მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერაზე დიზაინ სასტუმრო “არტიზანი” და ბარ-რესტორანი “იაკობის ეზო” იხსნება

არტიზანი

თბილისის ცენტრში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, მაღალი კლასის სასტუმრო “არტიზანი” და ბარ-რესტორანი “იაკობის ეზო” იხსნება. პროექტის გახსნა 15 მაისსაა დაგეგმილი და ის Collective Hospitality-სა და იაკობ ნიკოლაძის ფონდის ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

Სასტუმრო “არტიზანი” 82 სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე სტანდარტების ნომერს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს ოთახს აერთიანებს. პირველი სართულის შიდა და გარე სივრცეები იაკობ ნიკოლაძის მუზეუმის ეზოსთან ერთად, რესტორან "იაკობის ეზოს" და listening ბარს დაეთმობა. სასტუმროში ასევე განთავსებულია specialty ყავის სახალავი ზონა, სადაც სტუმრებს ადგილზე მოხალული არტიზანული ყავის დაგემოვნება შეეძლებათ.

სასტუმროს არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის ნაწილზე, Collective Hospitality-ს გუნდთან ერთად, “Laboratory of Architecture N3”-მა და დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა იმუშავეს. Მათ მიერ შექმნილი მოდერნისტული არქიტექტურა და რომანტიზმით შთაგონებული ინტერიერი, საინტერესო სინთეზს ქმნის ქალაქის ურბანულ ცხოვრებასთან.

პროექტის ავტორების თქმით, სასტუმროს უნიკალურობა სამეწარმეო საქმიანობისა და იაკობ ნიკოლაძის სამუზეუმო სივრცის კონცეპტუალურ და ფუნქციურ ერთიანობაშია.

“ჩვენი მიზანი, საუკუნოვანი ისტორიით სავსე ადგილისთვის ახალი სიცოცხლის მიცემაა, სადაც ხელოვნება, კულინარია და სტუმარმასპინძლობა ერთად საინტერესო ახალ ისტორიებს შექმნის” - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია და ის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.