logo
Loading data...

რა უნდა გავაკეთოთ თუ სარეკლამო SMS შეტყობინებები ისევ მოგვდის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტება

რა უნდა გავაკეთოთ თუ სარეკლამო SMS შეტყობინებები ისევ მოგვდის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტება

1710514800

რა უნდა გავაკეთოთ თუ სარეკლამო SMS შეტყობინებები ისევ მოგვდის?! - ამ საკითხთან დაკავშირებით "ბიზნესპარტნიორი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ლიკა კობალაძეს ესაუბრა.

მისი განმარტებით, კანონის მოთხოვნათა დაცვა ყველას ვალდებულებაა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ კანონის მოთხოვნებს ყველა დაემორჩილება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ SMS შეტყობინებები ისევ მოგვდის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით უნდა მივმართოთ, რომლის შემდეგ საზედამხედველო ორგანო საკითხის შესწავლას დაიწყებს.

როგორც ლიკა კობალაძე აცხადებს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება. 

"პირველი მარტიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის კონკრეტული მონაცემების, მათ შორის, სატელეფონო ნომრის დამუშავებას სუბიექტის, ანუ ფიზიკური პირების თანხმობით მოითხოვს, ოღონდ ეს თანხმობა აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს მოპოვებული. ბუნებრივია, კანონის მოთხოვნათა დაცვა ყველას ვალდებულებაა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ყველა დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს. იმ საკითხის გასარკვევად - ნამდვილად კანონის მოთხოვნათა დაცვით ხორციელდება sms-ების გაგზავნა და ამ მიზნით ჩვენი სატელეფონო ნომრების დამუშავება, თუ ეს კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით ხორციელდება, საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების შესწავლა. მათ შორის, სუბიექტის თანხმობა გაცხადებული იყო თუ არა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომლებიც ახალმა კანონმა დაადგინა, შემდგომ უკვე საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მოხდება შესაბამისი სანქციების გატარება კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე. იმისთვის, რომ შესწავლა განხორციელდეს ყველაზე მოსახერხებელი და მონაცემთა სუბიექტებისთვის მისაღები გზა სამსახურისთვის განცხადებით მომართვა იქნება, რაც შესაძლებელია, როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ელექტრონულად. 

განცხადებით მომართვის შემდეგ ხორციელდება კონკრეტული ფაქტის შესწავლა, მოკვლევა, რაც გულისხმობს მათ შორის, კომუნიკაციას იმ კომპანიასთან, რომელმაც გამოაგზავნა sms-ები. ასევე, გულისხმობს მიმოხილვას ნამდვილად მოპოვებული ჰქონდა თუ არა თანხმობა, ეს მოპოვებული იყო თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ასეთის არსებობის შემთხვევაში შემდეგ უკვე კომუნიკაცია ხდება  ორივე მხარესთან და თუკი რაიმე პროცესები ნაკლოვანებებით არის განხორციელებული შესაბამისი რეკომენდაციების მიცემაც ხორციელდება, თუმცა თუკი აშკარა დარღვევაა სახეზე აღნიშნული შეიძლება გახდეს როგორც კომპანიის დაჯარიმების საფუძველი, ასევე გაფრთხილების მიცემის საფუძველი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის და შეფასების საგანია სანქციის ფორმა, სახე და მათ შორის, ოდენობაც. გაფრთხილების შემთხვევები, ბუნებრივია, უფრო ნაკლოვან პროცესებს მიემართება და დამამძიმებელი გარემოებების არსებობის პირობებში, ბუნებრივია, სანქცია იქნება ჯარიმა, რომელიც მერყეობს 2000-დან 4000-ლარამდე. 

სხვა მექანიზმები სამსახურს, როგორც საზედამხედველო ორგანოს რაც გააჩნია არის: თუნდაც შეტყობინების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია ანონიმურიც იყოს, კონკრეტული ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმების განხორციელება. ასევე, სამსახური ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას, რაც გულისხმობს, რომ წლის განმავლობაში გაწერილია კონკრეტული გეგმა, შესაბამისი ორგანიზაციების შემოწმების თაობაზე ნებისმიერი სხვადასხვა მიმართულებით რაც გულისხმობს არამხოლოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შემოწმებას. გეგმის მიხედვით ყოველ კალენდარულ წელს შერჩევითობის პრინციპით რამდენიმე ორგანიზაციისა თუ კომპანიის შემოწმება ხორციელდება  და თუ გამოიკვეთება სამართალდარღვევა ხდება სანქციების გატარება", - განაცხადა ლიკა კობალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაცია 15 დღეა, რაც ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უკვე ათობით განცხადებაა შესული. ლიკა კობალაძის ინფორმაციით, თითოეულ განცხადებაზე დაწყებულია შესწავლა.

"იყო დღეები, როდესაც ათობით განცხადება შემოვიდა უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით. კვლევას თავისი ვადები აქვს და მაქსიმუმ 2-თვიანი ვადა აქვს სამსახურს განცხადების შესასწავლად, შესაბამისი მოქმედებების გასატარებლად. თითოეული ღონისძიება კანონის შესაბამისად გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა ლიკა კობალაძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით