სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები შშმ და ლბქ ქალებისთვის — დეტალები PHR-ის კვლევიდან

PHR

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გამოაქვეყნა კვლევა — სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ლბქ ქალებისთვის, რომელიც მიზნად საჭიროებების კვლევასა და გამოცდილებებს შორის თანაკვეთის შესწავლას.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოაზრებულია როგორც ფიზიკური, ემოციური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, რაც დაკავშირებულია სექსუალობის და რეპროდუქციის ყველა ასპექტთან. განმარტების მიხედვით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა არ გულისხმობს მხოლოდ დაავადების ან დისფუნქციის არარსებობას და მიიღწევა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების რეალიზაციით, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

კვლევაში განხილულია ის გამოწვევები, რაც შშმ და ლბქ ქალებს/ადამიანებს ეიბლიზმის, ქვიარფობიისა და სოციალური სტიგმის გამო აქვთ, ნაკვლევია ის დამატებითი გამოწვევებიც, რაც შეზღუდული შესაძლებლობისა და სექსუალური და გენდერული იდენტობის თანაკვეთისას წარმოიშობა, გაანალიზებულია კანონმდებლობა და აღსრულების ნაწილში არსებული ხარვეზები.


ეიბლიზმი დამოკიდებულებების, პრაქტიკებისა და სისტემური ბარიერების ერთობლიობაა, რომლებიც შშმ პირებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, მათ საჭიროებებსა და პერსპექტივებს ყურადღების მიღმა ტოვებს. ეიბლიზმი სტანდარტად მოიაზრებს არა-შშმ ადამიანს, რაც არაინკლუზიურ გარემოსა და მიდგომებს იწვევს.


პერსონალური ავტონომია

შშმ და ლბქ ქალები პერსონალური ავტონომიის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა მიზეზი სხვადასხვაა — შშმ ქალების შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვიდრებული ეიბლისტური დამოკიდებულება, ლბქ ქალების შემთხვევაში კი ჰომოფობია და ჰეტერონორმატიული დამოკიდებულებები.


პერსონალური ავტონომია ფართო ცნებაა და გულისხმობს საკუთარი ცხოვრების შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გარე გავლენების და წნეხის გარეშე. ინდივიდუალური ავტონომია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპადაა განსაზღვრული. კვლევაში პერსონალური ავტონომია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის წინაპირობად არის განხილული.


შეზღუდული შესაძლებლობისა და ლბქ იდენტობის თანაკვეთისას სტიგმა და ბარიერები მძლავრდება. თანაც, შეზღუდული შესაძლებლობის არსებობისას, საზოგადოება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან, ზოგადად, სექსუალობასთან დაკავშირებით საუბარს არარელევანტურად მიიჩნევს. ხშირად კი, თავად შშმ პირები არიდებენ თავს სექსუალურ იდენტობაზე საუბარს, რათა ორმაგი სტიგმა აირიდონ.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ნაკლებად საუბრობენ სექსუალობის, სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ალბათ ბევრი წლის გასვლაა საჭირო იმისთვის, რომ ამ საკითხებზე თავისუფლად საუბარი დაიწყოს“, — ამბობს ორგანიზაცია ქალი და რეალობის ხელმძღვანელი კვლევის ფარგლებში.

რესპონდენტების თქმით, მათი დაკვირვებით, ხშირად პერსონალურ ავტონომიას ოჯახის წევრები უზღუდავენ, რომლებზეც სტიგმის გავლენა მოქმედებს.

„პარტნიორი რომ მყავდა, ჩემს მშობლებს გაუკვირდათ, რომ როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა როცა დამოუკიდებლად თავს ვერ უვლიო. ეს ხომ მათი გადასაწყვეტი არაა. მეზობლების და გარშემომყოფების გავლენა მაინც იყო”, — აღნიშნავს ერთ-ერთი რესპონდენტი, შშმ ქალი. კიდევ ერთი რესპონდენტი კი ამბობს, რომ როცა საქმე გვაქვს ინტელექტუალურ შეზღუდვასთან, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმედ არის — “პირის ნათქვამს ოჯახიც არ იღებს სერიოზულად და ბავშვებად აღიქვამენ. თვითონ ამ ადამიანს რა უნდა, არავინ ითვალისწინებს“.

