აკვარიუმის მცენარეების სასუქი
აკვარიუმის მცენარეების სასუქი

აკვარიუმის მცენარეების სასუქი

აკვარიუმის სასუქი ქიმიური ელემენტებისგან და ნაერთებისგან შედგება, მაგრამ იმისათვის, რომ სასუქი აკვარიუმში გამოვიყენოთ ქიმიის ცოდნა არ არის აუცილებელი, თუმცა საჭროა იცოდეთ თუ რას წარმოადგენს აკვარიუმის სასუქი და რისთვის გამოიყენება.

მართალი რომ გითხრათ ქიმიაში ვერც მე ვერკვევი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის გამოვიყენო სასუქები და მქონდეს ჯანსაღი მცენარეებიანი აკვარიუმები.

გრძელი და მომაბეზრებელი პოსტი რომ არ გამოვიდეს მარტივად ვეცდები ავხსნა ეს თემა და ქიმიას არ ჩავუღრმავდე (და ვერც ჩავუღრმავდები 🙄)

მცენარეებიან აკვარიუმს ალბათ ინტუიციაც სჭირდება, უნდა ხვდებოდეთ რა სჭირდებათ წყლის მცენარეებს. იგივე შემიძლია ვთქვა ქოთნის მცენარეებზეც. ზოგიერთი ადამიანისგან ალბათ გსმენიათ, რომ ვერაფრით ახერხებენ სახლის მცენარის გახარებას.

თუ აკვარიუმში ყველანაირი მცდელობის მიუხედავად არ გამოგდით წყლის მცენარეების გახარება და მხოლოდ ალგეს ახარებთ, ან მცენარეებიანი აკვასკეიპი არ არის თქვენი მიზანი და უბრალოდ თევზები გიყვართ, ესეც არ წარმოადგენს პრობლემას. შეგიძლიათ იყოლიოთ ციხლიდები, რომლებსაც არ სჭირდებათ მცენარეები თავის შესაფარებლად და აკვასკეიპიც შეიძლება მხოლოდ ქვებით გააწყოთ.

როდის უნდა გამოვიყენოთ აკვარიუმში სასუქი?

აკვარიუმში სასუქებს იყენებენ როდესაც:

  • თუ შეამჩნევთ, რომ მცენარეები ვერ იზრდებიან და ფოთლებიც უფუჭდებათ, მაშინ სჯობს სასუქები მიახმაროთ.
  • თუ co2 გაქვთ გაშვებული მაღალ განათებასთან ერთად.
  • მაღალი ინტენსივობის განათებაა
  • აკვარიუმში არის ბევრი მცენარე

მცენარეებიან აკვარიუმში სასუქის გამოყენების ერთი კონკრეტული წესი არ არსებობს. შეიძლება სასუქის შეფუთვაზე ეწეროს კიდეც ინსტრუქცია, მაგრამ ყველა აკვარიუმი ხომ ინდივიდუალურია? გააჩნია რა მცენარეები გვაქვს და რა რაოდენობით, რამდენი თევზია და როგორ ხდება მათი კვება, როგორი განათებაა და გრუნტია, წყლის როგორი პარამეტრებია. მოკლედ, ძალიან ბევრი ვარიაცია შეიძლება იყოს, ამიტომ სასუქის გამოყენებისას თავად უნდა დააკვირდეთ თქვენს აკვარიუმს და მცენარეებს.

როდის არ გვჭირდება სასუქი აკვარიუმში ?

აკვარიუმში სასუქი ხშირად არ სჭირდებათ როდესაც:

  • მცენარე არ არის აკვარიუმში ან ძალიან ცოტაა
  • არის დაბალი განათება
  • თუ მცენარეები, რომლებიც უკვე არის აკვარიუმში, უპრობლემოდ იზრდებიან სასუქის გარეშეც.
  • აკვარიუმში თევზები არიან, საკმარისი რაოდენობის საკვები იყრება და თევზებიც საკმარის ნარჩენებს გამოყოფენ, ანუ საკმარისი ბიომასაა. დამატებით სასუქი ასეთ შემთხვევაში არ არის ხოლმე საჭირო.
ქოთნის მცენარე VS აკვარიუმის მცენარე

შევადაროთ წყლის მცენარე ქოთნის მცენარეს. ქოთნის მცენარე ხშირად სპეციალურ მიწაშია, რომელიც უკვე გაჯერებულია სასუქით და მცენარეც ხარობს.

მცენარის ზრდასთან ერთად იფიტება მიწაც და თუ ახალ მიწაში არ გადავრგავთ, ან სასუქს არ დავუმატებთ, მცენარე შეაჩერებს ზრდას, ყვავილობას, ფოთლები გაუყვითლდება და გაუხმება. პარალელურად არასაკმარის განათებაშიც თუ ვამყოფებთ, ამით დაჩქარდება მცენარის ჭკნობაც.

ასევეა აკვარიუმის წყლის მცენარეც. მას სჭირდება კვება და საკმარისი განათება. როდესაც ვერ იღებს საკვებს წყლიდან ან გრუნტიდან, მცენარეს უვითარდება დეფიციტი, რომელიც გამოიხატება ფოთლების სიყვითლეში, დნობაში, არასწორ ზრდაში, ხანდახან ნახვრეტებიც უჩნდებათ და ფოთლებიც ეგრიხებათ. შემდეგ ამ დაზიანებულ ნაწილებს ჭამენ ლოკოკინები, ფესვი ულპება და მცენარე ქრება.

განათება და ალგე

აკვარიუმში სასუქის გამოყენების დროს ყურადღება უნდა მიექცეს განათებასაც. თუ აკვარიუმში არის დაბალი განათება და დაიწყებთ დიდი ოდენობით სასუქების მიწოდებას, მცენარე ვერ მოასწრებს ამ საკვების ათვისებას და ზედმეტი სასუქით ისარგებლებს ალგე. მეორეს მხრივ, თუ მაღალია განათება, აკვარიუმში მცენარეს არ ექნება საკმარისი საკვები, ის ვერ გაიზრდება და ისევ ალგე ისარგებლებს მაღალი განათებით.

როგორც ხედავთ, იდეალური ბალანსი თავად უნდა იპოვოთ. არ არსებობს ზუსტი ფორმულა. რადგანაც ყველა აკვარიუმი ინდივიდუალურია, სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა განათება სჭირდება . ზოგიერთი მცენარე უფრო კარგად იზრდება, მაშინ როდესაც აკვარიუმში ნაკლები საკვებია. მაგალითად ჩემს წითელფესვიან მოტივტივე მცენარეს ( Phyllanthus fluitans ) იმ აკვარიუმში აქვს წითელი ფოთლები და ფესვებიც, სადაც ნაკლები ნიტრატებია, სხვა აკვარიუმებში მწვანე შეფერილობისაა.

აკვარიუმის განათებაზე ვრცლად აქ წაიკითხავთ: აკვარიუმის განათება

red root floaters წითელფესვიანი მოტივტივე
თხევადი და მყარი სასუქები

აკვარიუმის სასუქი გვხვდება ორი სახით. ხსნარის სახით და მყარი ტაბლეტების სახით. ორივეს ერთად კომბინაციით , კარგი განათებით და დამატებით Co2ით მაქსიმალურ შედეგებს მივიღებთ.

როდის გვჭირდება თხევადი და როდის მყარი სასუქი? ეს დამოკიდებულია აკვარიუმის გრუნტზე და თუ რა სახეობის მცენარეები გვაქვს აკვარიუმში.

აკვარიუმის თხევადი სასუქი

თხევადი სასუქით სარგებლობს როგორც ფესვიანი, ასევე ეპიფიტური მცენარე. ფესვიანი მცენარე იკვებება როგორც ფესვიდან ასევე ფოთლიდანაც. ეპიფიტური კი ისეთი მცენარეა, რომელიც საზრდოს იღებს ფოთლიდან.

პოპულარული ეპიფიტური წყლის მცენარეებია ბუცეფალანდრა, ანუბიასი, გვიმრები, ჰიგროფილა პინატიფიდა, რომლებიც შეგვიძლია ციანოაკრილატის წებოთი მივამაგროთ ბუნებრივ დეკორაციებს: ხის ფესვებს, ქვებს და შემდეგ ზრდასთან ერთად თვითონ შემოეხვევიან დეკორაციებს.

აკვარიუმის მყარი სასუქი

აკვარიუმის მყარი სასუქი კარგი საშუალებაა, როდესაც ინერტული გრუნტი გაქვთ(ქვიშა, წვრილი კენჭები). აკვარიუმის მყარი სასუქი მცენარის ფესვებთან ახლოს უნდა ჩაფლოთ ღრმად.

დიდხანსაც ძლებს, დაახლოებთ 3 თვეში უნდა ჩანაცვლდეს ახლით. თუ აკვარიუმის საფარი მცენარეები გაქვთ მოკლე ფესვებით, მაგალითად მონტე კარლო, მყარი სასუქი აკვარიუმში გარკვეული მანძილების დაშორებით უნდა ჩავდოთ გრუნტში. ხარისხიან ბრენდირებულ მყარ სასუქს მოჰყვება ინსტრუქციაც.

აკვარიუმის გრუნტის ტიპები და აკვარიუმის სასუქი

აკვარიუმში გამოვიყენოთ თუ არა სასუქი და როგორი ტიპის სასუქი გვჭირდება (თხევადი თუ მყარი) ასევე დამოკიდებულია გრუნტზეც. არსებობს ნეიტრალური გრუნტი და აკვარიუმის ბუნებრივი მიწაც (აკვასოილი). მცენარეებიან აკვარიუმში ყველაზე კარგად მცენარეები აკვასოილში ხარობენ.

ნეიტრალური გრუნტი და აკვასოილი

ქვიშა და წვრილი ფრაქციის კენჭების გრუნტი ნეიტრალური გრუნტია, რომელიც არ შეიცავს მცენარისთვის საჭირო მინერალებს. ასეთი გრუნტში ფესვიან მცენარეს დასჭირდება გრუნტის სასუქის ტაბლეტებიც.

თუ აკვასოილს იყენებთ, რომელიც ვულკანური წარმოშობის გრანულებიანი მიწაა. ახალი აკვარიუმის მიწა, საკმარის საკვებს შეიცავს მცენარეებისთვის და წყალშიც გამოყოფს ამ ნიტრატებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებს გამოფიტვას (შედარება: ისევე როგორც ქოთნის მცენარის მიწა), რის შემდეგაც უნდა მოხდეს ტაბლეტების სახით ფესვებში სასუქის ჩამატება.

(აკვასოილი აკვარიუმში დაახლოებით 2 წელი ძლებს, გააჩნია ფესვიანი მცენარეების რა რაოდენობაა აკვარიუმში, გამოფიტვის გარდა გრანულები იპრესება და ხდება ერთიანი მასა, რომელშიც მცენარეებს უჭირთ ფესვების გადგმა. ჩემი აკვარიუმი უკვე ორი წელია რაც გაშვებულია და საკმაოდ დიდი რაოდენობის მცენარეების მასამ გაიარა ამ ხნის განმავლობაში. ახლა უკვე ვიყენებ მცენარეების ფესვების ტაბლეტებს, რადგანაც გამოიფიტა და არც გამოცვლას ვაპირებ )

აკვარიუმის გრუნტზე აქ წაიკითხავთ: აკვარიუმის გრუნტის ტიპები

აკვარიუმის სასუქი aquarium plant fertilizer all in one
მიკრო და მაკრო ელემენტები

აკვარიუმის მცენარეებს ჯანსაღი ზრდისთვის საკვებად სჭირდებათ მიკრო და მაკრო ელემენტები. მაკროელემენტების გარკვეული წილი თევზებიან აკვარიუმში ისედაც იქნება, რადგანაც თევზის საკვები თუ თევზის მიერ გამოყოფილი ნარჩენი ამ მაკროელემენტებს შეიცავს. მაგრამ ყოველთვის არ ყოფნის მცენარეს თევზის მიერ გამოყოფილი ნარჩენი საკვებად და ამ დროს აზოტს, NPK სასუქს ამატებენ

რა არის NPK?

წყლის მცენარისთვის საჭირო მაკროელემენტად ითვლება აზოტი (N), ფოსფორი(P) და პოტასიუმი (K). ხშირად აკვარიუმის თხევად სასუქებს აწერია კიდეც NPK, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ელემენტებს შეიცავს სითხე. ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მაკროელემენტის მოქმედება მცენარეზე.

აზოტი (N)

აზოტი მცენარის ღეროს და ფოთლის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, ასევე მცენარის ქლოროფილის ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. თუ წყალში აზოტის ნაკლებობაა , მცენარეზე ეს აისახება ძველი ფოთლების სიყვითლით .

როგორც სულ თავში ავღნიშნეთ, როდესაც საკმარისი რაოდენობის საკვები და თევზია და მცენარეც ხარობს, ცალკე აზოტის დამატება საჭირო არ არის აკვარიუმში.

ფოსფორი (P)

ფოსფორი ზოგადად საჭიროა მცენარეების ყვავილობისთვის და ნაყოფისთვის, მაგრამ აკვარიუმის წყლის მცენარეებს ფოსფორი სჭირდებათ უჯრედებში ენერგიის შენახვისთვის . ფოსფორის დეფიციტის შემთხვევაშიც, მცენარეს აქვს ზრდის შეფერხება. თევზის მიერ გამოყოფილი ნარჩენიც (ფეკალია) შეიცავს ფოსფორს.

პოტასიუმი(K)

წყლის მცენარეებს პოტასიუმი ფესვებისთვის სიმყარისთვის და ფოთლებისთვის სჭირდებათ, პოტასიუმის ნაკლებობის შემთხვევაში მცენარეს უჩნდება ნახვრეტები.

გარდა NPK მაკროელემენტებისა მცენარეებს სჭირდებათ ასევე კალციუმი(Ca), მაგნიუმი(Mg) და გოგირდი(S)

მიკროელემენტები

მიკროელემენტების დამატება აკვარიუმში მცირე რაოდენობითაა საჭირო, რადგანაც მაკროელემენტებისგან განსხვავებით ნაკლებად მოიხმარს მცენარე. ეს ელემენტებია ბორი(B), მანგანუმი (Mn), თუთია (Zn), სპილენძი (Cu), კობალტი (Co), ნიკელი (Ni) რკინა (Fe)

რკინა (Fe)

სწრაფად მზარდ მცენარეს რკინა ესაჭიროება ქლოროფილისთვის, მწვანე პიგმენტისთვის, რომელიც მცენარეს ფოტოსინთეზის პროცესში მონაწილეობას, გარდაქმნის სინათლეს ენერგიად. ანუ როდესაც აკვარიუმში მაღალი განათებაა და მცენარე სწრაფად იზრდება რკინის დამატება საჭიროა რომ ზრდა არ შეჩერდეს.

ონკანის წყალიც შეიცავს გარკვეულ მინერალებს და მიკროელემენტებს, მაგრამ იმ რაოდენობით არა, რა რაოდენობაც მცენარეს სჭირდება. თან მცენარე მუდმივად საჭიროებს ამ ელემენტებს და აკვარიუმშიც საჭიროა პერიოდულად მიკროელემენტების დამატებაც.

წყლის პარამეტრებზე აქ წაიკითხავთ: წყლის პარამეტრები აკვარიუმში

აკვარიუმის სასუქების მოქმედება აკვარიუმის ბინადრებზე

კრევეტებისთვის სასიკვდილო შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით სპილენძი და აზოტი. ამიტომ კრევეტებისთვის ცალკე ფორმულით დამზადებული თხევადი სასუქები არსებობს ბაზარზე. ზოგადად ზედმეტი სასუქი არც თევზებისთვის არის კარგი, ამიტომ სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენებაც. თუ შემთხვევით ზედმეტი დოზა ჩაგესხათ, წყალი გამოუცვალეთ აკვარიუმს.

როგორ ავარჩიოთ აკვარიუმის სასუქი

ხარისხიან სასუქს აუცილებლად უნდა ეწეროს რომელ მაკრო თუ მიკროელემენტებს შეიცავს და რა პროცენტულობით.

თუ კრევეტები გყავთ კრევეტებისთვის უსაფრთხო სასუქი აარჩიეთ.

დასაწყისისთვის გირჩევთ All-In-One სასუქი შეიძინოთ, ყველაფერი-ერთში სასუქი, რომელშიც ყველა საჭირო ელემენტია ერთად. რა თქმა უნდა ცალკეც შეგიძლიათ დაამატოთ ერთ ინგრედიენტიანი სასუქი, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეთ რატომ ამატებთ და რისთვის გჭირდებათ.

სასუქებს რომელსაც ვიყენებ ან გამომიცდია:

იმედია ძალიანაც არ შევამოკლე ეს ვრცელი თემა, არ გამომრჩა მნიშვნელოვანი საკითხები. იმედი მაქვს წაკითხვის შემდეგ მეტნაკლებად გაგიადვილდებათ სასუქების არჩევა ან შეიძლება საერთოდ გადაიფიქრეთ მათი გამოყენება.

რადგანაც ყველა აკვარიუმი არის ინდივიდუალური, გირჩევთ სასუქის დამატება ეტაპობრივად დაიწყოთ მცირე რაოდენობით. ცვლილებები არ უნდა მოხდეს სწრაფად. დააკვირდით აკვარიუმს, თუ შეამჩნევთ, რომ ალგე გაჩნდა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ განათება დაბალი, ან Co2ის კონცენტრაცია გასაზრდელი. თქვენი აკვარიუმის ქიმიკოსი თავად უნდა გახდეთ და ექსპერიმენტების ჩატარებაც მოგიწევთ 🙂

არ გამოტოვოთ სიახლეები, გამომყევით ფეისბუქზე.