რედაქტორის რვეულირვეულები

“ჭკვიანი ბოროტის” მარადმწვანე ილუზია

“ბოროტია, მაგრამ ჭკვიანია” –  ასეთ წარმოდგენებს ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც. 

“ჭკვიან ბოროტებად”, როგორც წესი, ისინი იწოდებიან, ვინც ჩვენთვის მიუღებელი მორალით მოქმედებენ, მაგრამ თავიანთ მიზნებს მაინც აღწევენ. ასეთი ადამიანები ჩვენში შერეულ გრძნობებს აღძრავენ – თან გვაბრაზებენ, თან თავიანთი საოცარი გონიერებით ჩუმად კიდეც აღგვაფრთოვანებენ ხოლმე. თუმცა ზოგჯერ ჭკუაზე ბევრად საშიში მათი ინტელექტის შესახებ გადამეტებული წარმოდგენები შეიძლება იყოს – განსაკუთრებით კი, როცა საქმე პოლიტიკაზე მიდგება.

ვინ არიან ისინი?

“ჭკვიან ბოროტებს” – ანდაც “ბოროტ გენიოსებს” – ცხოვრებაში ბევრი შეხვედრია. ისინი გვევლინებიან იმ ადამიანთა სახით, რომლებმაც ცხოვრება არაკეთილსინდისიერი გზით, სხვისი ჩაგვრით ან სხვის ხარჯზე “აიწყვეს”. Მათი ქცევები გარშემო მყოფთათვის მიუღებელია, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველიც. მაგალითად, მშობლებმა, რომლებიც მუდამ პატიოსნებას ქადაგებენ, შეიძლება სადღაც მაინც წამოაძახონ თავიანთ პატიოსნად გაზრდილ შვილს, რომ ამდენ წვალებას აჯობებდა, ისიც ვინმე “ჭკვიანი ბოროტი” მეზობლის გზას დასდგომოდა.

იგივე ხდება პოლიტიკაშიც. ძალაუფლებას ჩაჭიდებული “ჭკვიანი ბოროტები” შეიძლება ერთდროულად ზიზღსაც იწვევდნენ და აღტაცებასაც. ადამიანებს შეიძლება ეზიზღებოდეთ მათი უპრინციპობა, კორუფცია, მჩაგვრელობა, მაგრამ მაინც იხიბლებოდნენ მათი ნიჭით, ვითარება სწორად გათვალონ და სათავისოდ გამოიყენონ. ასეთი მმართველები განსაკუთრებით მომხიბვლელი ხდებიან, თუკი თავს წესრიგის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამცველადაც წარმოაჩენენ, თუნდაც ადამიანთა უფლებების მასობრივი შელახვის ხარჯზე. მეტიც, არადემოკრატიული მმართველები ხალხში “ბოროტი, მაგრამ ჭკვიანი” პოლიტიკოსის რეპუტაციის შექმნას შეიძლება გამიზნულად, მეტი მხარდაჭერის მოზიდვის იმედითაც ეცადონ.

“ძალაუფლება რეპუტაციას ამით ჰგავს: რაც უფრო ხანგრძლივად გაქვს და რაც უფრო ხშირად იყენებ, მით უფრო მეტი გაქვს.”

თომას ჰობსი, “ლევიათანი”

ასე, მაგალითად, ბოროტი გენიოსის რეპუტაციით წლების მანძილზე სარგებლობდა (და სარგებლობს) რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მსგავსი აღქმა უნარჩუნებს თაყვანისმცემელთა მთელ არმიას იოსებ სტალინს. იმავეს ვხედავთ თანამედროვე საქართველოშიც: თუკი უწინ “ჭკვიანები მაინც იყვნენ” ნოსტალგია წინა ხელისუფლებას მიემართებოდა, დღეს უკვე მმართველი ძალა ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანა “გროსმაისტერული”, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირების მიერ იმართება. რატომაც არა? თუ მათ სხვაზე მეტი ფული იშოვეს ან სხვაზე მეტი აკადემიური ხარისხი მოიპოვეს, არც ქვეყნის მართვაში უნდა გამოდგნენ მთლად უნიჭოები.

