LIVE

კურტ კემპბელი: აშშ ჩინეთთან ინტენსიური კონკურენციის ფაზაში შედის

28 მაი 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 774
კურტ კემპბელი: აშშ ჩინეთთან ინტენსიური კონკურენციის ფაზაში შედის
Getty Images

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ინდო-წყნარი ოკეანის საკითხებში, კურტ კემპბელმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან ინტენსიური კონკურენციის ფაზაში შედის, რადგან ჩინეთის მთავრობას სულ უფრო მკაცრად აკონტროლებს პრეზიდენტი სი ძინპინი.

"ჩინეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა ახლა სტრატეგიული პარამეტრების ახალი ინსტრუმენტებით წარიმართება და დომინანტური პარადიგმა კონკურენცია იქნება",- განაცხადა კურტ კემპბელმა.

აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩინეთის პოლიტიკამ სი ძინპინის მმართველობის პერიოდში. მან აგრეთვე აღნიშნა სამხარეო შეტაკებები ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე, ავსტრალიის წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური კამპანია და აგრესიული დიპლომატიური პრაქტიკა.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, კეტრინ ტაიმ და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებების დაწყებამდე, ტაიმ განაცხადა, რომ ორი მხარე ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ხოლო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის დაზვერვას ძალისხმევის გაორმაგება დაავალა იმის დასადგენად, მოხდა, თუ არა Covid-19 ვირუსის გაჟონვა ჩინეთის ლაბორატორიიდან.

27 მაისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა სარგებელს მიიღებდა თანამშრომლობისგან და ორივე წააგებდა დაპირისპირების შედეგად.

აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს ასევე აზიანებს პეკინის პრეტენზიები ჩინეთის ზღვის მიმართ, ადამიანის უფლებების საკითხი სინძიანის პროვინციაში, ტაივანისა და ჰონგ-კონგის მომავალი და ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის 5G ტექნოლოგიის დანერგვა და ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი. ჩინეთისა და აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობის სფეროებს ხედავენ, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების სფეროში, მაგრამ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა გაცილებით ცივია.

ჩინელი ექსპერტების აზრით, აშშ მიიჩნევს, რომ ჩინეთი მას გადაუსწრებს ეკონომიკურად და ამიტომ იგი ცდილობს შეაკავოს ჩინეთი და არ დაუშვას მისი დაწინაურება პროდუქტების, ან სერვისების შექმნაში.  

კემპბელმა კარგად იცის, როგორია გაბრაზებულ ჩინელ დიპლომატებთან მოლაპარაკება. მარტში ის იყო აშშ-ის დელეგაციის წევრი, რომელიც ალასკაზე ჩინელ კოლეგებს შეხვდა მოლაპარაკებების გასამართად და სადაც, ურთიერთბრალდებებით განაგრძეს ადამიანის უფლებების, ვაჭრობისა და საერთაშორისო კავშირების საკითხებზე მსჯელობა.

კემპბელის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი ღრმად იდეოლოგიზირებულია და არცთუ ძალიან დაინტერესებულია ეკონომიკით. 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან თითქმის სრულად მოშალა მექანიზმები, რომლებიც შექმნილი იყო კოლექტიური ხელმძღვანელობისთვის.

კემპბელმა თქვა, რომ მოკავშირეები ცენტრალურ როლს შეასრულებენ აშშ-ის ძალისხმევაში, რომ ჩინეთი ჩარჩოებში მოაქციონ. აშშ-მა უკვე დაიწყო მცდელობები „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ (QUAD) აქტუალიზაციის მიმართულებით, რომელიც აშშ-ის გარდა მოიცავს ინდოეთს, იაპონიასა და ავსტრალიას. ბაიდენის პირველი შეხვედრები თეთრ სახლში უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურებთან გაიმართა: იაპონიისა და სამხრეთ კორეის პრემიერებთან.

„პირველადაა, რომ ჩვენ ვცვლით ჩვენს სტრატეგიულ აქცენტს, ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, ჩვენს სამხედრო ძალებს, რაც უფრო მეტად იქნება მიმართული ინდო-წყნარი ოკეანისკენ",- განაცხადა კემპბელმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ მარტინი