მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი იტალიური რესტორანი „ნაპოლი“ გაიხსნა

64019a5c7b12d
თინათინ ნატმელაძე
03.03.23 11:38
2528
კულინარიის, განსაკუთრებით კი იტალიური სამზარეულოს კულტურის სიყვარულმა მამუკა კილაძეს თბილისში საკუთარი რესტორნის გახსნა გადააწყვეტინა - ასე შეიქმნა „ნაპოლი“, ადგილი, სადაც ნეაპოლიტანური გემოები იყრის თავს.

როგორც თავად რესტორნის დამფუძნებელი BM.GE-თან საუბრისას ყვება, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა და ჯერ საგურამოში დაწყებულმა, შემდეგ კი თბილისში გაგრძელებულმა ბიზნესმა გაამართლა.

„თავიდან ობიექტი საგურამოში გავხსენით, „აწარმოე საქართველოში“-ს 30 000-ლარიანი გრანტი მოვიგეთ, დანარჩენ ხარჯებს კი სრულად პირადად ვაფინანსებდით. შემდეგ თბილისში გადმოვედით და ინვესტიციას მუდმივად ვდებდით, რომ გაფართოება და ზრდა არ შეგვეწყვიტა, ამჟამად კი ჩვენს ობიექტში 17 ადამიანია დასაქმებული.

ამჟამად მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური ფქვილით, შეშის ღუმელში გამომცხვარ ნეაპოლიტანურ პიცებს, ასევე პურებს (ჩაბატა, ბაგეტი, ბრიოში, ჭვავი, ცეხვილი), სხვადასხვა ტიპის პასტებს, აპეტაიზერებს და სენდვიჩებს ვთავაზობთ.

გვიხარია, რომ მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, ჩვენთან ყველა სეგმენტის მომხმარებელი მოდის და ეს მოტივაციას გვაძლევს, რომ წინსვლა არ შევწყვიტოთ და სამომავლოდ, ახალი ფილიალების გახსნაზეც ვიფიქროთ", - განაცხადა მამუკა კილაძემ.

მისივე ცნობით, „ნაპოლმა“ კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრება მაღალი ხარისხით და მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციით მოახერხა.

ბიზნესის ამოქმედებას თან სირთულეებიც ახლადა და რესტორნის დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევები კვალიფიციური კადრების დეფიციტს, არასტაბილურ ბაზარს და ხარისხიანი ნედლეულის ნაკლებობას უკავშირდება.