მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი მილიარდერების ქონება 2023 წელს მკვეთრად გაიზარდა

რუსი მილიარდერები

გასული 2023 წელი რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა - Bloomberg-ის შეფასებით, მილიარდერი მოქალაქეების ქონების საერთო შეფასება დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

შვეიცარიული UBS-ის ანალიტიკური დეპარტამენტი გაცილებით უფრო საინტერესო მონაცემებს ასაჯაროებს, მათი გამოთვლებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობა თითქმის 600 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, ცხადია, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ელიტას არ მოიცავს და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს.

2023 წელს საუკეთესო შედეგი Lukoil-ის დამფუძნებელს, ვაგიტ ალეკპეროვს ჰქონდა, მისი ქონების შეფასება დამატებით $9 მილიარდით გაიზარდა და ის ამჟამად 24.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ალეკპეროვი უმდიდრესი რუსი მოქალაქეების რეიტინგში მესამე ადგილზეა.

გამორჩეული შედეგი ჰქონდა ანდრეი მელნიჩენკოსაც, მისი ქონება $5.5 მილიარდით გაიზარდა და $17 მილიარდს გაუტოლდა.

უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში პირველ ადგილს, ტრადიციულად, ვლადიმირ პოტანინი იკავებს, მისი ქონების შეფასება $31 მილიარდს აღწევს, რაც თითქმის $4 მილიარდით მეტია, ვიდრე წინა წელს.

ბედს არ უჩივის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ლეონიდ მიხელსონიც, რომელმაც ერთ წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იშოვა და მისი ქონება ამჟამად 27 მილიარდ აჭარბებს.

საერთო ჯამში, ვხედავთ რომ თითქმის ყველა რუს მილიარდერსა თუ ოლიგარქს კარგად აქვს საქმე, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული ყოველი მათგანის სიმდიდრე ქვეყნის ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული. როგორც იცით, რუსეთში ფულს სწორედ ის შოულობს, ვინც მიწიდან რაღაცას თხრის და შემდეგ მას უცხოეთში ყიდის.

უფრო მეტიც, არა მარტო მილიარდერების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციაზე დგას. უფრო კონკრეტულად, მთლიანი შიდა პროდუქტის 60% ნავთობის და გაზის ექსპორტზე მოდის; მთავრობის საბიუჯეტო შემოსავლებში კი ენერგორესურსების წილი 70%-ს აჭარბებს.

მართალია, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე თითქმის მეორე წელიწადია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთმა სანქციების 12 პაკეტიც დაამტკიცა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისი პუტინის ომის მანქანის შესაჩერებლად და უმდიდრესი ელიტის შესაწუხებლად, რადგან ვხედავთ, რომ მათ საქმე ცუდად ნამდვილად არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი ახლა იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.