logo
Loading data...

"ბარამბო" - შოკოლადის შემცველი პროდუქცია გაძვირდება

"ბარამბო" - შოკოლადის შემცველი პროდუქცია გაძვირდება

1711513620

შოკოლადის შემცველ პროდუქციაზე ფასი გაიზრდება. ამის შესახებ ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორმა ანი კუპრეიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გაძვირების მიზეზი მსოფლიოში არსებული კაკაოს ნედლეულის დეფიციტია.

"შოკოლადის და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქციის წარმოება იმპორტირებულ ნედლეულზე არის დამოკიდებული, შესაბამისად ეს გამოიწვევს ასორტიმენტზე ფასის ზრდას.

"ბარამბო" მუდმივად ითვალისწინებს თავისი მომხმარებლის ინტერესებს, ამიტომ არსებული მარჟის დაკორექტირების საფუძველზე მაქსიმალურად შეეცდება მინიმალური ნამატით გაზარდოს პროდუქციის ფასი. ჩვენთვის პირველხარისხოვანია პროდუქციის ხარისხი, რომლის კონტროლიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება. ჩვენს პროდუქციაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, რომელსაც მსოფლიო ლიდერი კომპანია Barry Callebaut გვაწვდის. თანამედროვე ტექნიკა და დანადგარები, უცხოელი და ქართველი ტექნოლოგების მიერ შემუშავებული რეცეპტურის ზუსტი შესრულება – ჩვენი პროდუქციის უპირატესობის საფუძველია", - განაცხადა ანი კუპრეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "ბარამბო"  სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას 15 წელია უწყვეტად აწარმოებს. "ბარამბოს" ქარხანა სოფელ ნატახტარში მდებარეობს და 400 მეტი ადამიანია დასაქმებული. საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით.  2011 წლიდან კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე. დღეისათვის ტკბილეულის ექსპორტი ხორციელდება – უკრაინაში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სინგაპურში. გარდა ამისა, როგორც "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც.

ცნობისთვის, კაკაო მსოფლიოში 215%-ით გაძვირდა და 1 ტონის ფასი რეკორდულ 9350 დოლარიან ნიშნულს აღწევს. კაკოს გაძვირება დასავლეთ აფრიკაში მოსავლის შემცირებით არის განპირობებული.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით