logo
Loading data...

"ეკოვუდმა" ავეჯის მწარმოებლებისთვის სპეციალური ხაზი შექმნა

"ეკოვუდმა" ავეჯის მწარმოებლებისთვის სპეციალური ხაზი შექმნა

1706598000

ნატურალური ხის მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი „ეკოვუდი“ წარმოების ასორტიმენტს აფართოებს. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ საავეჯე მიმართულება დაამატა, რომლის ფარგლებშიც იგი ავეჯის მწარმოებლებს ხის ნედლეულით ამარაგებს.

როგორც „ეკოვუდის“ კორპორაციული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა ,,ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ასორტიმენტი მოიცავს ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებს, იატაკისა და კედლის პანელებს, სამზარეულოს ზედაპირებს, ავეჯის დასამზადებელ მასალას, ოთახებს შორის გამყოფ ტიხრებს და სხვა, რომელთა დასამზადებლად გამოყენებულია სხვადასხვა სახეობის  ხის მასალა, მათ შორის ნაძვი, ფიჭვი, ლარიქსი და სხვადასხვა ტროპიკული ხეები.

,,მუდმივად ვართ ორიენტირებული, წარმოების რესურსი გავზარდოთ და ასორტიმენტი დავამატოთ, რომ ნაკლებად ვიყოთ  იმპორტზე დამოკიდებულები. კომპანიისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი აქცენტია.  ინტენსიურად ვამატებთ სხვადასხვა პროექტს და მიმართულებას, რაც გვჭირდება გაფართოებისთვის, რათა სხვადასხვა პოზიციის ჩაშვება და გადამუშავება მოვახდინოთ. ერთ-ერთი ასეთია საავეჯე ხაზი, ნებისმიერი ტიპის წარმოებისთვის  სხვადასხვა ფორმის, ვიზუალის და ხარისხის მასალები გვაქვს. ეს არის ე.წ. შედგენილი მასალა, რომელიც საავეჯე მიმართულებაში გამოიყენება. ,,ეკოვუდის“ წარმოება, რომ მომხმარებელს  სპეციფიკური პროდუქტების დიდი არჩევანი შევთავაზოთ, მათ შორის, არასტანდარტული. პროდუქცია მწარმოებელს მიეწოდება ბოლომდე სრულყოფილი  ფორმით, ერთგვარი საავეჯე დაფად, რომელსაც  მხოლოდ აწყობა და საბოლოო სახის მიცემა სჭირდება“, - განმარტავს გიორგი სრესელი. 

მისი შეფასებით,  „ეკოვუდის“ მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა და ხის მიმართ ინტერესი მზარდია.

„თუ ადამიანი ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას ფიქრობს, „ეკოვუდში“ ვიზიტით უნდა დაიწყოს. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ კლიენტს მაქსიმალურად სწორი პროდუქტი შევარჩევინოთ. ხე არის ბუნებრივი, ერთ ეკოსისტემაში ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და ვფიქრობ, რომ ხის მიმართ ინტერესი მზარდია. ბევრს შიში აქვს იმის, რომ ხის მასალის გამოყენების შემდეგ არ მოხდეს პროდუქტის დაზიანება, დეფორმაცია და რისკი არ მიადგეს კლიენტის მიერ გაწეულ ინვესტიციას, მაგრამ ჩვენს მიერ სწორად შერჩეული მასალისა და პროდუქტის შემთხვევაში, ეს რისკი მინიმალურია,“ - აცხადებს გიორგი სრესელი.

ცნობისთვის, „ეკოვუდი“ მომხმარებელს 200-ზე მეტი დასახელების ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სთავაზობს. საწარმო ნატახტარში მდებარეობს.  საწარმოს გარდა, „ეკოვუდს“ აქვს შოურუმი თბილისში  წყალსადენის N21-ში.

კომპანიაში დასაქმებული 40 ადამიანია, მათ შორის დაახლოებით 30 საწარმოს თანამშრომელია.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით