LIVE

მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია - რატომ გაძვირდა ადგილობრივი წარმოების ავეჯი?

12 თებ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია - რატომ გაძვირდა ადგილობრივი წარმოების ავეჯი?

საქართველოში დამზადებული ავეჯი გაძვირდა. ადგილობრივი მწარმოებლების თქმით, უცხოელი მიგრანტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, წლიურად ადგილობრივი წარმოების ავეჯი დაახლოებით 40-45%-ით გაძვირდა.

როგორც ავეჯის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის "შნოს" დამფუძნებელი და დირექტორი გივი ნიორაძე ამბობს, გაყიდვების ნაწილში ადგილობრივი მცხოვრებლების წილმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა მკვეთრად მოიმატა უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ. ამიტომ, საერთო ჯამში, გაყიდვები გაიზარდა.

მისივე თქმით, გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, პროდუქციის გაძვირება იმპორტირებული ნედლეულის გაზრდილმა ფასმაც განაპირობა.

"კონკრეტულად ჩვენი პროდუქცია გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე, ასეთი ადამიანები კი ქვეყანაში ძალიან შემცირდა. ამიტომ, ქართველი მყიდველები თითქმის აღარ გვყავს. სამაგიეროდ ისე გაიზარდა მოთხოვნა უცხოელი მიგრანტების მხრიდან, რომ საბოლოო ჯამში გაყიდვები მნიშვნელოვნად გაგვეზარდა, რამაც გავლენა იქონია ფასზეც და წლიურ ჭრილში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მინიმუმ 40-45%-ით გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში მეტადაც. ფასების მატებაში დამატებითი ფაქტორი იყო ისიც, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ძირითადად იმპორტირებული ნედლეულით მზადდება, ეს უკანასკნელი კი გასულ წელს ასევე მნიშვნელოვნად გაძვირდა", - ამბობს გივი ნიორაძე. 

ავეჯი რომ გაძვირდა, ამას ადასტურებენ კომპანია “ჰოუმმეიდშიც", თუმცა ამბობენ, რომ ფასების მნიშვნელოვანი ზედა აღარ მოხდება. კომპანიის წარმომადგენლის, მარიამ ქავთარაძის თქმით, მოლოდინია, რომ მოთხოვნის ზრდა გაგრძელდება, თუმცა რადგან მიმდინარე წლიდან იმპორტირებული ნედლეულის ფასებმა კლება დაიწყეს, ავეჯის დამატებითი გაძვირება მოსალოდნელი არაა.

"გასულ წელს უცხოელი მიგრანტების შემოდინების ფონზე გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარი. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ყიდულობენ ბინებს ან ქირაობენ, ამ ფართებში კი ახალი ავეჯიც სურთ, ეს პირდაპირ აისახება ჩვენი გაყიდვების ზრდაზეც. შარშან, ფასები გაიზარდა, მაგრამ უკვე წელს ზრდის სწრაფ ტემპს აღარ ველით, რადგან ამ მხრივ ბაზარი მეტნაკლებად დასტაბილურდა. მათ შორის იმპორტირებულ ნედლეულის ფასებიც ქვევით წამოვიდა", - აღნიშნავს მარიამ ქავთარაძე. 

ავეჯის ინდუსტრია, რომ მზარდია, ამას მოწმობს Galt&Taggart-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც 2017-21 წლებში, ავეჯის სექტორში ადგილობრივი წარმოების წილი 22.1%-დან 27%-მდე გაიზარდა. თუმცა ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ წარმოების ზრდა ბოლო წლებში მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემების გამო შენელებული იმპორტის შედეგია.

იმავე Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, რემონტის, ტექნიკის და ავეჯის ბაზრის საერთო ზომა 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარია და ბოლო 5 წელში ზრდა დაახლოებით 11%-ია. აღსანიშნავია, რომ მთლიანი თანხის მოცულობიდან ადგილობრივი წარმოება დაახლოებით 36%-ია, ხოლო იმპორტი თითქმის ორმაგია და 64%-საც შეადგენს.