fbpx

47 – ახალი რესტორანი „ანტრესგან“


გააზიარე სტატია

სტუმრების თვალწინ ნაკვერჩხალზე მომზადებული უნიკალური კერძები და სასიამოვნო ატმოსფერო, რომელსაც გემოვნებიანი მუსიკა გასდევს ფონად – კოტე აფხაზის 47 ნომერში საცხობების ქსელ „ანტრეს“ დამფუძნებლებმა ახალი სალონური სივრცე „47“ გახსნეს, რომელიც მზადაა უმასპინძლოს ყველას, ვისაც გემრიელი და ,ამავდროულად, ჯანსაღი ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძების დაგემოვნება და თავისუფალი დროის საინტერესო და კომფორტულ გარემოში გატარება სურს.

ჯგუფ „ანტრეს“ 2008 წლიდან იცნობენ თბილისში, ბაქოსა და ლონდონში, სარესტორნო სივრცის გახსნით კი მისი თანადამფუძნებლებისათვის კიდევ ერთი ჯადოსნური ეტაპი დაიწყო: რესტორაციის მიმართულებით განვითარება მათი დიდი ხნის ოცნება და მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო – როგორც სივრცის დიზაინზე, ასევე გასტრონომიულ ხაზსა და რესტორნის ფილოსოფიაზე ფიქრს დამფუძნებლებმა რამდენიმე წელი დაუთმეს.

როგორც „ანტრეს“ ფრანგი თანადამფუძნებელი ჟან მიშელ შარლი გვიამბობს: „რესტორანი 47 – ეს მისი და მისი ქართველი პარტნიორის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ემოციებია, რომელიც თითოეული სტუმრის თეფშზე უნიკალურ კავშირს ქმნის ხალხებს, გემოებსა და კულტურებს შორის“. ჟან მიშელი სამხრეთ საფრანგეთში, რესტორატორების ოჯახში დაიბადა და მცირე ასაკიდან ეზიარა სფეროს, რომელზეც დღემდე თავდავიწყებითაა შეყვარებული – „6 წლის ასაკიდან მშობლებს, ჩემს და-ძმასთან ერთად, რესტორანში ვეხმარებოდი. ეს იყო ჯადოსნური სამყარო, რომლიდანაც ალბათ არასდროს გამოვალ. ნახევარ საუკუნეზე მეტია, კვების სექტორში ვარ და დღესაც იმ პატარა – 6 წლის ბავშვის ემოციებს დავატარებ, ვაგროვებ, ვუფრთხილდები და მინდა, ჩვენს სტუმრებს 47-ში დავახვედრო“.

დახვეწილი გარემოსა და მყუდრო ესთეტიკის გარდა „47“-ს სხვა სარესტორნო სივრცეებისაგან ღია ცეცხლზე შექმნილი კულინარია გამოარჩევს. სივრცის დამფუძნებლებმა დიდი ბრიტანეთიდან სპეციალურად მათთვის დამზადებული გრილი ჩამოიტანეს. კერძების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ გრილის ხაზზე, შეშასა და ნაკვერჩხალზე, სტუმრების თვალწინ მზადდება – რაც განსაკუთრებულად საინტერესო და მადისაღმძვრელია. საჭირო პროდუქციით რესტორანს მცირე ფერმერები ამარაგებენ, რომლებიც „ანტრეს“ დამფუძნებელთა ხედვას იზიარებენ ინგრედიენტების ორგანულობასა და სეზონურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

როგორც ჟან მიშელ შარლი ამბობს, 47 ეს არის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სალონური ურთიერთობების ერთგვარი აღდგენა, სცენა ხელოვნებისათვის მისი ყველა შესაძლო ფორმით, ადგილი გემოების რეალიზებისა და მაგიდის გარშემო გულწრფელი საუბრისთვის.

სივრცის გამოყენება მათ არა მხოლოდ ახალი და არომატული გემოების შესაქმნელად სურთ, არამედ ხარისხიანი მუსიკის გასაჟღერებლადაც –  გვსურს ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა მათ მიერ შექმნილი მუსიკა ჩვენს სივრცეში 47 წუთის განმავლობაში დაუკრან; ბევრი ექსპერიმენტული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ როგორც კლასიკური მუსიკის, ასევე ჯაზის ჟანრშიც. ჩვენი რესტორნის სივრცე როგორც მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს, ასევე დამწყებ, ახალბედა და გემოვნებიან ადამიანებსაც დაეთმობათ“.

„ანტრეს“ ჯგუფს სურდა გაეხსნა სარესტორნო სივრცე, სადაც ადამიანები მაგიდის გარშემო, ბართან თუ ღია სამზარეულოში დასხდებოდნენ, გემრიელად მიირთმევდნენ, გულწრფელად ისაუბრებდნენ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმენდნენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „47“ ზუსტად ისეთია, როგორიც მის დამფუძნებლებს წარმოედგინათ – მყუდრო და ძალიან გემოვნებიანი ადგილია, სადაც ცოცხალი და მადისაღმძვრელი არომატებით გაჯერებული ატმოსფერო სუფევს. ვფიქრობ, ახალ და საინტერესო გემოებთან თუ ხარისხიან მუსიკასთან ერთად, რესტორან „47“-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული ხიბლი იმ ნოსტალგიურ, თბილ ემოციათა ერთობლიობა და გასტრონომიული სფეროს მიმართ ის თავდადებული სიყვარულია, რაც მის შექმნას დაედო საფუძვლად და სივრცეში შებიჯებისთანავე გრძნობს ყველა სტუმარი.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.