Posted by: burusi | 12/01/2010

მოგონებები რევაზ ლაღიძეზე

რევაზ ლაღიძე

რევაზ ლაღიძე – Revaz Lagidze

მთლიანი პიროვნება

რევაზ ლაღიძის პიროვნება ისეთი ხალასი და დიდებულია, როგორიც მისი შემოქმედება: ვაჟკაცი და უებრო მეგობარი, ზოგჯერ ბავშვივით გულუბრყვილო და გაოცებული, პრინციპული და ადამიანური ურთიერთობის ზედმიწევნით მცოდნე, ჩვენი მადლიანი სუფრის სწორუპოვარი თამადა და ბეჭისდამთლელი – ასეთს ვიცნობ მთელი ცხოვრება და აწი რაღა შეცვლის…

რომ მკითხონ ვინ არის შენი კერპი მუსიკაში და ადამიანობაში, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები – რევაზ ლაღიძე!

გიორგი ცაბაძე, კომპოზიტორი

********

სიმღერის დაბადება

ჩვენი მეგობრობა დაიწყო 1946 წელს, როდესაც მოსკოვიდან გადმოვედი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტზე და ჩავირიცხე დიდი ქართველი მომღერლის, სანდრო ინაშვილის, კლასში.

ერთ-ერთ გაკვეთილის დროს სანდრო ინაშვილს ხელთ ეკავა სიმღერის ნოტები, რომლითაც აღფრთოვანებული იყო. მაშინ პირველად გავიგე, რომ კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლობდა უნიჭიერესი ახალგაზრდა რევაზ ლაღიძე. ბატონმა სანდრომ მომასმენინა სიმღერა ,,ჩივილი”. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილება. სულ მალე რეზოც გავიცანი. შემდეგ მან შემომთავაზა მემღერა მისი ახალი სიმღერა, რომელიც უნდა შესრულებულიყო ერთ-ერთ სტუდენტურ კონცერტზე, სადაც სტუდენტად, მე უნდა შემესრულებინა ,,პატარა ზანგის სიმღერა”, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად. მეამაყება, რომ რევაზ ლაღიძის პირველი სიმღერების პირველი შემსრულებელი ვარ.

გულნარა ქართველიშვილი, პროფესორი

********

,,ულტრამოდერნი“

როდესაც საკომპოზიტორო ფაკულტეტზე შესვლა გადფავწყვიტე, ბატონმა რეზომ შემაქო, განზრახვა მომიწონა. მახსოვს პირველ სტუდენტურ კონცერტზე ჩემი ნაწარმოები მოისმინა. ახალგაზრდას არ გაემტყუნება და მეც ზედმეტად მომივიდა თანამედროვე ტექნოლოგიით გატაცება. ბატონო რეზო იუმორით შეხვდა ჩემს ოპუსს, ,, ულტრამოდერნი“ შემარქვა და ამის შემდეგ ყველა შეხვედრისას ღიმილით ასე მომმართავდა ხოლმე. რამდენიმე ხნის შემდეგ ახალი ნაწარმოები, ,,ვოკალური ციკლი“ მოვასმენინე. შევატყვე მოეწონა და ნასიამოვნები დარჩა. შე კაი კაცო, შეგიძლია მუსიკის წერა, აღარ ხარ ,,ულტრამოდერნი“. ჩემი რჩევაა ასევე გააგრძელო… ვცდილობ.

გოგი ჩლაიძე, კომპოზიტორი

********

თაყვანისმცემელთა სურვილი

რევაზ ლაღიძეს ,,თბილისოს“ შემდეგ თაყვანისმცემელთა უამრავი წერილი მოსდიოდა ყველა კუთხიდან, განსაკუთრებით რუსები სთხოვდნენ, თქვენი ფოტოსურათი გამოგვიგზავნეთო. მამას გარეგნობა არ შეეფერებოდა ფერმკრთალი შემოქმედის იერს და ხშირად, თაყვანის მცემლები რომ არ გაწბილებულიყვნენ, პეტრე გრუზინსკის ფოტოებს უგზავნიდა, აი, ეს კაცი გახლავთ ,,თბილისის“ ავტორიო, თუმცა აქ, რა თქმა უნდა, ნახევრად სიმართლე იყო. თითქმის ყველა კინოფილმისათვის სიმღერის ტექსტებს ბატონი პეტრე უწერდა, ისინი ნამდვილი თანამოაზრენი იყვნენ.

რეზო დიდი ფოტომოყვარული იყო, მთელი საოჯახო ფოტოები მისი გადაღებულია.

ხშირად ბრაზდებოდა, ნუთუ ,,სიმღერა თბილისზე“ უკეთესი არაფერი დამიწერიაო. საზღვარგარეთ, მას ხომ ,, თბილისის“ავტორად იცნობდნენ. მართალაც ამ მელოდიაში დევს ისეთი მუსიკალური ქსოვილი, რომ იგი ყველასათვის მისაწვდომია ეროვნების მიუხედავად.

ლელა ლაღიძე

********

ის ყველგან იყო

რევაზ ლაღიძე ყველგან იყო- ყველა ჭირში და ყველა სასიკეთო საქმეში. ერთი შეხედვით სადღაც მიყუჟულიყო ის დიდი და გრანდიოზული, ის ხალასი და ჭეშმარიტი, ის ნათელი და მშვენიერი, რომელსაც ხელოვნების მუზა ერქვა და რომელსაც მთელი არსებით მორჩილებდა დიდი ხელოვანი.

1967 წელს საქართველოს კომკავშირის რესპუბლიკური პრემიის პირველი ლაურეატები გავხდით:რევაზ ლაღიძე, თამაზ მელივა, ელდარ შენგელაია, მერაბ ელიოზიშვილი, დიმიტრი ერისთავი და მე. სოლიდური თანხაც მივიღეთ, თითოეულმა 2500 მანეთი.ჯიბე დატენილები მივდივართ, მდიდრები, გახარებულები და დაფასებულები. რატომღაც გადავწყვიტეთ, ორი დღის შემდეგ გვექეიფა, შაბათს…სასტუმრო ,,თბილისს“ რომ გავუსწორდით ბატონმა რეზომ მოულოდნელად შესძახა:შაბათი,შაბათი არ ვიცი, ეს ფული დამახარჯინეთ, თორემ ასე სახლში ვერ შევალო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, შევგრიალდით რესტორან ,,თბილისში“

რეზო ლაღიძე თამადად დადგა, პირიდან თაფლი და შაქარი ამოსდიოდა…იქიდან რომ გამოვედით, ერთმანეთს ვერ ვცნობდით, მარტო ბატონი რეზო გვცნობდა, ჩვენი საყვარელი რევაზ ლაღიძე.

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი

********

დიდი და კეთილი ადამიანი

დიდი ბიოლოგი ჩარლს დარვინი გამოთქვამს აზრს: მუსიკოსი თავისი პროფესიით უეჭველად უნდა იყოს დიდი და კეთილი ადამიანიო. პატრიოტული სიამაყის გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ რევაზ ლაღიძე ამართლებს დიდი მეცნიერის გამონათქვამს. მართლაც, იგი ხომ დიდი და კეთილი ადამიანი იყო. რევაზ ლაღიძემ უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა ქართული ეროვნული მუსიკის ისტორიაში…

ავლიპ ზურაბიშვილი, აკადემიკოსი

********

იშვიათი სილამაზის ბგერა

ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა დავიწყე როგორც თბილისის კონსერვატორიაში, ასევე მე-4 სამუსიკო სასწავლებელში. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს ჩემს კლასში დირექტორმა, ლარისა ქუთათელაძემ, შემოიყვანა ყმაწვილი, მომღიმარი, ნათელი სახით, რომელსაც ვიოლინო ჰქონდა იღლიაში გაჩრილი. -ჭაბუკა, ამ ყმაწვილს, რეზო ლაღიძეს გაბარებ და შენ იცი, როგორ მუსიკოსს აღრზდიო. პირველი გაკვეთილიდან მომხიბლა რეზომ, როგორც ნიჭით,ისე ინსტრუმენტის სიყვარულით.მით უფრო ვგრძნობდი პასუხისმგებლობას მასთან მეცადინეობისას.ჩვენი მეცადინეობა ხალისიანად მიმდინარეობდა და შედეგსაც კარგს ვიღებდით. კონსერვატორიაში ჩაბარებამდე რეზო უჩიოდა მარცხენა ხელის ტკივილს, როგორც გაირკვა, მკლავში ინფექცია ჰქონია შეჭრილი. რეზომ მისაღები გამოცდები საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. დიდი რჩევის შემდეგ დავითანხმე კონსერვატორიაში, საკომპოზიციო კათედრის გამგისთვის, ანდრია ბალანჩივაძისათვის ეჩვენებინა კვარტეტი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ანდრიამ იმავე დღეს დამირეკა და შემატყობინა, რეზო ჩემს კლასში ჩავრიცხეო… კონსერვატორიის ვიოლონოს კლასში მისაღებ გამოცდებზე, როდესაც რეზომ პარალელურად სავალდებულო პროგრამა შეასრულა, ცნობილმა პროფესორმა, მინიარმა, აღნიშნა მისი იშვიათი სილამაზის ბგერა და საგანგებოდ ოქმშიც კი შეიტანა ასეთი შეფასება.

ლუარსაბ იაშვილი, პროფესორი

***

უთუოდ იმ წუთიდან, როდესაც რევაზ ლაღიძის არსებაში პირველი ჰანგი გაჩნდა და ჩამოიქნა, მას ხოტბა-დიდება არ მოჰკლებია. ასე გაგრძელდება დიდხანს, მაშინაც კი, როცა ჩვენი შვილთაშვილები ამქვეყნად აღარ იქნებიან.

კოტე მახარაძე, მსახიობი

***

რეზო ლაღიძემ ღირსეულად განვლო თავისი გზა, იცხოვრა ლამაზი, მდიდარი, სავსე ცხოვრებით, დაუზაოგავი სიუხვით გასცა თავისი დიდ ნიჭი, ადამიანური და შემოქედებითი ძალები. გაგვამდიდრა თავისი ხელოვნებითა და პიროვნებით.

როდიონ შედრინი, კომპოზიტორი

***

ჩვენი საზოგადოება ყოველთვის თაყვანს სცემდა რევაზ ლაღიძის დიდ ტალანტს, მის სასიმღერო შემოქმედებას, რომელიც გვხიბლავს სიწმინდით, სითბოთი, ადამიანურობით. მისმა ნიჭიერებამ ასევე გამოანათა საოპერო ფორმაშიც. ოპერა ,,ლელამ” გაგვიტაცა, დაგვატკბო, ცრემლებამდე აგვაღელვა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი კომპოზიტორები თითქოს ვეღარ აგნებენ და ავითარებენ იმ დიდ ვოკალურ სცენებს, რომლებსაც ოპერაში მიაღწია სიმღერის ოსტატმა რევაზ ლაღიძემ. ,,ლელა” გამსჭვალულია მძაფრი ვნებებით, არტისტიზმით… იგი აჯადოებს მსმენელს. კომპოზიტორი შესანიშნავად იცნობს ადამიანის ხმას, მის შესაძლებლობებს, რაც იშვიათი ნიჭია.

ტიხონ ხრენიკოვი, კომპოზიტორი

***

იმ თაობიდან, რომელსაც რევაზ ლაღიძე ეკუთვნის, ძალიან ცოტა გახდა ქართველი ხალხის სიყვარულის ღირსი. მაღ შორისაა კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე – ჭეშმარიტად ეროვნული, უაღრესად ნათელი, ზედმიწევნით ადამიანური მუსიკის ავტორი.

იგი ჩემი უსაყვარელსი კომპოზიტორია…ბევრი რამ მიეცემა დავიწყებას, მაგრამ შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს რევაზ ლაღიძის მზიან მუსიკას.

მუხრან მაჭავარიანი, პოეტი

***

მითხარით, ვინ უმღერა ასეთი გზნებით მშობელ მხარეს, მის ბუნებას, საყვარელ თბილისს, როგორც ეს რევაზ ლაღიძემ შეძლო?!

ნინო რამიშვილი

***

ბედნიერი ვარ, რომ რეზო ლაღიძესთან მქონდა ახლო მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა. ჩემთვის სამაგალითოა მისი კაცთმოყვარეობა, სიყვარული სამშობლოსადმი, ქართული მიწაწყლისადმი, დღესაც თვალწინ მიდგას რეზოსთან ერთად გატარებული მშვენიერი დღეები. რა დამავიწყებს მის მშფოთვარე სულსა და არწივისებურ გამოხედვას.

ქედს ვიხრი მისი მართალი ცხოვრების, ნიჭიერების, ხელოვნების, პიროვნების წინაშე.

ჯანსუღ კახიძე, დირიჟორი

********

მელოდიის გალაქტიონი

საქართველოში დიდ ადამიანებს სახელებით მოიხსენიებენ, მოიხსენიებენ გვარითაც: რუსთაველი, გურამიშვლი, ბარათაშვილი, ფალიაშვილი, ლაღიძე… რევაზ ლაღიძე კაშკაშა ვარსკვალავია ქართველ კომპოზიტორთა ელიტაში… იგი მელოდიის გალაკტიონია!

კომპოზიტორის შემოქმედების გვირგვინად იქცა ,,ლელა” მისი პირველი მოქმედების მუსიკა ისეთი გრანდიოზულია საგუნდო და სოლო ეპიზოდებით, რომ თავისუფლად გასწვდებოდა ორ ოპერას.

მინდა შემოგთავაზოთ მასთან ურთიერთობის ერთ-ერთი ეპიზოდი: ზაფხულის ერთ საღამოს მე და ალეკო ხომერიკი სტუმრად ვეწვიეთ შინ. სტუმართმოყვარე მასპინძელი ძალიან კარგ გუნებაზე იყო, ვსაუბრობდით, ვხუმრობდით. მოულოდნელად მე მას ვთხოვე ,,ილიჩ”, თუ შეიძლება ავტოგრაფით გვიძღვნათ თქვენი ოპერის არიებისა და დუეტების ნოტები. ბატონმა რეზომ თავის ქალიშვილ ლელას სთხოვა, ნოტები მოეტანა. შემდეგ ალეკოს ჰკითხა, როგორი წარწერა გსურსო. ალეკომ უპასუხა: როგორსაც ვიმსახურებო. მე კი ხუმრობით ვუთხარი: ,,თანამედროვეობის უდიდეს ბარიტონს ჯემალ მდივანს”. მან გულიანად გადაიხარხარა. და დასძინა, შეხედეთ, შეხედეთ ამ ზესტაფონელსო. ყველანი გავმხიარულდით, ნოტებს როგორი წარწერა გაუკეთა, აღარც გაგვხსენებია.

ორი კვირის შემდეგ რევაზ ლაღიძე გარდაიცვალა, … გადავშალე ნოტები და ვხედავ, მას ზუსტად ის სიტყვები დაუწერია, რაც მე ხუმრობით ვუთხარი…

ჯემალ მდივანი, მომღერალი

***

დღემდე ვერ შევეგუე იმ გარემოებას, რომ რევაზ ლაღიძე ჩვენს შორის აღარ არის. ალბათ, ვერც შევეგუები, ვინაიდან მისმა მუსიკამ და მან, როგორც განუმეორებელმა პიროვნებამ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. სიყვარულის ძალდაუტანებლად მოპოვება რჩეულთა ხვედრია. რევაზ ლაღიძე კი რჩეულთა ამ იშვიათი კატეგორიის წარმომადგენელია.

არიან შემოქმედნი, რომელთა შემდეგ არაფერი რჩება; არიან შემოქმედნი , რომლებიც ტოვებენ კვალს; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ გზას… ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერი, რასაც რევაზ ლაღიძის მაღალი ნიჭის მადლი შეეხო, წარმოადგენს გზას, რომელიც უსასრულია…

გია ყანჩელი


პასუხები

  1. Following study many of the blog posts on the website today, and I genuinely like your technique for blogging. My partner and i bookmarked them to this bookmark web site list and are checking again soon. Please check out my own web site likewise and inform me what you think.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები