მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში საერთაშორისო ბრენდების ჯინსების კერვა დაიწყო

5bac72ab15a0f
მაია ბიწაძე
27.09.18 10:02
5471
გურიაში სამკერვალო ფაბრიკამ ,,ოზურგეთი დენიმ“ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო, ფაბრიკაში 150-მდე ქალი დასაქმდა, რომლებიც ცნობილი ბრენდების ზარას, მანგოს, ბერშკას, მასიმო დუტის, ესპრიტის და ა.შ. ჯინსებს კერავენ. პროდუქციის პირველი პარტიები უკვე გაიგზავნა ექსპორტზე, ამის შესახებ Bm.ge-ს გურიის ყოფილმა გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ განუცხადა, რომლის უშუალო მონაწილეობითაც დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. დასაქმებულთა რიცხვი უახლოეს მომავალში 300-მდე გაიზრდება. ფაბრიკის ოფიციალური გახსნა ოქტომბერში იგეგმება.

ფაბრიკა თურქული კომპანია Baykanlar Tekstil -ის ინვესტიციით კეთდება, რომელიც ძმებს, ოსმან და ერქან ბაიქანებს ეკუთვნით. ისინი ტექსტილის ბიზნესით არიან დაკავებული და საერთაშორისო ბრენდებისთვის სამოსს, რამდენიმე ქვეყანაში, მათ მიერვე აშენებულ საწარმოებში კერავენ.

თურქ ინვესტორებს "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ოზურგეთში, ზვანეს დასახლებაში, 9 ჰექტარი ტერიტორია და მასზე მდებარე ძველი ჩაის ფაბრიკა გადაეცათ, რომელიც 25 წლზე მეტია გაჩერებულია. სახელმწიფო ქონების ღირებულება 400 ათას ლარს შეადგენდა. ინვესტორს ვალდებულება დაეკისრა მასში 1,6 მილიონი ლარის ინვესტირება განეხორციელებინა, თუმცა ინვესტიციის მოცულობა პირველ ეტაპზე 4 მილიონ ლარს გადააჭარბა, წლის ბოლოდან კი, როდესაც საწარმოს განვითარების შემდგომი ეტაპები დაიწყება, ის გაიზრდება და საბოლოო ჯამში 25 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ფაბრიკის გარდა კიდევ ოთხი საამქრო მოეწყობა და პროდუქციის წარმოების სრული ციკლი აეწყობა: ქსოვილის დაჭრა, შეკერვა, რეცხვა - შეღებვა და შეფუთვა.

პროექტის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება და ამ დროისთვის ის 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. დასაქმებულთა უმეტესობა ადგილობრივი კადრები იქნება.