LIVE

თურქეთის ტურიზმი მიწისძვრების შემდეგ აღდგენას იწყებს

29 აპრ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 398
თურქეთის ტურიზმი მიწისძვრების შემდეგ აღდგენას იწყებს

ტურიზმი თურქეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორია, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. მიუხედავად ამისა, თურქეთში იმედოვნებენ, რომ  ტურიზმი მალე კვლავ აღდგება.

დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწისძვრას გადარჩენილი დაზარალებულები განთავსებულნი იყვნენ სასტუმროებში, რომლებიც, შესაბამისად, შეივსო და დაიბლოკა ტურისტებისთვის. თურქეთის სახელმწიფომ უკვე უზრუნველყო მათი გადაყვანა სპეციალურ საოჯახო სასტუმროებსა და საცხოვრებლებში, რის შედეგადაც სასტუმროები საზღვაო კურორტებზე კვლავ გათავისუფლდნენ დამსვენებლებისთვის. 

ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სფერო ქვეყანაში ძალიან ნელა აღდგება, რადგან დამანგრეველმა მიწისძვრებმა ტურისტები სერიოზულად დააფიქრა, უსაფრთხო იქნება თუ არა თურქეთში დასასვენებლად წასვლა. ტურიზმი კი თურქეთისთვის შემოსავლების უმნიშვნელოვანესი წყაროა: თურქეთის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 10%-ია. ამის ფონზე პრეზიდენტი ერდოღანი ფოკუსირებულია თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე - რომელიც გასულ წელს $48.8 მილიარდი იყო - რათა მაღალი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების პრობლემები დაძლიოს. 

ტურიზმის სფეროს აღდგენა რთული იქნება: მიწისძვრებამდე ტურისტების რიცხვი, რომლებიც სტამბულში ორი ან მეტი ღამით რჩებოდნენ, 2019 წლისგან განსხვავებით, 7%-ით იყო შემცირებული. მიწისძვრების შემდეგ ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატა და ახლა 31%-ით ნაკლები ტურისტია ქალაქში. სასტუმროს ჯავშნების შემცირება მიანიშნებს იმაზე, რომ ტურიზმიდან შემოსავლები თურქეთს წელს უფრო ნაკლები ექნება, ვიდრე მანამდე.

მიუხედავად ამისა, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური დაკვირვებები. კერძოდ, მარტში შედარებით მოიმატა ტურისტების რაოდენობამ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე; ჯამში 54%-ით გაიზარდა ქვეყნის აღნიშნულ ნაწილში დამსვენებელთა რაოდენობა. მათგან ყველაზე მეტნი არიან რუსები, შემდეგ გერმანელები და ბრიტანელები. სწორედ მარტის ამ საიმედო მდგომარეობის საფუძველზე თურქეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ წელს ქვეყანა ტურიზმიდან $56 მილიარდს მიიღებს. ამასთან, ლირას გაუფასურებამ და ევროზონაში არსებულმა ინფლაციამ, სავარაუდოა, რომ ევროპელებს მეტი სტიმული უნდა მისცეს, დასასვენებლად თურქეთი, როგორც შედარებით იაფი მიმართულება, აირჩიონ.