ქვიარ ადამიანების შემთხვევაში პერსონალურ ავტონომიას საფრთხე არაჰეტერონორმატიული სექსუალური ან გენდერული იდენტობის გამო ექმნება. ქვიარ ფობია რიგი მიმართულებებით ქმნის ბარიერებს, მათ შორის, ჯანდაცვის სერვისების მიღების დროს. ამასთან, ქვიარ ქალებს საკუთარი იდენტობის გამო ხშირად ოჯახის მხარდაჭერა არ აქვთ, რაც დამატებითი გამოწვევაა ინფორმაციასა და სერვისებზე წვდომისთვის.

ამასთან, რესპონდენტების თქმით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას ვაწყდებით მაშინ, როცა რეგიონში, მთიან დასახლებაში მცხოვრები შშმ პირის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, თუ შეზღუდულ შესაძლებლობას არაჰეტერონორმატიული სექსუალური და გენდერული იდენტობა ახლავს, პოტენციური რისკები კიდევ უფრო მძიმეა.

„მაღალმთიან რეგიონებში ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვება, რომ გაიგონ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სექსუალური უმცირესობაა. ამ დროს გასაქცევიც არ გაქვს, თუ სრულად ოჯახზე და გარშემომყოფებზე ხარ დამოკიდებული“, — ამბობს კვლევის მონაწილე ქვიარ აქტივისტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი. კვლევაში კი აღნიშნულია ექსპერტების მოსაზრება, რომ აუცილებელია რეგიონში არსებული ქვიარ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რადგან თბილისში არსებულმა ორგანიზაციებმა ნაკლებად იციან ადგილობრივი კონტექსტი.

ეკონომიკური ავტონომია

კვლევაში განხილულია ეკონომიკური ავტონომიის მიმართულებით არსებული გამოწვევებიც, როგორც პერსონალური ავტონომიის მნიშვნელოვანი ასპექტის.

ეკონომიკური ავტონომიის არარსებობისას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შშმ და ლბქ ქალები საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას საფუძვლიანად შეძლებენ — როცა ფინანსებს ოჯახი განკარგავს, რომელიც შშმ ქალის სექსუალობასა და რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს რელევანტურად არ თვლის, ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებული რისკები მატულობს. ამასთან, ეკონომიკური ავტონომიის შემთხვევაშიც კი ძნელია კვალიფიციური სპეციალისტის მოძიება, რომელსაც მგრძნობელობაც აქვს.

სექსუალური ავტონომია

გარდა ამისა, რესპონდენტების გამოცდილება ეხმიანება აზრს, რომ სექსუალური ავტონომიის წართმევა, შშმ ადამიანების ჩაგვრაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.

“სექსუალობის შეცნობის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და აქვს მენტალური, ფიზიკური, სოციალური ასპექტები. პირად სივრცესთან ერთად, ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვისთვის აუცილებელია სექსუალობასთან დაკავშირებულ სანდო და ყოვლისმომცველ ინფორმაციაზე წვდომა. თუ ეს ინფორმაცია შეზღუდულია კულტურული ტაბუების გამო, ბუნებრივია, ადამიანებს გაუჭირდებათ საკუთარი გრძნობებისა და სურვილების იდენტიფიცირება”, — ნათქვამია კვლევაში და პერსონალური ავტონომიის მოპოვების გზაზე ხაზგასმულია ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური სერვისების არსებობის აუცილებლობა.

სამედიცინო სისტემის გაუმართაობა

“სამედიცინო სისტემაში არსებული არაადაპტირებული გარემო და ეიბლისტური და ჰეტერონორმატიული დამოკიდებულებები ხელს უშლის ქალებს მიიღონ საჭიროებების შესაბამისი სერვისები და ისარგებლონ უფასო სკრინინგ პროგრამებით, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და პრენატალური გამოკვლევები. ამასთან, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გეოგრაფიული მისაწვდომობის საკითხი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის და ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობებს და ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემის შექმნის აუცილებლობას”, — აღნიშნულია კვლევაში და განხილულია ინფორმაციის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზებიც — ფორმალური განათლების სისტემაში ასაკის შესაბამისი ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების არარსებობა, არაფორმალურ განათლების წყაროების არაინკლუზიურობა და ტრენინგების ქალაქებში ჩატარების პრაქტიკა, რაზეც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და გოგოებს იშვიათად მიუწვდებათ ხელი.

