ნიკო ფიროსმანი – “მეცხვარე”

მწყემსი ცხვრის ფარითმწყემსი ცხვრის ფარით

მწყემსს ნაბადი მოუხურავს, კომბალი მხარზე მოუგდია, ნაღვლიანად აკვნესებს სალამურს და ცხვრის ფარას მიერეკება. წინ ფარას ვაცი მიუძღვის გზის მაჩვენებლად. ვირისთვის ტვირთი აუკიდიათ და ისიც ცხვარში ჩამდგარა. ორი ქოფაკი ნაგაზი გვერდზე დადგომია ცხვრის ფარას. შორს კლდეზე კომბალიანი მწყემსი ბიჭები მოჩანს, ყარაულობენ ცხვარს, კლდეში რომ არ ჩაიჩეხონ.

ა. მაძღარაშვილი – “ფიროსმანის გარემო”

შემოდგომით მეცხვარეების ოჯახში დიდი ფუსფუსი ატყდებოდა. სახლს და ეზოს უვლიდნენ ასუფთავებდნენ, ოჯახი ელოდებოდა მეცხვარეს, რომელიც ადრე გაზაფხულზე ცხვართან ერთად გააცილეს და, რამდენიმე თვე სახლში აღარ ყოფილა. მეცხვარის გაცილების დროს თავისებური სამზადი იწყებოდა. დიასახლისი რამოდენიმე წყვილ თეთრეულს, წინდებსა და ტოლაღებს გაუმზადებდა. 9-10 პურს დააკრავდნენ, თონეში გაახმობდნენ და საცალოში ჩაუწყობდნენ. ხორბალს, ქერსა და სიმინდს ერთმანეთში შეურევდნენ, მერე საჯზე მოშუშავდნენ, წისქვილში დაფქვავდენ, შემდეგში გაცრდნენ ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდებს გაავსებდნენ და ქუმელიც მზად იყო. გარდა ამისა, ხმიადისათვის რამდენიმე ფუთ წმინდასაც წაიღებდნენ ხოლმე. მაისის შუა რიცხვებში მეცხვარის ოჯახში დიდი ქეიფი გაიმართებოდა: ამხანაგები, მეზობლები, ნათესავები გზას ულოცავდნენ…

მეცხვარის შრომა დიდად დაფასებული იყო სოფელში. ქიზიყში კაცი თუ მეცხვარე არ იყო, დანიშვნაც კი “უჭირდა”. ხშირად იტყოდნენ თურმე: “ეგ რომ კაცი იყოს, სახლში რას უზის და ცხვარში ვერ წასულაო”. ან “ქალი მივცე თორემ მაგის ცხვარი მინდორს ამძიმებსო.”

მეცხვარის ოჯახი ხელშეუხებელი იყო. ვინც ამ ოჯახის წევრზე ცუდს გაიფიქრებდა, მას სოფელი პასუხს მოსთხოვდა. თვითონ მეცხვარეც ცხენზე ამხედრებული ამაყად გადახედავდა ხოლმე თანასოფლელებს. სანამ ცხვარს იალაღისკენ გარეკავდა, მანამ რომელიმე მედუქნეს გაურიგდებოდა, რომ მისი ოჯახისათვის სარჩო არ მოეკლო. მედუქნეც დიდი მოკრძალებით ზრუნავდა ჩაბარებულ ოჯახზე. აი, როდესაც დაბრუნდებოდა, მატყლსა და ყველს დააბინავებდა, გუდის ყაურმაზე მეზობლებს მიიპატიჟებდა, დაისვენებდა, შემდეგ მედუქნეს ესტუმრებოდა. მედუქნეც გამოეგებებოდა და ერთიმეორეს დიდი სიყვარულით მოიკითხავდნენ. ამის შემდეგ მეცხვარე თავისი ოჯახის დანახარჯს მოჰკითხავდა და თან ეტყოდა “ფულადად გადაგიხადოთ თუ ნატურითაო.” მედუქნეც ზრდილობიანად პასუხობდა: “რა იყო, რა გეჩქარება, ამ ქვეყნიდან გამქცევნი ხომ არა ვართ.” მერე დახლზე გაღდადს გადააფარებდა, ერთ ხელადა ღვინოს მოიტანდა, სახელდახელოდ სუფრას გაშლიდა და მეცხვარის მშვიდობიან დაბრუნებას დალოცავდა. ამის შემდეგ ჩამოწერილ დავთარს გამოიტანდა და დანახარჯს უანგარიშებდა. მედუქნეს შეეძლო თუნდა ფული გამოერთმია და თუნდა საკლავი, მატყლი ან ყველი…

მეცხვარე ამის შემდეგ იწყებდა სამზადისს ცხვრის გამოსაზამთრებლად.

პასუხები

  1. gamarjobat


დატოვე კომენტარი