LIVE

9 წლის წინ მოპარული პიკასოს ნახატი იპოვეს

30 ივნ 202110:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1393
9 წლის წინ მოპარული პიკასოს ნახატი იპოვეს

საბერძნეთში პოლიციამ პაბლო პიკასოს 9 წლის წინ დაკარგული ნახატი აღმოაჩინა. ცნობილი მხატვრის ნამუშევარი, სახელწოდებით "ქალის თავი", ათენის ეროვნული გალერეიდან 2012 წელს გაქრა. 

პოლიციის ცნობით, დაკავებულია 49 წლის ბერძენი დეკორატორი მამაკაცი. პიკასოს ნახატთან ერთად, პოლიციამ კიდევ ერთ ნამუშევარს - მხატვარ პიტ მონდრიანის "ქარის წისქვილსაც" მიაგნო. 

ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავების ქურდობის ოპერაციის დეტალები გაუმხილა. ის ნახატებს საკუთარ სახლში მალავდა და მათ გაყიდვას არ გეგმავდა. ბოლო დროს მან ნახატები შეფუთა და ქალაქგარეთ გადამალა. 

საბერძნეთის კულტურის მინისტრის, ლინა მენდონის განცხადებით, ნამუშევრების გაყიდვა ან გამოფენა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მას ესპანელი მხატვრის მინაწერი ჰქონდა, რომელზეც ფრანგულად ეწერა: "ბერძენ ხალხს, პიკასოს ხარკი".

პიკასომ ნამუშევარი ათენის ეროვნულ გალერეას მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის დაუმორჩილებლობის საპატივსაცემოდ გადასცა. ტილო 1939 წელსაა დახატული და ის პიკასოს პარტნიორის, დორა მაარის პორტრეტების სერიის ნაწილია.

ნახატები უკვე დაუბრუნდა გალერეას, სადაც ქურდობის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.