მთავარი,სიახლეები

აჭარული სახლების არქიტექტურა

04.04.2015 • 17471
აჭარული სახლების არქიტექტურა

თუ გზას აჭარის მაღალმთიანეთისკენ შეუყვებით, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ ულამაზესი, ხით ნაშენი სახლები. ეს სახლები ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, რომლებმაც დროს გაუძლო.

ტიპიური აჭარული სახლი
ტიპიური აჭარული სახლი

სანამ აჭარელი სახლს ააშენებდა, პირველ რიგში სამოსახლო ადგილს ირჩევდა. შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება იყო საჭირო. ლეგენდის თანახმად, როცა სამოსახლო ადგილს მონიშნავდნენ, იქ ქვას დადებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველა დაიბუდებდა, ე.ი. ის ადგილი კარგი იყო საცხოვრებლად, ხოლო თუ ქვის ქვეშ ჭიაყელა დახვდებოდათ, მაშინ იმ ადგილს საცხოვრებლად უვარგისად მიიჩნევდნენ. აჭარაში სახლები ძირითადად მთებზეა შეფენილი. შერჩევის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ იყო თუ არა სამოსახლო ადგილი მეწყრული ან ზვავსაშიში. ერთი მხრივ, ცდილობდნენ მდინარესთან, წყალთან ახლოს აეშენებინათ, მეორე მხრივ, ისე ახლოსაც არა, რომ მდინარის კალაპოტს სახლისათვის საფრთხე შეექმნა.

მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლთან ახლოს ყოფილიყო სასმელი წყალი. თუ უწყლო ადგილას დასახლდებოდნენ, მაშინ მტკნარი წყალი ხის ღარებით გამოჰყავდათ სახლამდე. სახლისთვის საჭირო მასალას სოფლის თავზე მდებარე საგვარეულო ტყეებიდან ეზიდებოდნენ.

ტყე ძველად სამ ნაწილად იყო დაყოფილი: საკუთარი საფარი ტყე, საგვარეულო ტყე და საერთო სასოფლო ტყე. საფარ ტყეში ხის მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა. ოჯახის უფროსი უვლიდა და შიგადაშიგ ახალ ნერგებსაც რგავდა, რომ ტყე არ გამეჩხერებულიყო. საგვარეულო ტყით მხოლოდ ის გვარი სარგებლობდა, რომელსაც ეკუთვნოდა. სოფლის ტყეში ხის მოჭრა ყველას შეეძლო, თუმცა თუ ვინმეს დანიშნული ჰქონდა ესა თუ ის ხე, იმ დანიშნულ ხეს სხვა ვერ მოჭრიდა. ხეზე დატოვებულ ნიშანს „თაჯი“ ეწოდებოდა. ყველა გვარს თავისი თაჯი ჰქონდა.

სახლის საშენ მასალად ძირითადად გამოიყენებოდა წაბლი, მუხა, ნაძვი და ფიჭვი. მუხისა და წაბლის ხეების მასალას კოჭის ხეებად და კარ-ფანჯრებისთვის ხმარობდნენ.

სახლის შენებას აჭარლები კვირა დღეს იწყებდნენ. მშენებლობის დაწყება ამ დღეს სიკეთისა და ბედნიერების მომასწავებელი იყო. კვირა დღეს საძირკველს ქვის მარჯვენა კუთხეში ჩააგდებდნენ და სახლის მშენებლობაც დაწყებულად ჩაითვლებოდა. სახლის დიასახლისი საძირკველში საქონლის ბეწვს და ხურდა ფულს ჩაყრიდა. ასევე იქცეოდა ოჯახის უფროსიც. მათი რწმენით ასე ოჯახში საქონელი და ფული გამრავლდებოდა.

სახლის საშენი მასალისთვის ხეს მხოლოდ შემოდგომასა და ზამთარში ჭრიდნენ, მაშინ როცა ხეში წყალი არ იყო. ამ დროს მოჭრილ ხისგან დამზადებულ ფიცარს თეთრი ფერი ჰქონდა, რომელსაც მოგვიანებით მზე მუქ წაბლისფრად აქცევდა. სამშენებლო ხის შერჩევისას ხის ტანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – თუ ხეს დიდი კორძები ჰქონდა, სამასალედ არ გამოდგებოდა. სამასალე ხის შერჩევისას ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხის მარჯვენა და მარცხენა ზოლებს. თუ ხის კანზე ღარები ძირიდან ზევით, მარცხნივ მიემართებოდა, ასეთი ხე სამასალედ გამოდგებოდა. ხოლო თუ ხის ღარების ზემოდან ქვემოთ მოემართებოდა უვარგისად მიიჩნეოდა. ასეთი ხისგან გამოთლილი ფიცარი მრუდდებოდა.

