რისი მოძებნა გსურს?

ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა

16/05/2022

ამ წიგნზე საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა შემომხვდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ცოტა რამ მეც ვთქვა.

ეს წიგნი მუსიკის (ალბათ, შეგვიძლია, განვაზოგადოთ და ვთქვათ: ხელოვნების) ჯადოსნურ, გამომაცოცხლებელ, გამომაფხიზლებელ ძალაზე მოთხრობით იწყება („ციყვი, რომელმაც ქალაქი გააღვიძა“) და ამიტომ ჩემი გულიც თავიდანვე მოიგო. თუმცა ჩემთვის საინტერესო უფრო ის ძირითადი ღერძი იყო, რომელზეც აკინძულია წიგნში შესული პატარ-პატარა ტექსტები - აქ ზღაპარი მხოლოდ კეთილბოლოიანი ამბავი კი არ არის, რომელმაც რაღაც უნდა გვასწავლოს, არამედ - რეალობის გადაკეთების, გადაწერის საშუალება. ერთ-ერთ ტექსტში ეს საკითხი თემატიზებულიცაა - იქ ზღაპრის პერსონაჟი წიგნიდან სინამდვილეში გადმოდის, რათა აქაურები გასაჭირისაგან დაიხსნას („ყველას სიხარული“). დანარჩენ ზღაპრებში კი ეს „გადაწერა“ უკვე კარგად ცნობილი ნარატივის ამოყირავებით, მისი ელემენტების შეცვლით ხერხდება: მაგალითად, მძინარე არის არა მზეთუნახავი, არამედ - უფლისწული („მძინარე უფლისწული“); პრინცესა პუტკუნაა, თავისთვის თვითონ იმზადებს ნაირ-ნაირ კერძებს და არც ბაღის გათოხნას ერიდება („პუტკუნაც შეიძლება იყოს პრინცესა“); დედინაცვალი არის კეთილი („სხვა ზღაპარი კონკიაზე“); ანტაგონისტი კი არ მარცხდება, არამედ სიკეთესა და სიყვარულს სწავლობს („თოჯინა თოკილოს ამბავი“). ამ თვალსაზრისით, ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო გმირის, უფრო სწორად, სუპერგმირის სახე-ხატის შეცვლა: ზღაპარში „ბებუტა, რომელმაც (კინაღამ) ობობა გადაყლაპა“ სუპერგმირი ბებიაა. მას ობობა არ უკბენს, გადაეყლაპება, ისიც - კინაღამ და ბებიაც გაგიჟებული იწყებს ქსოვას. ქსოვს და ქსოვს, ქსოვს და ქსოვს, სანამ შვილი არ აუხსნის, ეს უნარი სხვების სასიკეთოდ როგორ გამოიყენოს. და იმ დღიდან ის, რაც ბებიისთვის სასჯელი იყო, გამუდმებული, მომქანცველი საქმე, სუპერძალად იქცევა. სუპერგმირი მხოლოდ დაკუნთული და ასეთსავე დაკუნთულ კაცებთან მებრძოლი კაცი როდია - სუპერგმირია ყველა, ვინც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო სიკეთეს სჩადის, რადგან ყოველგვარი სიკეთე გმირობაა. მე მგონი, ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც ბავშვებს შეიძლება, ვასწავლოთ. ამასვე ვიტყოდი ზღაპარზე „სირაქლემა, რომელიც გაფრინდა“. ეს ზღაპარი იმაზეა, რომ როცა გაგაბრაზებენ ან შეგეშინდება, თავი ქვიშაში კი არ უნდა ჩარგო, ფრთები უნდა გაშალო და გაფრინდე...

და ბოლოს, ეს „გადაწერა“ შეიძლება, შეცდომის აღიარებაც იყოს („სელი, აკრძალული ოთახი და იალილია“) ან სულაც - „გადახატვა“ („ლილინდას და ლეშლის სიყვარულის ამბავი“), ესე იგი, შენი დარდისა თუ დანაკარგის გარდაქმნა შემოქმედებად.

ასე რომ, გილოცავ პირველ წიგნს!

P.S. პრიალა ფურცლებსა და ლამაზ-ლამაზ ილუსტრაციებზეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ბიბლიოფილურ სენტიმენტებში გადავვარდები და არ ღირს

სხვა სიახლეები