logo
Loading data...

Hedonism Wines-ის შემდეგ,ქართული ღვინო "ხომლის უსახელოური" გერმანიაშიც გაიყიდება

Hedonism Wines-ის შემდეგ,ქართული ღვინო "ხომლის უსახელოური" გერმანიაშიც გაიყიდება

1705065360

საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო „ხომლის უსახელოური“ გაზაფხულიდან გერმანიაში გაიყიდება.

ლეჩხუმში მოყვანილი და წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დამზადებული ღვინო ლონდონში, მაღაზია Hedonism Wines-ის რჩეული ღვინოების სიაშია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი  თამაზ ომანაძე ,,ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, ინგლისურ მაღაზიაში წარმოდგენილ ახალ ღვინოებს შორის ,,ხომლის უსახელოური“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირია და გერმანიის ბაზარზეც მისი გაყიდვა ასევე პრემიუმ სეგმენტში  იგეგმება.

თამაზ ომანაძის ინფორმაციით, განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე ჯერ კიდევ მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა გაიზარდოს და საკუთარი ნიშა დაიკავოს.

,,მესამე წელია, ჩვენი ღვინო დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებულ სეგმენტში იყიდება. ლონდონის ცენტრში, ბუკინგემის სასახლის სიახლოვეს, Hedonism Wines-ის დახლებზე მოხვედრა ნებისმიერი მეწარმის ოცნებაა და მით უმეტეს, ქართველისთვის, რომელსაც გლობალურ ბაზრებზე ნაკლები ცნობადობა აქვს. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ, მოლაპარაკება დასრულებულია და  ,,ხომლის უსახელოური“ გერმანიაშიც გაიყიდება. გაზაფხულიდან პირველ პარტიას გავაგზავნით. შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია, ბიუროკრატიული დეტალები რჩება მოსაგვარებელი“, - განაცხადა თამაზ ომანაძემ.

რაც შეეხება ფასს, ,,ხომლის უსახელოური“ ლონდონში 900 ფუნტად იყიდება. გერმანიაში ამ ღვინის საორიენტაციო ფასი დაახლოებით 1050 ევრო იქნება. 

ქართულ ბაზარზე ანალოგიური ღვინოები გაცილებით იაფია. 1 ბოთლი ,,ხომლის უსახელოურის“ ღირებულება 1600 ლარს აჭარბებს. ,,ცოლიკაური“ 500 ლარამდე ღირს. პროდუქტი „8000 მოსავალსა“ და ,,ღვინის გალერეაშია“ წარმოდგენილი.

ყველაზე ძვირად, კომპანიის საკოლექციო ღვინო 2022 წელს 3000 ლარად „ღვინის გალერეაში“ გაიყიდა. 

ცნობისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,ხომლის მარანი“ დაარსდა 2010 წელს.  კომპანიას ვენახები (დაახლოებით 1 ჰა)  გაშენებული აქვს ხვამლის მთის ფერდობზე, რომელიც მუშავდება ტექნიკის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელით. "ხომლის უსახელოური"  აწარმოებს ბიო/ორგანული ქვევრის ღვინოებს უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდებით. წელიწადში წლიური წარმადობა 500-დან 1500 ბოთლამდეა. 

,,უსახალოური“ ბიო-სერტიფიკატს 2013 წლიდან ფლობს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით