენის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩააბარა. ხუთი წლის შემდეგ მან ფიზიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო. მაიტნერი მეორე ქალი იყო მისი უნივერსიტეტიდან, რომელმაც ეს შეძლო.

მაიტნერმა კარიერის დანარჩენი ნაწილი დიად მეცნიერებთან ერთად მუშაობაში გაატარა. მან ბერლინის უნივერსიტეტში გადაინაცვლა და დაიწყო მაქს პლაკის ლექციებზე თავისუფალ მსმენელად დასწრება. პლაკი ფიზიკის დარგში 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი იყო და ის, როგორც წესი, ქალებს საკუთარ ლექციებზე დასწრების უფლებას არ აძლევდა.

ბერლინში მაიტნერი ასევე შეხვდა ოტო ჰანს — დაახლოებით მისი ასაკის ქიმიკოსს, რომელსაც უფრო “პროგრესული” დამოკიდებულება ჰქონდა ქალებთან ერთად მუშაობის მიმართ. ჰანს თავადაც ძალიან უნდოდა მაიტნერთან ერთად მუშაობა, რადგან ფიზიკოსებს, როგორც წესი, უკეთ ესმოდათ რადიოაქტივობა — ატომის არასტაბილური ბირთვის მიერ გამოყოფილი ენერგია — ვიდრე ქიმიკოსებს. თუმცა, როგორც ქალს, მაიტნერს არ ჰქონდა ზედა სართულზე, ჰანის ლაბორატორიაში ასვლის უფლება. ამიტომაც ის სარდაფში მუშაობდა, ანაზღაურების გარეშე (მოსის თქმით, როდესაც მაიტნერს საპირფარეშოში გასვლა სჭირდებოდა, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა უწევდა).

1912 წელს მაიტნერმა და ჰანმა კაიზერ ვილჰელმის ქიმიის უნივერსიტეტში გადაინაცვლეს. ერთად მათ აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი — პროტაქტინიუმი. როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს ინსტიტუტიდან კაცები ომში გაიწვიეს, მაიტნერს ფიზიკის საკუთარი ლაბორატორია და პროფესორის ტიტული მიეცა — პოზიცია, რომელმაც მას აღიარება და საკუთარი კვლევის დაწყების დამოუკიდებლობა მოუპოვა.

თუმცა, მეცნიერების ფარგლებს მიღმა, სიტუაცია ნელ-ნელა უარესდებოდა. ანტისემიტიზმი ფეხს იკრებდა, 1933 წელს კი გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი გახდა. ბევრმა ებრაელმა მეცნიერმა ქვეყანა დატოვა, მაგრამ მაიტნერი დარჩა. მას სუსტად იცავდა ავსტრიის მოქალაქეობა და ძალიან უნდოდა, ხელიდან არ გაეშვა ის იშვიათი შანსი, რომ მას, როგორც ქალს, კვლევის ჩატარება შეეძლო.

„ფიზიკა მთელი ჩემი გულით მიყვარს“ — წერდა ის მეგობართან გაგზავნილ წერილში — „რთულად თუ წარმომიდგენია, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი აღარ იყოს“.

1938 წელს გერმანიამ ავსტრიის ანექსია მოახდინა, რის გამოც მაიტნერს ნაცისტური რეჟიმისგან აღარაფერი იცავდა. ლიზამ გაქცევა გადაწყვიტა. მას ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატი, ნილს ბორი დაეხმარა.

მაიტნერმა  საბოლოოდ შვედეთამდე მიაღწია. ის ოჯახის უსაფრთხოებაზე დარდობდა და განადგურებული იყო იმით, რომ მთელი ცხოვრების შრომის უკან დატოვება მოუწია.

მან ჰანთან კოლაბორაცია ფოსტით გააგრძელა. ჰანი ექსპერიმენტებს ატარებდა, მაიტნერი კი იმ აღმოჩენების ინტერპრეტაციას ახდენა, რომლებიც ჰანს არ ესმოდა. ერთ-ერთმა შედეგმა ორივენი ძალიან გააკვირვა: როდესაც ურანის ატომებს ნეიტრონები დაუშინეს, ნეიტრონები უნდა შეწოვილიყო და ელექტრონი გამოყოფილიყო, რასაც უფრო მძიმე ელემენტი უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, ჰანმა აღმოაჩინა ბარიუმი, ბევრად უფრო მსუბუქი ელემენტი. ჰანი და მაიტნერი საგონებელში ჩავარდნენ. ეს აღმოჩენა ჰანის, როგორც ქიმიკოსის, ექსპერტიზის ფარგლებს სცდებოდა.

„იქნებ შენ მიაგნო რაიმე გასაოცარ ახსნას“, — მიწერა მან მაიტნერს წერილში, რომელიც საკრამენტოს კოლეჯის ქიმიკოსმა, რუთ ლევინ საინმა თარგმნა. საინმა 1996 წელს მაიტნერის ბიოგრაფია გამოაქვეყნა — „თუკი რაიმეს შემოთავაზება შეგიძლია, რის გამოქვეყნებასაც მოახერხებდი, მაშინ ეს გარკვეულწილად მაინც ჩვენ სამის ერთობლივი ნაშრომი იქნება!“

ჰანმა და მისმა კოლეგამ, ფრიც შტრასმანმა, შედეგები გამოსაქვეყნებლად 1938 წელს შეიტანეს. მათ ტონში ჩანდა, რომ დარწმუნებულები არ იყვნენ. „შესაძლოა, არსებობდეს უჩვეულო შემთხვევითობების წყება, რომელმაც ჩვენ მცდარი შედეგები მოგვცა“, — დაწერეს მათ გერმანულად.

ავტორების სიაში მაიტნერი არ ეწერა, ის ასევე არ იყო მოხსენიებული ნაშრომში წვლილის შემტანი ადამიანების სიაში.

თეორიის დაბადება

1937 წლის ლექცია, რომელსაც ესწრებოდნენ (წინა რიგის მარცხნიდან): ნილს ბორი, ვერნერ ჰაიზენბერგი, ვოლფგანგ პაული, ოტო შტერნი და ლიზა მაიტნერი — CBW/Alamy

შვედეთში მაიტნერი თავის ფიზიკოს დისშვილთან, ფრიშთან ერთად მსჯელობდა შედეგებზე. ფრიში თავის მემუარებში იხსენებდა, რომ ერთ თოვლიან დღეს ისინი სასეირნოდ წავიდნენ, საბოლოოდ კი ხეზე ჩამოსხდნენ და ქაღალდის ნაგლეჯებზე გამოთვლების ჯღაბნა დაიწყეს.

მათ გაიაზრეს, რომ ურანი უკიდურესად არასტაბილური იყო და, დიდი ალბათობით, „გაიბზარებოდა“ რაიმესთან, მაგალითად, ნეიტრონთან, კონტაქტისას. მისი ნაწილები მძლავრი აფეთქებით მოშორდებოდა ერთმანეთს. მაიტნერმა გაიფიქრა, რომ თუკი ერთ-ერთი ასეთი ნაწილი ბარიუმი იყო, მეორე ნაწილი უნდა ყოფილიყო სხვა მსუბუქი ელემენტი, სახელად კრიპტონი. აინშტაინის ცნობილი ფორმულის, E = mc², დახმარებით, მაიტნერმა გამოითვალა ამ აფეთქების მაწარმოებელი ენერგია.

ჰანმა და შტრასმანმა ატომი გახლიჩეს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით წავიკითხეთ და განვიხილეთ თქვენი ნაშრომი“ — მიწერა მაიტნერმა ჰანს 1939 წლის იანვარში — „შესაძლოა, ენერგიის თვალსაზრისით ასეთი მძიმე ბირთვისთვის შესაძლებელი იყოს დაშლა“.

მოგვიანებით გაგზავნილ წერილში მაიტნერმა აღნიშნა, რომ გული უწუხდა, მათთან ერთად რომ არ იყო: „მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ ძალიან ხელცარიელი ვდგავარ, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი შესანიშნავი აღმოჩენებისთვის“.

მაიტნერმა და ფრიშმა ჰანისა და შტრასმანის შედეგების მათი თეორიული ინტერპრეტაცია ჟურნალ Nature-ის 1939 წლის თებერვლის გამოცემაში გამოაქვეყნეს. ფრიშმა და მაიტნერმა შეიმუშავეს ექსპერიმენტები თავიანთი ჰიპოთეზის შესამოწმებლად. მომდევნო კვირების განმავლობაში მათ მიღებული შედეგებით გამოაქვეყნეს კიდევ ორი ნაშრომი, რომლებიც პირველი ფიზიკური მტკიცებულება გახდა იმისა, რასაც ფრიშმა „ატომის გახლეჩა“ უწოდა.

კულისებს მიღმა მაიტნერისა და ჰანის მიმოწერა უთანხმოებაში გადაიზარდა. ჰანი ფიქრობდა, რომ ლიზა მასზე ბრაზობდა იმის გამო, რომ ნაშრომი მის გარეშე გამოაქვეყნა.

„სხვა რა შემეძლო?“ — მისწერა მან მაიტნერს — „დამიჯერე, ჩემი ნება რომ იყოს, ახლაც ერთად ვიმუშავებდით და ვიმსჯელებდით საკითხებზე, როგორც მანამდე!“

ჰანი წნეხის ქვეშ იყო იმის გამო, რომ ებრაელ მეცნიერთან ერთად მუშაობდა.

„რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცები დიდად არ მადარდებს, მაგრამ არ მინდოდა სხვებთან იმის აღიარება, რომ ერთადერთი იყავი, ვინც ყველაფერს მაშინვე მიხვდა“, — მისწერა მან მაიტნერს 1939 წელს.

მოგვიანებით, იმ წელს გერმანია პოლონეთში შეიჭრა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და რბოლა ატომური ბომბის შექმნისთვის.

გავრცელდა ხმა ატომის გახლეჩის შესახებ. მართალია, ცალკეული გახლეჩილი ატომი არ წარმოქმნიდა საკმარის ენერგიას პოტენციური იარაღისთვის, მაგრამ ზოგი ვარაუდობდა, რომ ჯაჭვური რეაქცია ამას შეძლებდა. ურანის ნეიტრონებით დაბომბვა არამხოლოდ უფრო მსუბუქ ელემენტებს, არამედ უფრო მეტ ნეიტრონსაც წარმოქმნიდა. თუკი ეს ნეიტრონები კიდევ უფრო მეტ ურანს დაეჯახებოდა, რეაქციას შეეძლო საკუთარი თავის უზრუნველყოფა.

ამერიკის მთავრობამ ასეთი იარაღის შესაქმნელად მანჰეტენის პროექტი დაიწყო. მასში მაიტნერის მრავალი კოლეგა ჩაერთო, მათ შორის ფრიში და ბორი. ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია აინშტაინს, თუმცა მან პრეზიდენტ ფრენკლინ დელანო რუზველტს მისწერა წერილი, რომელშიც მოუწოდა, უზრუნველეყო ურანის უსაფრთხოება და დაეფინანსებინა ჯაჭვური რეაქციის ექსპერიმენტები.

მაიტნერმა, მოწვევის მიუხედავად, პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. „მე არაფერი მესაქმება ბომბთან“ — თქვა მან თავისი ცნობილი ფრაზა. 1945 წელს, მას შემდეგ რაც ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდეს, ზოგიერთ გაზეთში დაიწერა, რომ მაიტნერმა იარაღის რეცეპტი თავისი ხელჩანთით ჩუმად გამოიტანა ნაცისტური გერმანიიდან. მაიტნერმა ეს უარყო. „ამერიკაში ბევრად მეტი იცით ატომურ ბომბზე, ვიდრე მე“, — უთხრა მან The New York Times-ს 1946 წელს.

ერთი წლის შემდეგ, 1945 წელს, ჰანი წარადგინეს 1944 წლის ნობელის პრემიაზე ქიმიის დარგში — ატომის გახლეჩის აღმოჩენისთვის. იმავე წელს მაიტნერი და ფრიშიც იყვნენ ნომინირებულნი ფიზიკის დარგში, თუმცა ნობელის პრემია მხოლოდ ჰანმა მიიღო.

„მტკიცე ტრადიცია“

მაიტნერი ჩამოდის ნიუ-იორკში, 1946 წლის იანვარი. „ამერიკაში ბევრად მეტი იცით ატომურ ბომბზე, ვიდრე მე“, — უთხრა მან The New York Times-ს იმავე წელს — Associated Press

ნობელის პრემიის განხილვის დეტალები საიდუმლოდ რჩება ჯილდოს გაცემიდან 50 წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ჰანის გამარჯვებასთან დაკავშირებული საბუთები გამოქვეყნდა, მეცნიერების ისტორიკოსებმა 1997 წელს Physics Today-ში გამოაქვეყნეს ამ განხილვების ანალიზი. „მაიტნერი ამ ფაქტს საერთოდ არ გაუღიზიანებია“, — დაწერეს მათ — „მან ძალიან ცოტა თუ დაიჩივლა და ძალიან ბევრი აპატია“.

კეიტი ჰაფნერი ამ მიდგომას არ ეთანხმება: „ვინ იტყოდა, რომ „იცით, რა, მე გაღიზიანებული ვარ“? ეს როგორ გამოჩნდებოდა?

მარისა მოსის აზრით, „გაღიზიანებული“ შეუფერებელი სიტყვაა. მან თქვა, რომ წვლილის დაუფასებლობის გამო „ის ძალიან, ძალიან გულნატკენი იყო“. ასევე, იმის გამო, რომ ფიქრობდა, ჰანი გერმანიის მიმართ პასიურ ერთგულებას ინარჩუნებდა. 

„ჩემთვის ძალიან ცხადი იყო, რომ ჰანს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა მის არამეგობრულ ქცევაზე“, — მისწერა მაიტნერმა მეგობარს 1946 წელს — „ბუნებრივია, მასთან ერთად გატარებული დრო გარკვეულწილად მტკივნეული იყო, მაგრამ ამისთვის შემზადებული ვიყავი და მტკიცედ შევიკავე თავი, რომ პირადი გარჩევები არ დამეწყო“.

მაიტნერი კიდევ ხუთჯერ იყო ნომინირებული 1946 წლის ნობელის პრემიაზე ფიზიკის დარგში. Physics Today-ის სტატიის ავტორების თქმით, ნობელის კომიტეტი ამტკიცებდა, რომ „მტკიცე ტრადიცია“ იყო პრემიის მინიჭება არა თეორიული, არამედ ექსპერიმენტული აღმოჩენებისთვის.

თუმცა, დიმიტრიოს მაცაკისმა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიის ყოფილმა ფიზიკოსმა, თქვა, რომ შეუძლებელია ერთმანეთისგან განაცალკეო „ექსპერიმენტალისტებსა და თეორეტიკოსებს შორის არსებული ურთიერთკავშირი. მათ ერთმანეთი სჭირდებათ“ (მაცაკისმა მაიტნერზე 2018 წელს შეიტყო და შეიტანა პეტიცია, სახელი გადაერქვათ სხვა რადიოაქტიური პროცესისთვის, რათა ამ აღმოჩენაში მაიტნერის როლი დაფასებულიყო).

მაცაკისის თქმით, ჰანი იმსახურებდა პრემიას, თუმცა მას იმსახურებდა მაიტნერიც: „[მაიტნერს] უნდა მიეღო ნობელის პრემია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.

შედარების სახით, მეცნიერები აღნიშნავენ ჩინელ-ამერიკელი ფიზიკოსის, ციანსიუნ ვუს შემთხვევას, რომელმაც ჩაატარა ექსპერიმენტები იმის საჩვენებლად, რომ ზოგიერთი ნაწილაკი არ ემორჩილება სარკულ სიმეტრიას. 1957 წელს ვუს ორმა კაცმა კოლეგამ მოიგო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში მისი ექსპერიმენტების შედეგებით დადასტურებული თეორიის შექმნის გამო.

პრემიის მიმღები — ექსპერიმენტალისტი ან თეორეტიკოსი — „როგორც ჩანს, შებრუნებული იყო ამ ორ შემთხვევაში. და ორივე შემთხვევაში ქალის შრომა დარჩა დაუფასებელი“, — თქვა ჰარი საალმა, ფიზიკოსმა, რომელსაც ვუ ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. 

მაიტნერის ხსოვნის უკვდავყოფა

მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად 1959 წელს ბერლინის ჰან-მაიტნერის ინსტიტუტის საზეიმო გახსნაზე (დღეს ეწოდება ჰელმჰოლცის სახელობის ბერლინის ცენტრი) — Heinrich Sanden Sr./Associated Press

გვიან წლებში ჰანი, როგორც ჩანს, სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა. ის და მაიტნერი მეგობრებად დარჩნენ და მან მაიტნერს გერმანიაში მაქს პლაკის ინსტიტუტში ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა, თუმცა ლიზამ უარი თქვა. 1948 წელს ჰანმა მაიტნერი ნომინაციაზე წარადგინა ნობელის პრემიაზე ფიზიკის დარგში.

მთლიანობაში მაიტნერი 46-ჯერ იყო ნომინირებული ნობელზე, ფიზიკასა და ქიმიაში, თუმცა პრემია არასდროს მიუღია (დღემდე მხოლოდ ხუთ ქალს აქვს მიღებული ნობელის პრემია ფიზიკის დარგში და მხოლოდ რვას — ქიმიის დარგში).

1968 წელს მაიტნერი 89 წლის ასაკში, ინგლისში გარდაიცვალა. The Times-ში მისი გარდაცვალების ცნობაში მაიტნერი მოხსენიებული იყო, როგორც „ატომური პიონერი“ და „ოტო ჰანის, ნობელის პრემიის ლაურეატი ბირთვული ქიმიკოსისა და ბირთვის გახლეჩის აღმომჩენის, სამეცნიერო პარტნიორი“.

2020 წელს ნობელის პრემიის ოფიციალურმა ანგარიშმა X-ზე (ძველად Twitter-ზე) აღიარა, რომ ატომის გახლეჩა ჰანმა და მაიტნერმა ერთად აღმოაჩინეს. პოსტს თან ახლდა ნახატი, რომელზეც მაიტნერი ჰანის უკან იდგა, რამაც ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია.

ნებისმიერი მცდელობა, მაიტნერს პრემია გარდაცვალების შემდეგ მიენიჭოს, ფუჭი იქნება.

„ნობელის გაცემის შემდეგ უკან დასახევი გზა არ არსებობს“, — თქვა დოქტორმა საიმმა.

მანვე დაამატა, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის მაიტნერის აღიარება აწმყოშიო: “და მისი გამოტოვება ოპენჰაიმერზე გადაღებული ახალი ფილმიდან „არ იყო საპატიო“.

მოსი ჯერ კიდევ თარგმნის მაიტნერის წერილებს, ჯერჯერობით მან 700 გვერდზე მეტი დაამუშავა.

„ახლა ამას უკვე იმიტომ ვაკეთებ, რომ [მაიტნერი] შემიყვარდა“, — თქვა მან — „ის გასაოცარი ადამიანია“.

მოსი გეგმავს მაიტნერზე კიდევ ერთი წიგნის დაწერას მთელი იმ მასალის გამოყენებით, რომელიც პირველ წიგნში ვერ მოხვდა.

რამდენიმე თვის წინ ჰაფნერმა და მისმა მეგობარმა მაიტნერის საფლავი მოინახულეს, რომელიც პატარა ინგლისურ სასაფლაოზე მდებარეობს, „უკაცრიელ ადგილას“. მათ საათ-ნახევარი დასჭირდათ, სანამ იპოვიდნენ ფერდაკარგულ საფლავის ქვას, რომელიც სარეველებით იყო დაფარული.

ჰაფნერი გაოცებული იყო იმით, თუ რამდენად ჩვეულებრივი იყო საფლავი ასეთი „დიდებული მეცნიერისთვის“. თუმცა, ის ანუგეშა იმ ფაქტმა, რომ საფლავზე პატარა ქვა იდო, რაც გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის გამომხატველი ებრაული ტრადიციაა. ჰაფნერმა საფლავს თავადაც დააწყო მონახულების ქვები მისი, მოსის, ბორის, აინშტაინის, ფრიშისა და თვით ჰანის სახელზეც კი.

ასე იმახსოვრებენ ადამიანებს, თქვა ჰაფნერმა.

„სანამ ამას არ დავუპირისპირდებით და არ გავაგრძელებთ ხალხისთვის მაიტნერის მნიშვნელოვანი წვლილის შეხსენებას, ამ წვლილს, უბრალოდ, არ აღიარებენ“— დაამატა მან. ამიტომაც „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა სამართალი აღდგეს“.

წყარო: The New York Times