სამასალედ მოჭრილ ხეებს მორებად ხერხავდნენ და ისე გამოჰქონდათ ტყიდან. ხის მოსაჭრელად და დასამუშავებლად ცულ-ნაჯახებს იყენებდნენ. ფიცარს კი შემდეგი წესით ხერხავდნენ: ორ ან ოთხ ბოძზე ეწყობოდა ე.წ. სკელე, რომელზედაც მორს რკინებით ამაგრებდნენ. შემდეგ ლარს გააბამდნენ, სწორად რომ გაეხერხათ. თუ სახლი წაბლის ხისგან იყო ნაშენი, მას გამძლეობის შესანარჩუნებლად წელიწადში ერთხელ მაინც ცხელი წყლითა და ჯაგრისით რეცხავდნენ. ასე წაბლი გამძლეობას ინარჩუნებდა და პრიალებდა.

იმისთვის, რომ ხისგან აშენებულ სახლებს წლებისთვის გაეძლო, სამასალედ გამზადებულ ხეებს ხალხური მეთოდით ამუშავებდნენ. სახლისთვის გამიზნულ საშენ მასალას გარკვეული დროით ჭაობში აწყობდნენ, ჭაობიდან ამოღების შემდეგ კი, მზეზე აშრობდნენ. როგორც ამბობენ, ასე მასალა ქვასავით მაგარი ხდებოდა.

ძველი აჭარული სახლის სტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო, მეორე სართულზე კი – საცხოვრებელი. ამ სტილის სახლები დღემდეა შემორჩენილი. მართალია, სოფლებში იშვიათად, მაგრამ საზაფხულო საძოვრებზე – იაილებზე ძირითადად საცხოვრებელი და საქოლის სადგომი ერთადაა.

აჭარული სახლის ინტერიერი. ჯემალ მიქელაძის ნახატი

ტიპიური აჭარული სახლის მეორე სართული, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენებოდა, შუაში ჰოლით იყო გაყოფილი. ჰოლის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ოთახები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. სამზარეულო ოთახს ერქვა სახლი, ასევე იყო სასტუმრო ოთახი, საძინებელი ოთახი და ახალდაქორწინებულთა ოთახი, რომელსაც „სანეფიო ოდა“ ერქვა. ცალკე იყო გამოყოფილი ოთახი „მეიდან ოდა“. მეიდან ოდას დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა და ის სტუმრისთვის მუდმივად ღია იყო.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი იყო სამზარეულო ოთახი, რომელსაც აჭარაში სახლს ეძახიან. სამზარეულოს მთავარი ატრიბუტი იყო ბუხარი. ბუხრის გვერდით იყო ორკარიანი პატარა ოთახი. ამ ოთახიდან ერთი საკუჭნაოს ფუნქციას ასრულებდა, მეორე კი – სააბაზანოს. საინტერესოა, რომ აჭარის გარდა ძველ საქართველოში თითქმის არსად გვხვდება სახლში სააბაზანო ოთახი.

სამზარეულოში ბუხრის გასწვრივ ორივე მხარეს იდგა ორი გრძელი ხის ტახტი. ერთ ტახტს სექვი ერქვა, მეორეს კი – საუფროსო ტახტი.

„ბუხრიანი სამზარეულო სახლი ერთგვარი საძინებელიც იყო. იქ დაძინების უფლება დიდედას და ბაბუას ჰქონდა შვილიშვილებთან ერთად. სახლში აკეთებდნენ საჭმელს, იქვე ჭამდნენ. ბუხართან ახლოს იდგა ტახტი, რომელიც ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ოჯახის უფროსს იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ მისთვის განკუთვნილ ადგილზე არავინ ჯდებოდა. საუფროსო დასაჯდომლის მხარეს იყო ფანჯარაც,“ – ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარ-არქიტექტორი ჯემალ მიქელაძე. მან არაერთი წელი მიუძღვნა ძველი აჭარული არქიტექტურის კვლევას.

იმის გამო, რომ აჭარაში ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ და თავს ამით ირჩენდნენ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარძიე ოთახს. სარძიე ოთახში ინახავდნენ რძის პროდუქტებს და იმ ნივთებს, რომლებიც ამ პროდუქტების დასამზადებლად იყო საჭირო. სარძიე ოთახის „უფროსი“ დიდ ნენე – ანუ ოჯახში მყოფი უხუცესი ქალი იყო.

სახლი შუაზე გაყოფილი იყო დიდი ჰოლით. მოგვიანებით ჰოლის სიგრძე კიდევ უფრო გაიზარდა. მიზეზი იყო აჭარაში გავრცელებული სახლის გახერხვის ტრადიცია. ადრე აჭარაში ოჯახის გაყოფა, რამდენი წევრიც არ უნდა ყოფილიყო ოჯახის შემადგენლობაში, დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა ერთად. რაც უფრო მრავალრიცხოვანი იყო ოჯახი, მით უფრო ძლიერი იყო გვარი. ოჯახს მეთაურობდა უფროსი, რომელსაც ოჯახის წევრები ირჩევდნენ.

ერთი თქმულებაა, თუ როგორ დაიწყო ოჯახების გაყოფა. ერთხელ, ერთი ოჯახის უფროსი დაუძლურებულა, ვაჭრობა აღარ შეეძლო თურმე. ამიტომ ვაჭრობის საქმე უმცროსი ძმისათვის გადაუბარებია. წასულა ერთ დღეს ბაზარში უმცროსი ძმა, უვაჭრია და სხვა საჭირო რაღაცებთან ერთად ცოლისთვის ფერ-უმარილი უყიდია. ბაზრიდან დაბრუნებულს ნავაჭრი ფული ოჯახის უფროსი ძმისთვის ჩაუბარებია. მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსს ფული დაუთვლია და აღმოუჩენია, რომ მოსალოდნელ თანხაზე ნაკლები იყო ნავაჭრი, უკითხავს ძმისთვის, თუ სად დახარჯა ფული. ამას ძმებს შორის უკმაყოფილება გამოუწვევია. მაშინ უმცროს ძმას უთქვამს, აღარ მინდა შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ცალკე მინდა გადასვლაო. უფროსი ძმა იმდენად მდიდარი არ ყოფილა, რომ ცალკე სახლი აეშენებინა. ამიტომ სახლი შუაზე გაუხერხავთ. უმცროს ძმას ეს სახლი სხვა ადგილზე გადაუტანია. მას შემდეგ სახლების შუაზე გახერხვა პრაქტიკაში დამკვიდრდა. გახერხვის შემდეგ სახლებს მცირე აივანი რჩებოდა. ასეთ სახლებს ცალპირა სახლებს უწოდებენ დღემდე აჭარაში. რაც უფრო დიდი იყო ჰოლი, გახერხვის შემდეგ მით უფრო დიდი აივანი რჩებოდა.

ლაზური არქიტექტურით აგებული სახლის ფრაგმენტი
ლაზური არქიტექტურით აგებული სახლის ფრაგმენტი

ზემო აჭარაში, რამდენიმე სოფელში გვხვდება ლაზური ტიპის სახლები. ლაზური სახლები გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. მხატვარ-არქიტექტორ ჯემალ მიქელაძის თქმით, შეძლებული გლეხები უფრო რთული არქიტექტურით აგებდნენ სახლებს. პირველი სართული ქვა იყო, მეორე სართული – ხის კონსტრუქციაში ჩასმული აგური. ასევე გვხვდება ხის კონსტრუქციაში ჩასმული ქვაც.

„ზემო აჭარაში გავრცელებული იყო მანსარდიანი სახლები. მანსარდს ძირითადად ისეთი პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, რასაც თაგვი ეტანება. თუმცა ხდებოდა ისეც, რომ ოჯახი ფართოვდებოდა, ქორწინდებოდა ვაჟი, ახალდაქორწინებულთათვის კი ოთახი არ იყო. მაშინ მანსარდს გამოათავისუფლებდნენ და იქ ახალდაქორწინებულები გადადიოდნენ საცხოვრებლად,“ – ამბობს ჯემალ მიქელაძე.

დაბალი ზონის სოფლებში, იქ, სადაც შედარებით თბილი კლიმატური პირობები იყო, გვხვდებოდა ფაცხა სახლები. ფაცხა სახლი ოთხკუთხედი ფორმის ერთსართულიანი ნაგებობა იყო. ასეთ სახლს საქონლის სადგომი გვერდით ჰქონდა გადატიხრული. საცხოვრებელი ოთახი მიწური იყო, შუაცეცხლით. ამის გამო ასეთ სახლებს ჭერი არ ჰქონდა და ძირითადად ჭვავის, ხორბლის ან სელის ჩალით იყო გადახურული. შუაცეცხლიდან ასული კვამლით სახურავი ნელ-ნელა იჟღინთებოდა, გამოიყოფოდა ზეთოვანი სითხე, რაც სახურავს წყალგაუმტარს ხდიდა. კედლები, სითბოს შესანარჩუნებლად, წითელი ტალახით იყო შეღებილი.

აჭარაში ასევე გავრცელებული იყო ჯარგვალი. ეს იყო ერთსართულიანი, ორფერდა სახლი, მიწურის იატაკით.

ახალაგებული სახლი აჭარაში

ძველი სახლები ნელ-ნელა იშლება და ნადგურდება. ორი წლის წინ იყო იდეა, რომ აჭარაში შექმნილიყო აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი, იქ განსათავსებელი ექსპონატების ნაწილი კი აჭარის მაღალმთიანეთიდან უნდა გადმოეტანათ. კერძოდ, ის უძველესი სახლები, რომლებიც იაილებსა თუ აჭარის სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი. იდეის და პროექტის ავტორი „ქართული სახლი“ იყო. ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ეს პროექტი გაუმართლებელი იყო და სახლები, რომლებიც ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, ავთენტურ გარემოში უნდა დარჩენილიყო.

აჭარული სახლების თანამედროვე არქიტექტურა განსხვავებულია, ძველებური სტილი შეიცვალა. საქონლის სადგომი ახლა უკვე გამოცალკევებულია. სახლების პირველი სართული ქვითკირით ან ბლოკითაა ნაშენი. მოსახლეობა, ვინც სახლს ახლა აშენებს, თანამედროვე საშენ მასალას იყენებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: