„ამ რეგლამენტის ძალაში შესვლა ბარამბოსთვის ძალიან მოგებიანია“ - ასე გამოეხმაურა კომპანია „ბარამბოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნიკა კახნიაშვილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ რეგლამენტს, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან უნდა შევიდეს.

კახნიაშვილის თქმით, „ბარამბო“დაარსების დღიდან ქართველ მომხმარებელზეა ორიენტირებული და მისი მიზანია, რომ ქართველ მოსახლეობას ჯანსაღი პროდუქცია მიაწოდოს.

„რეგლამენტი 2021 წელს დამტკიცდა და მის ამოქმედებას დიდი ხანია ველოდებით, ბარამბო დაარსების დღიდან ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოში გაყიდოს პროდუქცია და მომხმარებელს მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი მიაწოდოს, იმდენად რამდენადაც ეს ტექნოლოგიურად არის შესაძლებელი, საერთო ჯამში  ბარამბო აქამდეც რეალურად ამ პროგრამით მიდიოდა და ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებასთან ჩვენ მორალური პასუხისმგებლობა გვქონდა და ამისგან გადახვევაზე არასდროს გვიფიქრია, რომ  გარკვეული პროდუქცია ან მოწყობილობები  უფრო იაფად შემოგვეტანა, ბარამბოს პროდუქციის გარეკანზე ყოველთვის  იყო ასახული თუ რას შეიცავდა ჩვენი პროდუქცია,  აქვე  ვიტყვი, რომ „ბარამბოს“  პროდუქციის 90% ნატურალურია. რა თქმა უნდა გვაქვს რაღაც პროდუქტები რომელიც შოკოლადის შემცველია, თუმცა მასაც აწერია აღწერაში, რომ ეს არის  შოკოლადის შემცველი და არ არის შოკოლადი.“ - აღნიშნა ნიკა კახნიაშვილმა.

კითხვაზე თუ რას შეცვლის ეს რეგლამენტი მომხმარებლისთვის კახნიაშვილი პასუხობს, რომ აქამდე მომხმარებელი  მოტყუებული რჩებოდა,  რადგან არაა იმის ფუფუნება და დრო, რომ ადამიანმა ყველაფერი გადაამოწმოს.

„აქამდე სახელმწიფო არ ავალდებულებდა კომპანიებს, რომ დეტალური ინფორმაცია დაეტანათ შეფუთვაზე, ამ  რეგლამენტით მომხმარებელი გარკვეულწილად დაცული იქნება ფალსიფიცირებისაგან და  სხვა პროდუქტების შერევისგან, საბოლოო ჯამში მომხმარებელს ეცოდინება თუ რას მოიხმარს და თავის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თვითონ იქნება.“ - აღნიშნა ნიკა კახნიაშვილმა.

„ტექნიკური რეგლამენტი მოხმარებისთვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ 2021 წელსაა გამოქვეყნებული და ახლა, პირველი ივლისიდან შევა ძალაში. ეს დაარეგულირებს იმ საკითხს, რომ კაკაოსგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ამ რეგლამენტის მიზანი, ისევე როგორც სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით მსგავსი რეგლამენტების, არის ის, რომ მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში.

ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე.

მსგავსი რეგლამენტები მოქმედებს რძე და რძის პროდუქტების, თხილის, თაფლის შემთხვევაში.