მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცენარეების სასტუმრო და კლინიკა „ბუტკო“ - რას სთავაზობენ მომხმარებლებს სოც.საწარმოს შემქმნელები?

615de10d2d3c0
თამთა ჯიჯავაძე
07.10.21 00:00
2670
მცენარეების სასტუმრო და კლინიკა „ბუტკო“ საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2021-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ახალი სოციალური საწარმო, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა, მომხმარებელს მცენარეების დატოვების და მოვლის, ასევე გამოჯანმრთელების სერვისს სთავაზობს.

„ზაფხულში მცენარეების დატოვების ათობით შეკვეთა გვქონდა, გარდა ამისა მოვემსახურეთ მომაკვდავ მცენარეებსაც. მოჰყავდათ თითქმის გამხმარი მცენარე და ჩვენთან ტოვებდნენ, ჩვენ დიაგნოსტირების შემდეგ ვეუბნებოდით მათ, რამდენად იყო იმის შანსი, რომ მცენარე ისევ გაჯანსაღებულიყო. გარდა ამისა, გვაქვს გამოძახების სერვისი, როდესაც მებაღე ადგილზე მიდის მომაკვდავ მცენარეს დახმარებას აღმოუჩენს“, - ამბობს „ბუტკოს“ თანადამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე BM.GE-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „ბუტკოს“, გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე მომხმარებელს ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს, აქვს საგანმანათლებლო ფუნქციაც. კერძოდ, როგორც სოციალური საწარმო, მისი დამფუძნებლები აპირებენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს დეკორატიული მცენარეების მოვლა შეასწავლონ და შემდეგ საწარმოში დაასაქმონ. იგეგმება ვორკშოფებიც და მებაღეობის კურსიც.

„Impact Hub Tbilisi-ს სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში მოვიპოვეთ მცირე გრანტიც, რომლითაც უნდა შევისყიდოთ ვორკშოფებისთვის საჭირო ინვენტარი და ვფიქრობთ რომ ამ შემოდგომაზე დავიწყებთ მათ ჩატარებას. გარდა ამისა, ამ პროგრამამ ბევრი რამ გვასწავლა. „ორი თვის განმავლობაში გვქონდა მასტერკლასები, ვხვდებოდით სხვადასხვა სპეციალისტებს და ვიღებდით მათგან რჩევებს“ , - აღნიშნა ღოღობერიძემ.

ამ ეტაპზე, საწარმოში მხოლოდ დამფუძნებლები - არჩილ ღოღობერიძე და თამარა რაზმაძე არიან დასაქმებულები და მცენარეების მოვლასა და გაჯანსაღებაზეც სწორედ ისინი ზრუნავენ, „მე ვარ აგრონომი და ნამუშევარი მაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებში. ჩემი პარტნიორი არის პროფესიით ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე წელია პრაქტიკოსი მებაღეა, შესწავლილი აქვს თეორიული მხარე“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ის აღნიშნავს, მაგალითად ოთხი მცენარის ათი დღის განმავლობაში დატოვება 40 ლარი ჯდება, თუმცა, ფასები განსხვავდება რაოდენობების მიხედვით.

„ბუტკოს“ დამფუძნებლებმა ამ დრომდე საწარმოს შექმნაში მხოლოდ 1500-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელეს. მათ ჯერ აქტიური მარკეტინგული აქტივობები არ დაუწყიათ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.