საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან 660 ლარით გაიზარდა. შესაბამისად გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 260 ლარი იქნება. აქამდე მისი ხელფასი 6 600 ლარი იყო.
ხელფასები გაეზარდათ გენერალური პროკურორის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლებსაც.
მაგალითად, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 6 820 ლარი [6 200 ლარის ნაცვლად];
გენერალური პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 6 600 ლარი [ნაცვლად 6 000 ლარისა];
დეპარტამენტის უფროსები თვეში 6 160 ლარს აიღებენ [5 600 ლარის ნაცვლად], ხოლო უფროსის მოადგილეები – 5 060 ლარს [4 600 ლარის ნაცვლად].
პროკურატურაში არ გაზრდილა სტაჟიორების ანაზღაურება, ისინი ჩვეულებრივ 960 ლარს აიღებენ, როგორც აქამდე იღებდნენ.
ხელფასები გაიზარდა აჭარის პროკურატურაშიც:
- 6 160 ლარი იქნება იანვრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ზაზა მეტონიძის ხელფასი [ამ დრომდე იყო 5 600 ლარი];
- 5 060 ლარს აიღებს აჭარის პროკურორის მოადგილე [ნაცვლად 4 600 ლარისა];
- სამმართველოს უფროსი – 4 335 ლარს [იყო 3 940 ლარი];
- პროკურორი – 3 180 ლარს [ნაცვლად 2 890 ლარისა];
- უფროსი გამომძიებელი – 3 230 ლარს [2 935 ლარის ნაცვლად].
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ბრძანებას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხელი 2022 წლის 24 იანვარს მოაწერა.
გენპროკურორის ბრძანება ხელფასების გაზრდაზე იმავე დღეს ამოქმედდა და გავრცელდება 2022 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
___
მთავარი ფოტო: გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აჭარის პროკურორი, ზაზა მეტონიძე
ამავე თემაზე:
9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია