logo
Loading data...

შოკოლადის ქვევრის გაყიდვები გაორმაგდა - ბაზარზე Kinder Surprise-ის ქართული ანალოგიც გამოჩნდება

შოკოლადის ქვევრის გაყიდვები გაორმაგდა - ბაზარზე Kinder Surprise-ის ქართული ანალოგიც გამოჩნდება

1701424621

ქვევრმა თავისი ადგილი შოკოლადის ინდუსტრიაშიც დაიმკვიდრა. საქართველოში წარმოებული შოკოლადის ქვევრები ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და მის მომხმარებლებს შორის როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ვიზიტორები არიან, რომლებიც შოკოლადის ქვევრებს საჩუქრის დატვირთვით ყიდულობენ და საკუთარ ქვეყანაში მიაქვთ. შედეგად, წლიდან წლამდე, შოკოლადის ქვევრის გაყიდვები ორმაგდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შოკოლადის ქვევრების მწარმოებელი კომპანია Mouth melters-ის თანადამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ განუცხადა, ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის შოკოლადში გაცოცხლების იდეა წარმატებული აღმოჩნდა და ის ამ პროექტის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.

„ჩვენს საწარმოს, სადაც შოკოლადის ქვევრებს ნატურალური, ბელგიური ნედლეულით ვამზადებთ, დღიურად 1500 ქვევრის გადამუშავების რესურსი აქვს. სხვადასხვა დღესასწაულის პერიოდში, წარმადობას ვზრდით და 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამჟამად, წარმოების პროცესი სრულად ავტომატიზებულია და უახლესი დანადგარის მეშვეობით ხორციელდება. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი დანადგარების დამატებასაც განვიხილავთ“,- აღნიშნა Mouth melters-ის თანადამფუძნებელმა.

როგორც ერეკლე ლოლაძე ამბობს, მომავალი წლიდან, იგეგმება შოკოლადის ქვევრისა და ქართული სათამაშოების კომბინაციით შექმნილი პროდუქციის წარმოებაც, რომელიც Kinder Surprise-ის ქართული ანალოგი იქნება. განიხილება უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.

ამჟამად, შოკოლადის სახელოსნო საწარმოში, რომელიც სოფელ მისაქციელში მდებარეობს, 6 სახეობის შოკოლადის ქვევრი იწარმოება. პანდემიის პერიოდში შექმნილი სტარტაპი კლასიკურ შავ და რძიან შოკოლადს სხვადასხვა შიგთავსით ამზადებს და მის რეალიზაციას სრულად ადგილობრივ ბაზარზე - კერძოდ, ღვინის მაღაზიებსა და აეროპორტებში ახდენს.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით