LIVE

"მზიური": ერთი ლიტრი ზეთის ფასი სავარაუდოდ, 5 ლარამდე შემცირდება 

02 ივლ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1134
"მზიური": ერთი ლიტრი ზეთის ფასი სავარაუდოდ, 5 ლარამდე შემცირდება 

იმპორტიორების ნაწილი საქართველოში ერთი ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასის 5 ლარამდე შემცირებას ვარაუდობს.

როგორც „მზიურის“ გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი რამიშვილმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ზეთის მწარმოებელ ქვეყნებში, კერძოდ უკრაინასა და რუსეთში მზესუმზირის კარგ მოსავალს ელოდებიან, ზეთი დიდი ალბათობით გაიაფდება და ეს საქართველოს ბაზარზეც აისახება.

„ლარის ბოლოდროინდელი გამყარების გაუთვალისწინებლადაც, მოლოდინი გვაქვს, რომ საერთაშორისო ბაზარზე სპეკულაციური მომენტები დასრულდება და ზეთი გაიაფებას დაიწყებს. ეს საბირჟო საქონელია და იქ გაიაფების ტენდენცია დაიწყო. თუ მიმდინარე წლის მაისში ბირჟაზე 1 ტონა ზეთის ფასი 1400 -1500 დოლარი იყო დღეს ეს მაჩვენებელი 1100-1070 დოლარამდე ჩამოვიდა. ზეთის ექსპორტიორი ქვეყნები კარგი მოსავლის მოლოდინში არიან. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ეს საქართველოზეც აისახება და თუ ახლა 1 ლიტრის ფასი 7 ლარის ფარგლებში ტრიალებს, დაახლოებით ერთ თვეში, ან ცოტა უფრო გვიან ის 5 ლარამდე ჩამოვა. თუმცა, უფრო ზუსტად, როგორ განვითარდება პროცესები, შედარებით შორეულ პერსპექტივაში, ამას აგვისტოს მოსავალი აჩვენებს“,- აცხადებს რამიშვილი.

კომპანია „მზიური“ უკრაინიდან და რუსეთიდან ყოველთვიურად საქართველოში 400-500 ტონა ზეთის იმპორტს ახორციელებს. საქსტატის მონაცემებით, 2021  წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მზესუმზირის ზეთი საქართველოში 96%-ით გაძვირდა.