საქართველოში შოკოლადისა და ტკბილეულის წარმოების ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები 3 კომპანიის მაგალითზე Finspot-მა მიმოიხილა.

შპს „ბარამბოს“, შპს „ტკბილი ქვეყანას“ და შპს „ვასაძის პურის“ („სანდომი“) ძირითადი საქმიანობა საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე საცალო სავაჭრო ქსელების მეშვეობით. თუმცა, „ბარამბოს“ შემოსავლების მცირე წილი, 4% გენერირდება ექსპორტიდან. 

„ბარამბო“ ფოკუსირებულია შოკოლადის, ნაყინისა და ვაფლის წარმოებაზე, „ტკბილი ქვეყანა“ და „სანდომი“ კი ძირითადად სხვადასხვა ტიპის ორცხობილებსა და მშრალ ნამცხვრებს აწარმოებენ. „ბარამბო" 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, „ტკბილი ქვეყანა“ 180-ს, „სანდომი“ კი დაახლოებით 100 სახეობის პროდუქტით არის წარმოდგენილი ბაზარზე. 

ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ძირითად კონკურენციას იმპორტირებული საქონელი ქმნის, ვინაიდან თითქმის ყველა ცნობილი გლობალური ბრენდი წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე. მძაფრი კონკურენციის პირობებში, ქართული ტკბილეულის მწარმოებლები კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას შედარებით დაბალი საფასო პოლიტიკით აღწევენ. წარმოდგენილ კონკურენტებს შორის, ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი და საუკეთესო მომგებიანობის მაჩვენებლები „ტკბილ ქვეყანას“ აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ყველაზე დიდი ინვესტიცია საწარმოში „ბარამბომ“ გასწია“, - აღნიშნავენ Finspot-ში.

„ბარამბოს“ 2021 წლის შემოსავლებმა ₾48 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც „ტკბილი ქვეყნის“ და „სანდომის“ შემოსავლები შესაბამისად ₾32 და ₾22 მილიონი იყო. კონკურენტებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი „ტკბილ ქვეყანას“ აქვს, 2018-2021 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 15%-ით იზრდებოდა, მაშინ როდესაც „სანდომის“ ზრდის ტემპი 9% იყო, ხოლო „ბარამბოსი“ მხოლოდ 2%.

2018 წელს „ტკბილი ქვეყნის“ შემოსავლები 24%-ით აღემატებოდა „სანდომის"“ შემოსავლებს, 2021 წელს კი „ტკბილ ქვეყანას" კონკურენტზე უკვე 48%-ით მეტი ბრუნვა ჰქონდა.

სექტორში მონაწილე კომპანიებს შორის, ყველაზე მაღალი, 48%-იანი საერთო მოგების მარჟა (gross margin) „სანდომს“ უჭირავს. შედარებისთვის, „ტკბილი ქვეყანა“ 37%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებს, „ბარამბოს“ მარჟა კი მხოლოდ 17%-ია.

„გარდა ამისა, „ტკბილი ქვეყანა“ ₾32 მილიონის გენერირებას მხოლოდ ₾6 მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებებით ახერხებს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, ₾5 ლარის შემოსავალს იღებს. „ბარამბოს“ შემთხვევაში კი იგივე მაჩვენებელი დაბალია, რადგან საწარმოო დანადგარები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებში „ბარამბოს“ კონკურენტებზე გაცილებით მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული ძირითად საშუალებებში და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში FAT და ROCE მაჩვენებლებლების გაუმჯობესების დიდი პოტენციალიც აქვს გრძელვადიან პერიოდში.

„სანდომი“ კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის სესხის მოცულობა ₾10 მილიონს შეადგენს (მთლიანი აქტივების 69%), რაც აღემატება ძირითადი საშუალებების მთლიან საბალანსო ღირებულებას (₾8 მილიონი). 

„ტკბილ ქვეყანას“ ყველაზე მეტი მარკეტინგული დანახარჯები აქვს როგორც აბსოლუტური, ასევე პროცენტული მაჩვენებლებით. კომპანიების მარკეტინგული დანახარჯები 2021 წელს შემდეგნაირად გამოიყურებოდა: „ბარამბო“: ₾0.5 მილიონი (შემოსავლების 1%); „ტკბილი ქვეყანა“: ₾3.4 მილიონი (შემოსავლების 11%); „სანდომი": ₾2.0 მილიონი (შემოსავლების 9%)“, - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.