„სერვისის მისაღებად მისვლა შესაძლოა რამდენჯერმე დაგჭირდეს და ამ შემთხვევაში გადაადგილების პრობლემა იკვეთება. განსაკუთრებით თუ რეგიონიდან ჩამოდიხარ, მობილობის შეზღუდვა გაქვს და თანმხლები გჭირდება“, — აღნიშნავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროს ექსპერტი, მედეა ხმელიძე კვლევის ფარგლებში.

PHR-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს, შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად, რომელიც სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების გარანტიებსა და მომსახურების მისაწვდომობაზე არადისკრიმინაციულ მიდგომასაც მოიცავს, მისი განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ამასთან, არ მომხდარა კონვენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის დონეზე ჰარმონიზაცია.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ნაწილს დღემდე არ აქვთ წვდომა გინეკოლოგიურ სერვისზე ადაპტირებული გინეკოლოგიური კაბინეტების არარსებობის გამო. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არ აქვთ ინფორმაცია სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ხშირად ექიმები არ იცავენ კონფიდენციალურობის პრინციპს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის სამედიცინო ისტორიის დეტალებს ოჯახის წევრებთან განიხილავენ, რაც მრავალმხრივ პრობლემურია”, — აღნიშნულია კვლევაში და ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში სამედიცინო სერვისების ნაკლებობაა — გარემო მიუწვდომელია და არ არის ადაპტირებული, სამედიცინო პერსონალს კი ნაკლებად აქვს მგრძნობელობა.

იგივე მდგომარეობა იკვეთება ლბქ ადამიანების შემთხვევაშიც, სერვისები საჭიროებებს არ აკმაყოფილებს, რაც კვალიფიკაციური კადრის ნაკლებობით არის განპირობებული. ხოლო, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლბქ ადამიანის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, კიდევ უფრო რთულია ორივე მხრივ ადაპტირებული სერვისის მოძიება, რაც ჯანმრთელობისთვის რისკისშემცველია.

“გარდა ამისა, ყველასთვის პრობლემურია სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული ცოდნა. აღნიშნული საკითხები არაა ინტეგრირებული განათლების სისტემაში, არაფორმალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია კი შესაძლოა არ იყოს სანდო, ინკლუზიური და ყოვლისმომცველი”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს, PHR-ის მიერ მოშველიებული სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციული დამოკიდებულება და პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის უფლებების დარღვევა კვლავ ფიქსირდება. კვლევების მიხედვით: 

  • ლგბტ პირები წარსული უარყოფითი გამოცდილებების ან ნეგატიური მოპყრობის შიშის გამო ხშირად თავს არიდებენ ექიმთან მისვლას და თვითმკურნალობას ცდილობენ;
  • გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ჰომოსექსუალობას აღიქვამს როგორც პრობლემას, რომელსაც სამედიცინო ჩარევა სჭირდება.

“ყველაზე დიდი პრობლემა სერვისების კუთხით არის არაეთიკურობა ექიმების მხრიდან. მქონდა შემთხვევა, როდესაც ექიმთან ვიზიტის დროს დამეწყო პანიკური შეტევა და ეს ექიმისთვის ძალიან გაუგებარი იყო, რამაც ჩემი მენტალური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა“, — კვლევის მონაწილე ლბქ ქალი.

კვლევის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი კი აღნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტისას, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შემთხვევა ჰქონია — “ექიმმა მარტო არ მიმიღო, მხოლოდ დედაჩემის თანდასწრებით მიმიღო. სერიოზულ პიროვნებად არ ჩამთვალა. თვითონ არ იცოდა, რომ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია და მარტო უნდა მივეღე”. 

ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებულ წუხილებსა და ხარვეზებზე ასევე საუბრობს რესპონდენტი, რომელიც გინეკოლოგია.

“წესით და რიგით ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ ჩნდება ეჭვი. შეიძლება საერთო სივრცეში გვიწევდეს საუბარი ან სხვა ექიმის თანდასწრებით. თუ პაციენტს ინტერპრეტაცია სჭირდება, შეიძლება გვიწევდეს იმ ადამიანის გავლით საუბარი, ვინც ჟესტების ენა იცის“.

ამასთან, რესპონდენტების გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ექიმები ხშირად გამორიცხავენ შშმ ქალების რეპროდუქციას, ლბქ ქალების შემთხვევაში კი ჰეტერონორმატიულ მიდგომას მიმართავენ. ერთ-ერთი გამოკითხული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც ორსულად იყო, იხსენებს ვიზიტს ექიმთან, რომელსაც არ ჰქონდა ცოდნა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსულებთან არ ჰქონიათ არასდროს შეხება და არც ცოდნა ჰქონდათ ამ თემაზე. უკვირდათ და მგრძნობელობა დაბალი იყო. ვცდილობდი სიტუაცია არ დამეძაბა და ვასწავლიდი, არადა, არ ვარ ექიმი და პირიქით, აქეთ უნდა გეხმარებოდეს ექიმი. მეორე ბავშვის გაჩენის სურვილი გამიქრა“.

რა უნდა შეიცვალოს?

მრავალი გამოწვევის მიუხედავად, PHR-ის თანახმად, არ არსებობს კვლევები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლბქ ქალების გამოწვევებს ასახავდა. არადა, ეს ცოდნა ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შესაქმნელად, ადვოკატირებისთვის, ჯანდაცვის მუშაკების სენსიტიური და ეთიკური საქმიანობისთვის აუცილებელია.

PHR ხაზს უსვამს ისეთი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ლბქ ქალების უფლებებისა და ავტონომიის დაცვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა. 

ამასთან, აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროს სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად სახელმწიფომ, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავალდებულოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, დაესწრონ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობაზე ექიმები ხშირად ამბობენ უარს.

აუცილებელია, რომ პაციენტზე მორგებული ზრუნვის მოდელი დამკვიდრდეს, რაც მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლებს ღირსეულ და ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

“პაციენტზე მორგებული ზრუნვა გულისხმობს ინდივიდუალური პაციენტების ღირებულებებისა და პრეფერენციების ცენტრში მოქცევას და იმის აღიარებას, რომ ყველა პაციენტს უნიკალური გამოცდილებები და საჭიროებები აქვს. დღესდღეობით სამედიცინო სფეროში ხშირად ცენტრში მოქცეულები არიან ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პროფესიონალები და ჯანდაცვის ინსტიტუტები, ხოლო პაციენტებს უწევთ მოერგონ სისტემას, რომელიც მათი უნიკალურ საჭიროებებს არ ითვალისწინებს”, — განმარტებულია კვლევაში.

გარდა ამისა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გეოგრაფიული მისაწვდომობის საკითხის ხაზგასმა უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრ რეგიონში ხარისხიანი სერვისი მისაწვდომი არ არის, რაც მომსახურების მისაღებად დიდი მანძილის გავლას, დროისა და ფინანსური რესურსის საჭიროებას გულისხმობს. კვლევის თანახმად, ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად დგას შშმ და ლბქ ქალების შემთხვევაში — ადაპტირებული დაწესებულებები დიდ ქალაქებშიც კი არაა მისაწვდომი, ლბქ ქალებს კი ნაკლები მოლოდინი აქვთ, რომ რეგიონის ექიმები სენსიტიურობის, კონფიდენციალურობის პრინციპს დაიცავენ და არაჰეტერონორმატიული მიდგომა დახვდებათ.

რესპონდენტები გამოკვეთენ ჯანდაცვის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დამკვიდრების საჭიროებასაც, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჰოლისტურ ხედვას გულისხმობს და აღიარებს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთკავშირს. ჯანდაცვის სისტემა უნდა ხედავდეს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ფიზიკურ ასპექტებსა და სპეციფიკურ საჭიროებებს, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე, ადამიანის ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობასა და იმ სოციალურ ფაქტორებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობის განმაპირობებელია.

და ბოლოს, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასაკის შესაბამისი ინფორმაციის არქონა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ფორმალური განათლების სახელმძღვანელოებში ინფორმაცია გაფანტულია, ფრაგმენტული და არაინკლუზიური, მასწავლებლებს არ აქვთ სათანადო კომპეტენცია. რესპონდენტების ნაწილი ცოდნას არაფორმალური გზებით იღებს, თუმცა ეს გზა არასისტემურია და გეოგრაფიული დაფარვაც არ აქვს საკმარისი. ამასთან, პრობლემაა ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომაც. განსაკუთრებით ეს პრობლემა შშმ ქალებს უქმნის საფრთხეს, რადგან ხშირად ოჯახის წევრებისგანაც კი ვერ იღებენ ინფორმაციას. ერთი მხრივ, აუცილებელია ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სექსუალური განათლება, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური ტრენინგების უკეთესი გეოგრაფიული დაფარვა და ინკლუზიურობა.


⇒ ასევე წაიკითხეთ: რა ბარიერებს აწყდებიან შშმ ქალები დასაქმებისას და რას ამბობს კანონი