ჭკუა თუ ჭკუის უკმარისობა?

თუმცა “ჭკვიანი ბოროტის” სტატუსი ხშირად ილუზია უფროა, ვიდრე რეალობა. ამის პირველი, მარტივი მიზეზი ისაა, რომ ასეთ ადამიანებს წარმატებულად არა მაინცდამაინც მეტი ჭკუა, არამედ ნაკლები მორალური შეზღუდვები აქცევს. თუ სინდისი არ გაწუხებს, ნაკლები ბარიერი გაქვს, რომ წინ გაიჭრა და მიხვიდე იქ, სადაც მხოლოდ “ჭკუა” ვერ მიგიშვებდა. მეტიც, “ჭკვიანი” შეიძლება სწორედ იმიტომ იქცა “ბოროტად”, რომ მას ეთიკური გზით წინსვლისთვის “ჭკუა” არ ეყო.

მეორე მიზეზი, თუ რატომ შევყავართ “ჭკვიანი ბოროტი” პოლიტიკოსის ცნებას შეცდომაში, თავად “ჭკუის”, ანუ ინტელექტის ვიწრო გაგებაა. ჭკვიან ბოროტს შეიძლება მართლაც მრავალი აკადემიური მიღწევა ჰქონდეს, სხვაზე სწრაფად ხსნიდეს განტოლებას, ბევრ უცხო ენაზე საუბრობდეს გამართულად და მანიპულაციებსა და დემაგოგიაშიც არ ჰყავდეს ბადალი, თუმცა “ბოროტის” ნაწილი უკვე გამორიცხავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათიურობა და სხვისი განცდების გაზიარების უნარი. ამ დროს კი, თუ პოლიტიკის მთავარ მიზნად თითოეული ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევას განვსაზღვრავთ, ემოციური ინტელექტი პოლიტიკური ჭკუის აუცილებელ ატრიბუტად უნდა მივიჩნიოთ.

ვიწრო ხედვა ასევე უშლის ხელს ასეთ ადამიანთა წარმატებულობის შეფასებასაც. საზოგადოება, როგორც წესი, ამჩნევს “ჭკვიანი ბოროტის” მიღწევებს, მაგრამ არ უყურებს დანაკარგებს. მხედველობიდან გვრჩება “ბოროტი” ნაბიჯების ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა მზარდი იზოლაცია, პარანოია, გაუცხოებულ და “გამწარებულ” ადამიანთა დიდი ჯგუფი და ყველაფერი, რაც მის მდგომარეობას კომფორტს აცლის, თავად მას კი საღად აზროვნების უნარს შეიძლება უზღუდავდეს.

ჭკვიანი ბოროტის ილუზიურობის მესამე და მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ყველანაირ “ჭკუას” აქვს თავისი საზღვრები. მაშინაც კი, თუ ადამიანი მართლაც განსაკუთრებული ინტელექტის პატრონია, მისი გადაწყვეტილების სისწორე შეიძლება იზღუდებოდეს იმ ცოდნითა და კულტურით, რომელშიც აღიზარდა, გარემოცვითა და ღირებულებითი სისტემით, რომელშიც მოქმედებს, და ხასიათით ან ემოციებით, რომელთა არსებობასაც იგი ხშირად არც აღიარებს: ჭკვიანი ბოროტები ხშირად ამაყობენ “ცივი გონებით” მართვის უნარით, თუმცა ემოციების აუღიარებლობა შეიძლება სწორედ იმას ნიშნავდეს, რომ მათი ერთი შეხედვით რაციონალური ნაბიჯები გაუცნობიერებელი და საშიში იმპულსებითაა ნაკარნახევი. 

Სწორედ ამიტომ, ქვეყნის მართვის სადავეების ერთ ადამიანზე, თუნდაც გენიოსზე, მინდობა სარისკოა. Სახელმწიფო კომპლექსური წარმონაქმნია, რომელიც უამრავ განსხვავებულ ჯგუფს, დაპირისპირებულ ინტერესსა და რწმენას მოიცავს და ყოველდღე ახალ, აქამდე უცნობ გამოწვევას აწყდება. ასეთ დროს კეთილდღეობის მიღწევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება მრავალმხრივ აზროვნებას, ემოციურ გაწონასწორებულობას, კრიზისებისთვის მზაობასა და კომპრომისის უნარს მოითხოვს. ამ მიზნებს დიდი ჭკუა არ ჰყოფნის – ამას ბევრის ჭკუა, ბევრი ადამიანის რესურსი სჭირდება, ბევრის ჭკუის გამოყენება კი, თავის მხრივ, დემოკრატიულ მმართველობას მოითხოვს.

მაგრამ “ჭკვიანი ბოროტები”, რომლებიც უმეტესად არადემოკრატიულ მმართველებად გვევლინებიან, სხვებს არ უსმენენ. Მათ, როგორც წესი, არც ჭკვიანი, მცოდნე ადამიანების გარემოცვა უყვართ, რადგან ისინი ზედმეტად არ ენდობიან მათ და ზედმეტად ენდობიან საკუთარ მითიურ გონებას. კრიზისის დროს ასეთი ლიდერი, ერთი შეხედვით, მიმზიდველიცაა: დემოკრატიული, მუდმივ განსჯასა და აზრთა სხვადასხვაობებზე დაფუძნებული სისტემა ხშირად სუსტად, არაეფექტურად და მყიფედ გამოიყურება. უამრავი შიდა თუ გარე საფრთხის პირობებში არავის სურს გაუთავებელი ქაოსისა და აყალმაყალის ყურება.

მაგრამ თუ ასეთ “ქაოსს” გავაქრობთ, შეიძლება ზედ ისეთი აზრებიც, ისეთი განსჯაც მივაყოლოთ, რომლებიც კრიტიკულ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, ქვეყანა კი ერთი ან ორი ადამიანის გაუაზრებელი იმპულსების ანაბარა დავტოვოთ.

რატომაა “ჭკვიანი ბოროტის” სტატუსი განსაკუთრებით საშიში?

გავრცელებული და სამართლიანი წარმოდგენაა, რომ ჭკვიან ბოროტს საშიშად თავისი გამჭრიახი გონება აქცევს. თუმცა ზოგჯერ საპირისპიროც მართალია: ასეთ მმართველებს უფრო დიდ საფრთხედ შეიძლება სწორედ რაციონალური განსჯის უუნარობა ხდიდეს. სადღაც ხომ ფეხი ყველას უცურდება: არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ჭკვიანი მმართველი “ჭკუიდან შეცდეს” და ყოველგვარ აზრს მოკლებული ნაბიჯები გადადგას. ასეთი არაერთი მაგალითი არსებობს, თუნდაც უახლეს წარსულში. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამ დროს ნაბიჯის სრული კატასტროფულობა აღიქვან და მას წინ დროულად აღუდგნენ, ადამიანები გადაწყვეტილებაში ისეთი გათვლის, ისეთი “ჭკუის” ძებნას იწყებენ, რომელიც იქ, უბრალოდ, არ არის. 

ეს კი “ჭკვიან ბოროტ” მმართველთა ძალაუფლებას მხოლოდ ეხმარება. მათი ნაბიჯებისადმი ზედმეტი რაციონალურობის მიწერა პოლიტიკოსებს ინტელექტუალურ რეპუტაციასა და საზოგადოებრივ ნდობას უნარჩუნებს, ამავე დროს კი ამცირებს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მანამ, სანამ უკვე გვიანი არაა ხოლმე.

ამიტომ, თუკი “ჭკვიან ბოროტებთან” ბრძოლა გვსურს, შეიძლება პირველი ნაბიჯი სწორედაც რომ მათი ჭკვიანობის მითზე გალაშქრება იყოს.

ნინი გაბრიჭიძე

მსგავსი/Related

Back to top button