logo
Loading data...

ქედაში დამზადებული ხის ხელნაკეთი ნივთები ევროპის ბაზარზე იყიდება

ქედაში დამზადებული ხის ხელნაკეთი ნივთები ევროპის ბაზარზე იყიდება

1709359200

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხითში მდებარე ხის ხელნაკეთი ნივთების საწარმო მუშაობას დაბა ქედაში გააგრძელებს. როგორც მეწარმე რესან ჟოჟაძე ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭა, რის გამოც საწარმო ახალ ლოკაციაზე გადადის. სამომავლოდ კი, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქედაში  ხის ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის გახსნაც იგეგმება.

''სახელმწიფომ გადმოგვცა მიწა, რომ ჩემს საქმიანობას ეკოლოგიური პრობლემის გამო ხელი არ შეეშალოს. საშუალება გვეძლევა, ახალი საწარმო ავაშენოთ და წარმოება უფრო მეტად გავზარდოთ. არ ვაპირებთ მშობლიური ადგილის მიტოვებას, თუმცა წვიმის დროს უჩხითში გაჩერება შეუძლებელია. საწარმოს დაბა ქედაში გადავიტანთ. ქედის ცენტრში კი ვგეგმავ მაღაზიის გახსნას,  მნიშვნელოვანია შენობა-ნაგებობა, თუნდაც 40 კვ/მ იყოს.  ქედის მუნიციპალიტეტში,  სოფელ აგარაში ქედის მერიამ  ეკომიგრანტებისთვის ააშენა ხუთსართულიანი სახლი, რომლის სიახლოვესაც მიწის ნაკვეთი გადმომეცა, რომელიც ადგილობრივმა გამგეობამ საწარმოსთვის სპეციალურად შეარჩია", - აცხადებს რესან ჟოჟაძე.

ხის ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ბოლო დროინდელ ტენდენციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მათ შორის ბიზნესის მხრიდან. როგორც ჟოჟაძე აცხადებს, წარმოებული პროდუქციის  70% ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყიდება.

''ბოლო დროს ხე საკმაოდ ტრენდულია, თუ დავაკვირდებით, ხის კოტეჯებზეც გაზრდილია მოთხოვნა, განსაკუთრებული ყურადღება ნატურალურ მასალას ექცევა.  ჩვენ საოჯახო ნივთებს ვამზადებთ. ამ საქმეში მთელი ოჯახია ჩართული. წინა წელთან შედარებით, წარმოებაში 15%-იანი ზრდა გვაქვს. ორჯერ მეტიც შეგვეძლო, მაგრამ მუშახელი არ მყავს. ეკომიგრანტის სტატუსის გამო ვერ ვრისკავ, რომ ვინმე დავასაქმო, მშობლიურ სახლში ცხოვრება საშიში გახდა, ამიტომ სანამ ლოკაციას არ შევცვლი, საკუთარი ძალებით მომიწევს მუშაობა.  შეკვეთების ნახევარზე მეტი, 70%-მდე ემიგრანტებზე მოდის. მათი მეშვეობით უცხოელებიც ინტერესდებიან და უკვე ისინიც აქტიურად მიკვეთავენ.  პირველ ადგილზეა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა. დიდია ინტერესი ისრაელიდან და აშშ-დან, მაგრამ ამ ქვეყნებში ტრანსპორტირების ხარჯი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ძირითადად ევროპაში ვაგზავნი. ადგილზე კი მთავარი დამკვეთი HORECA სექტორია", - აცხადებს რესან ჟოჟაძე.

როგორც მეწარმე აღნიშნავს, ახალი მაღაზიისთვის სახელი ჯერჯერობით შერჩეული არ აქვს.  ჟოჟაძე ჯერჯერობით ვერც მაღაზიის საინვესტიციო ღირებულებას ასახელებს.

2021 წელს რესან ჟოჟაძე სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი გახდა და 30 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, რითაც ხის ინვენტარისთვის დანადგარები შეიძინა. წარმოების გაფართოებაში საკუთარი კაპიტალიც ჩადო - 150 000 ლარი.

დაბა ქედაში რესან ჟოჟაძისთვის გადაცემული მიწის ფართი 27 000 ლარად არის შეფასებული.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით