LIVE

ბოლო 50 წელში პირველად ჩინეთში მოსახლეობა შემცირდა

28 აპრ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1204
ბოლო 50 წელში პირველად ჩინეთში მოსახლეობა შემცირდა

ჩინეთში გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოსახლეობის კლება პირველად დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთ Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.

საკითხის სენსიტიურობის გამო, მთავრობის მიერ კონსენსუსის მიღებამდე, ათწლეულის ახალი სტატისტიკა, რომელიც შარშანდელ აღწერას ეყრდნობა, ჯერჯერობით საჯაროდ არ ქვეყნდება.

”თუ ჩინეთი ასეთ ვარდნას დაადასტურებს, ეს დიდი ამბავი იქნება. გაეროს პროგნოზით, ჩინეთის მოსახლეობა პიკს 2027 წელს მიაღწევს. ეს შეიძლება იმაზე მალე მოხდეს, ვიდრე ამას ბაზრისა და პოლიტიკის შემქმნელები ელიან”,- ამბობს Pinpoint Asset Management-ის მთავარი ეკონომისტი, ჟივეი ჟანგი.

უახლოეს წლებში მოსახლეობის შესაძლო შემცირების შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო მედია ბოლო დროს ხშირად წერდა. 

სტატისტიკა ჩინეთს იძულებულს ხდის, წაახალისოს შობადობა რათა მოსახლეობის შეუქცევადი კლება თავიდან აიცილოს. 

2016 წელს, ახალშობილთა რიცხვის გაზრდის მიზნით, ჩინეთმა გააუქმა აკრძალვა, რომელიც ჩინელებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლებას აძლევდა და მის ნაცვლად, ჩინელებს ორი შვილის გაჩენის უფლება მისცა, მიუხედავად ამისა, ჩინეთში შობადობა კლებას განაგრძობს.  

ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ 1990 წლის შემდეგ დაბადებული წყვილები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, უფრო მეტად აფასებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და კარიერას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მშობლები შვილების ყოლას სთხოვენ. დიდ ქალაქებში ცხოვრების ხარჯების გაზრდა ასევე აბრკოლებს წყვილებს.

ეკონომისტი ჟივეი ჟანგი მიიჩნევს, რომ ჩინეთს მოუწევს სრულად შეწყვიტოს შობადობის კონტროლი და ასევე, უნდა გადახედოს საპენსიო ასაკის გადაწევის საკითხს.

შობადობის შემცირება და მოსახლეობის დაბერება აწვება სამუშაო ასაკის მოსახლეობას და ამცირებს შრომისუნარიანობას.

Capital Economics-ის პროგნოზით, ახალი მონაცემები უკვე მიანიშნებს, რომ 2030 წლისთვის სამუშაო ძალა ყოველწლიურად 0.5%-ით შემცირდება, რასაც  მთლიან შიდა პროდუქტზე შესაბამისი გავლენა ექნება. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შენელებული ზრდით აშშ ისარგებლებს და შესაძლოა, ამან ჩინეთის გლობალურ მდგომარეობაზე არამატერიალური გავლენა იქონიოს. 

არსებული მონაცემებით, ჩინეთი მოსახლეობის ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მისი მოსახლეობა დაახლოებით 1.40 მილიარდს შეადგენს.