უმსხვილესი პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ „იფქლს“  ₾62 მილიონიანი ბრუნვა აქვს და მეორე მოთამაშეს „იფქლი დიღომს“ 40%-ით აღემატება (₾44 მილიონიანი ბრუნვა). ამის შესახებ საუბარია ფინპოსტის კვლევაში, რომელიც საქართველოში 3 უმსხვილესი პურის მწარმოებელი კომპანიის ფინანსურ მონაცემებს ეხება.

როგორც კვლევაშია ნათქვამი მესამე პოზიციაზე ლიტვური საცხობია  ₾10 მილიონიანი ბრუნვით და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უმსხვილეს მწარმოებლებს.

იფქლი  და იფქლი დიღომი შედარებით დაბალშემოსავლიან მომხმარებლებზე ფოკუსირებული საწარმოებია, რომელთა პროდუქტის ფასებიც უფრო დაბალია, ვიდრე კონკურენტების უმეტესობის. ლიტვური საცხობი კი შედარებით მაღალფასიან პროდუქციას ყიდის და პოზიციონირებს როგორც უფრო ჯანსაღი პურის მწარმოებელი კომპანია.

სამივე კომპანიის შემთხვევაში შემოსავლების 31%-ზე მეტი წლიური ზრდა დაფიქსირდა 2021 წელს, რაც გამოწვეულია როგორც ინფლაციის ფონზე ფასების ზრდით, ასევე დისტრიბუციის გაფართოებით და გაყიდვების რაოდენობის ზრდით.

კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) 32%-37%-ის ფარგლებში მერყეობს. თუ ორ უმსხვილეს მოთამაშეს საერთო მოგების მარჟის შემცირების ტენდენცია ჰქონდა 2018-2021 წლებში, ლიტვურმა საცხობმა მარჟა 27%-დან 37%-მდე გაზარდა იმავე პერიოდში.

ლიტვური საცხობის საერთო მოგების მარჟის მკვეთრი ზრდა მოხდა 2020 წელს, როდესაც კომპანიამ 10 პროცენტული ფუნქტით გაზარდა მარჟა და შემოსავლების 31%-იან ზრდასაც მიაღწია კოვიდის პირველ წელს. შედარებისთვის, „იფქლის“და „იფქლი დიღომის“ შემოსავლების ზრდამ იმავე წელს 8% და 4% შეადგინა, შესაბამისად.

საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 25%-დან 28%-მდეა იფქლისა და იფქლი დიღომის შემთხვევაში. ამ ხარჯების 40%-ზე მეტი დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მოდის, დანარჩენი კი სხვა ადმინისტრაციულ და მარკეტინგულ დანახარჯებზე.

2021 წელს იფქლმა და იფქლი დიღომმა მარკეტინგულ აქტივობებში ₾2.6 მილიონი და ₾2.3 მილიონი დახარჯეს.

ლიტვური საცხობის შემთხვევაში საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში მხოლოდ 19%-ია. „ლიტვურ საცხობს“ კონკურენტებთან შედარებით მაღალი ლევერიჯი აქვს და  პროპორციულად მაღალ სესხზე უწევს მომსახურება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასურველ მომგებიანობას მიაღწიოს და ამავდროულად დივიდენდის გაცემა შეძლოს, კომპანიას არ აქვს საშუალება მეტი დახარჯოს მარკეტინგულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.

საბრუნავი კაპიტალის მართვის კუთხით ყველაზე ეფექტური იფქლია, რომლის Cash Conversion Cycle (ფულის დაბრუნების პერიოდი) შეადგენს 29 დღეს. ლიტვური საცხობის იგივე მაჩვენებელი კი 61 დღეს შეადგენს. ძირითადი მიზეზი მარაგების მართვაში სხვაობაა. მარაგების შევსებიდან მის გაყიდვამდე "იფქლის" საშუალოდ 18 დღე სჭირდება, „ლიტვურ საცხობს“ კი 32 დღე.

კაპიტალურ დანახარჯებს თუ შევხედავთ, იფქლმა და იფქლი დიღომმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადეს საწარმოს გაფართოება და განვითარებისთვის 2021 წელს.

კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

- იფქლი: ₾6.3 მილიონი

- იფქლი დიღომი: ₾2.9 მილიონი

- ლიტვური საცხობი: ₾1.4 მილიონი

კომპანიების ძირითადი გამოწვევაა ნედლეულის ფასები და დამოკიდებულება იმპორტირებულ საქონელზე. ასევე საგრძნობლად იზრდება პურფუნთუშეულის ბაზარზე კონკურენცია როგორც ცალკეული მწარმოებლებისგან, ასევე საცალო ქსელების მხრიდან, რომლებიც საკუთარი წარმოების პურ-ფუნთუშეულს სთავაზობენ მომხმარებლებს.

კომპანიების მფლობელები არიან

შპს „იფქლი“

- შაქრო ბაკურაძე: 40%,  ვასილ ბაკურაძე: 30%, - ბაქარ ბაკურაძე: 30%

შპს „იფქლი დიღომი“
- ნისან იოსებაშვილი: 70%,  დანიელ იოსებაშვილი: 30%,

შპს "ლიტვური საცხობი +"

- თინათინ ხუციშვილი: 100%