ახალი ამბები

ახალი მთავარი პროკურორი დაინიშნა


გიორგი ბადაშვილი. ოფიციალური ფოტო

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურორად 21 იანვარს გიორგი ბადაშვილი დანიშნა, რომელიც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

32 წლის გიორგი ბადაშვილი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი 2013 წლის 22 ნოემბერს გახდა. მანამდე, 6 თვის განმავლობაში ის  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სანამ 2013 წლის მაისში შსს-ში გადავიდოდა, ბადაშვილი 2006 წლის ივლისიდან  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.

"მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და ზოგადად პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით", – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც ბადაშვილს 2003 წელს დაამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ამ გაცხადების გამოქვეყნებამდე გავრცელდა იუსტიციის სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კანონის შესაბამისად, 21 იანვარს "პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი კონსულტაციების შედეგად“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button